*** ყველას, ყველას, ყველას... ქალბატონებო და ბატონებოოო, 12 საათის მონაცემებით ჰაერის ტემპერატურა უკვე 15 გრადუს აღწევს . დიახ , დიახ, დიახ, თქვენ სწორდაც რომ ყველაფერი ზუსტად გაიგეთ, 15 გრადუსი. არც -5 არც -15 , არამედ 15 გრადუსი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სიცოცხლე ისევ ქუხს და ჩვენ კვლავ შეგვიძლია გავაგრძელოთ არსებობა? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სულგრძელები და სიყვარულით აღსავსენი? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ კვლავ შეგვიძლია ვაკეთოთ სიკეთე და კვლავ დავუდგეთ ერთმანეთს მხარში? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ...
-- კლაუს! გთხოვ დაასრულე ეს სისულელე
-- რატომ მამა?
-- იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე ერთსა და იმავეს იმეორებ კლაუს
-- მამა შენ ხო მასწავლიდი, რომ იმედი არასდროს უნდა დაკარგოო. ხომ მეუბნებოდი ეს ყველაფერი დროებითიაო, რომ მალე ისევ შევძლებთ ცაში აწევას, იქედან მოწყვეტით დაშვებას და თავისუფლებით ტკბობასო , ხომ მეუბნებოდი მთავარია...
-- კლაუუუს!
-- ხო მამა
-- გთხოვ სელენჯერებისგან კიდევ ერთი დაფნის ფურცელი წამოიღე
-- ისევ აგტკივდა მამა?
-- არა კლაუს, ხვალ დილით ისევ სამხრეთისკენ უნდა ავიღო გეზი. თუ კი სელენჯერები შოულობენ საკვებს იქ, ესე იგი მეც ვიშოვი
-- მამა სელენჯერები ხომ მთის მერცხლებ...
-- კლაუს!!! ქუდი დაიხურე, კაშნე გაიკეთე,ფრთებთათმანები აუცილებლად და უთხარი მისტერ სელენჯერს, რომ კვირის ბოლოს ერთიანად დაუბრუნებ ყველაფერს.
-- მამააა
-- რა კლაუსს?
-- მამა თუ სელენჯერებს არ ექნებათ დაფნის ფოთოლი, იმ დღეს ყური მოვკარი რომ მისტერ ბორისს აქვს გარკვეული მარაგი სახლშიო
-- არავითარ შემთხვევაში კლაუს. სულ, რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს მისგან ნამდვილად ვერაფერს დავივალებ. გთხოვ, უბრალოდ მამა-შვილურად დამიჯერო, რომ არის რაღაცეები, რასაც ჩვენ, დიდები პრინციპებს ვეძახით და ხანდახან ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია უარი ვთქვათ, იმ დაფნის ფურცელზეც კი, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ ამ საშინელ ტკივილს აუცილებლად შემიმსუბუქებდა
--ესე იგი პრინციპები არაა? კარგი მამა. დავიმახსოვრებ და კუკუშკინებთან არ მივალ თუ ეს პრინციპების ამბავია
-- არა, კლაუს მე იმას კი არ ვამბობ, რო პრინციპები ისეთი რამ არის რის გამოც მისტერ ბორის კუკუშკინი ცუდი ან ბოროტი კაცია-თქო, უბრალოდ არის რაღაცეები, რის გამოც სანამ ბორისი ბოდიშს არ მომიხდის, მე როგორც თავმოყვარე პიროვნებას ვერ წარმომიდგენია მასთან კომუნიკაცია
-- ესე იგი ბოდიშის გამო ხდება მთელი ეს ამბავი ამდენი წელია? კარგი მამა. გავიგე. პრობლემა არ არის . მამა შეიძლება ფრთებთათმანების გარეშე მივფრინდე სელენჯერებთან? მათი სახლი ხომ სულ რაღაც 2 იარდშია.
-- კლაუს გინდა შენც ჩემს დღეში ჩავარდე?
-- მამა, დედა ხანდახან ხომ მაძლევდა უფლებას...
-- კლაუს! ის დიდი ხანია აღარ არის ჩვენთან ერთად!!! მორჩი ამ თავის შეცოდების სცენების დადგმას და დედაშენის 4 წლის წინანდელი ნებართვებით მანიპულირებას. იქნებ გაიგო როგორმე, რომ მაშინდელი ჰაერის ტემპერატურა და ახლანდელი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც... როგორც... კენკრა და კოღო
-- კარგი მამა... მამააა
-- რა კლაუს?
-- მე კენკრასაც ძაან გემრიელად მივირთმევ ხოლმე
-- ხოდა მიდი ეხლა, გაინავარდე ჩემო ყოჩაღო ბიჭო, 10 წუთში სახლში უნდა გხედავდე იცოდე.
-- მამაა
-- რა კლაუს
-- მამა სელენჯერებმა თუ უარით გამომისტუმრეს და დაფნის ფურცელი თუ ვერ ვიშოვეთ, ხვალისთვისაც მშივრები დავრჩებით, ეგრე გამოდის?
-- ... ... ... ... ... სელენჯერებს თუ არ ექნათ, კუკუშკინებთანაც შეგიძლია მიფრინდე
-- კარგი მამა
-- კლაუს!
-- რა მამა?
-- მისტერ ბორისს არ უთხრა რომ მასთან მიფრენის ნებართვა მოგეცი.
-- მამა ანუ მოვატყუო?
-- არა კლაუს, ეს ტყუილი არ არის! უფრო სწორად ტყუილია, მაგრამ ასეთი ტყუილები შეიძლება ვთქვათ ხოლმე, რო გაიზრდები ალბათ შენც მოგიწევს, ასე რომ ძალიან გთხოვ ერთი პატარა ტყუილის გამო მთლიან მსოფლხედველობას ნუ შეიცვლი ამ გაჭირების ჟამს, კარგი?
-- რას ქვია პატარა ტყუილის მამა ?
-- ... ... ... ... ... მართალი ხარ კლაუს, ჩემო ბიჭო. მამაშენი ამ ტკივილმა უკვე ისეთ ჭკუაზე დააყენო, რომ რაღაცეების ბოდვა დაიწყო. დაივიწყე რაც გითხარი . დიდი და პატარა ტყუილები არ არსებობს. იმედი მაქვს მისტერ ბორისი ამ თემას საერთოდაც არ შეეხება და საერთოდაც ინტუიცია მკარნახობს, რომ ამჯერადაც სელენჯერები დაგვეხმარებიან