- მოგესალმებით ბატონო, თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება?
- კვატამონ ჯეირანი ბატონო .
- აბა გისმენთ, რასთან დაკავშირებით გადაწყვიტეთ ბატონო კვატამონ ბატონი კეისირ ტოტელის შეწუხება ?
- როგორ ბატონო , მე უკვე ზედიზედ მეხუთე დღეა ყოველ დილას, 6 საათზე, ვიღვიძებ თუ არა აქ მოვდივარ, რიგს პირველი ვიკავებ, 3 საათი ველოდები ბატონი კეისირის გაღვიძებას, რომ შეხვედრაზე შევიდე და კარგი ბატონო მესმის, რომ ჩემი მოკრძალებული სახელი ვერ დაგამახსოვრდათ ამდენი დღის განმავლობაში, მაგრამ მერამდენედ გეუბნებით, რომ ჩემი საქმე სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა და აუცილებლად უნდა შევხვდე კეისირს ბატონო-თქო .
- კეისირს ?
გაკვირვებული, გაბრაზებული სახით გადახედა მის გვერდითმჯდომ, საბუთებში თავჩარგულ თანაშემწეს ყელში ჰალსტუხწაჭერილმა რიშარმა და სათვალის ზემოდან თვალები მიაშტერა სეხნიას .
- მომესმა თუ თქვენც იგივე გაიგონეთ სეხნიავ?
შეკითხვაზე თანაშემწე რიშარმა დაბნევით გამოხედა რიშარს და დაბნევითვე უპასუხა
- უკაცრავად ... მეე ... რამე მკითხეთ? მე ბატონი კეისირის ჩრდილოეთ ტყეების საბუთებს ვაწესრიგებდი , რაშია საქმე ბატონო რიშარ? მე მართლა ვერ გავიგე რაზე საუბრობდით ბატონო რიშარ ...
- თქვენი პოზიცია შემხსენეთ თუ შეიძლება რიშარ?
რიშარმა თავი მორჩილად დახარა და დატუქსულის ხმით ჩაიბურტყუნა - მე თქვენი თანაშემწე გახლავართ ბატონო რიშარ.
- ძალიან კარგია, რომ ეგ მაინც გახსოვთ რიშარ.
- არა იცით, მე უბრალოდ დოკუ...
- არაფერიც არ ვიცი! მოკლედ და ხმის აწევით გააჩერა რიშარმა თანაშემწე .
- მე ვიცი ის, რომ მთავარი მიზეზი რის გამოც თქვენ აქ მუშაობთ არის ის, რომ თქვენ ჩემი სეხნია ბრძანდებით. ჩემი სეხნია და მეტი არაფერი რიშარ . ხომ კარგად გახსოვთ, რომ მე უბრალოდ უარი ვერ ვუთხარი თქვენს მომაკვდავ მამას, რომელიც ჩემი, ღმერთმა უწყის მერამდენე გზის ნათესავი გამოდიოდა, უარი მეთქვა თქვენს დასაქმებაზე.
თავჩახრილი რიშარი იჯდა და საწერ კალამს ხელში ნევიულად ათამაშებდა, როდესაც საუბარში კვლავ ბატონი კვატამონი ჩაერთო მორიდებული ტონით და მოკრძალებით
- უკაცრავად მაგრამ იქნებ გამცეთ პასუხი შევძლებ თუ არა ...
- თქვენ ვერაფერსაც ვერ შეძლებთ! ისევ ხმას აუწია რიშარმა . -საერთოდ ვერაფერს ვერ შეძლებთ ! დიახ! ვერაფერს! როგორ ბედავთ თქვენი სახელის კაცი ასე მოიხსენიებთ ბატონ კეისირს ?! დიახ ! ბატონ კეისირს ... ბატონს ! და არა კეისირს .უბრალოდ კეისირს. სათვალე გაბრაზებით მაგიდაზე მიაგდო რიშარმა. - მიბრძანდით აქედან და ზრდილობას და სიტყვა პასუხს, როცა იმ დონემდე ისწავლით, რომ ბატონ კეისირთან საუბრის ღირსი გახდებით მერე ვილაპარაკოთ თქვენს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეზე . ახლა თავისუფალი ხართ კატამონი ხართ თუ კვატამონი .
კვატამონი თავის ჯოხზე დაყრდნობილი შეჭმუხნული თვალებით ბოლომდე მოთმენით უსმენდა რიშარს, თუმცა თავის სახელის აუგად ხსენებაზე წელში გაიმართა, ჰაერი ისე ღრმად ჩაისუნთქა მთელი გულ-მკერდი წინ ძალოსანივით გამოზნიქა, ჯოხი ხელში ააცურა და ისე მოიმარჯვა, რომ გეგონებოდათ მზად იყო მის წინ ნებისმიერი დაბრკოლება გადაელახა, თუმცა ბატონი რიშარის სამმა სიტყვამ და ხელის მოძრაობამ ბრძოლა1 წამში ურაუნდოდ დაასრულა.
- დაცვა ! მიაბრძანეთ თხუნელა .
ამის თქმა და ბატონი კვატამონის ორივე იღლიაში მასზე დაახლოებით ორჯერ დიდი ხელის წავლება ერთი იყო . კვატამონი ისე მიიყვანეს ოთახიდან გასასვლელ კარამდე , რომ ფეხები ჰაერში საქანელაზე მჯდომი პატარა ბავშვივით უთამაშებდა .
- ახლავე ხელი გამიშვით! ვის უბედავთ თქვე არამზადებო! მე თქვენ განახებთ როგორ უნდა თხუნელების რასის გაწყვეტა თქვე უწიგნურო იდიოტებო . ხელი გამიშვით მეთქი!
ის ის იყო კვატამონი ოთახიდან საბოლოოდ უნდა მოესროლათ, როცა ოთახის მოპირდაპირე მხარეს კარი გაიღო და შემოვარდნილი სინათლე არც თუ ისე ტანადმა მელიამ კეისირ ტოტელიმ დაჩრდილა .
- რა ხმაურია კი მაგრამ ?
ბატონი კეისირის დანახვაზე სასწრაფოდ ყველა ფეხზე წამოიმართა და თავის მოწესრიგება დაიწყო. დაცვას კი უნდოდა სანამ კონკრეტულად იკითხვადა თხუნელაზე კეისირი, მანამდე მოეშორებინათ ოთახიდან იგი, თუმცა კვატამონმა თავისი მოხერხებულობით მათი მკლავებიდან დაძვრომა მოახერხა და ძირს გაიშხლართა მთელი სხეულით. მისი ხელში აყვანის შემდეგ მცდელობას კი კეისირის მკაცრი ნათქვამი მოჰყვა.
- რას სჩადით თქვე მზაკვრებო . ახლავე ხელი გაუშვით !
საჩქაროდ მიირბინა კეისირმა კვატამონთან და წამოდგომაში დაეხმარა .
- ხომ არაფერი დაიშავეთ ბატონო ?
კვატამონი შეშინებული სახით გამოწვდილ ხელს დაეყრდნო, გაკვირვებული მზერით უყურებდა კეისირის უკეთილშობილეს სახეს და გულში იმედის ნაპერწკალგაჩენილი იხსენებდა ყველა იმ საშინელ ისტორიას რაც ამ მელიაზე მანამდე ლეგენდებად ჰქონდა გაგონილი.
- დაშავებით არაფერი დამშავებია ბატონო კეისირო , თუმცაღა არავინ იცის ეს ორი მურა რას დამმართბდნენ თქვენ, რომ არ გამოსულიყავით .
- ოხ, როგორ მრცხვენია , მე გთხოვთ პატიებას ამათ მაგივრად. ძალიან დიდი ბოდიში ბატონო ... ?
- კვატამონი . კვატამონ ჯეირანი ბატონო .
- ოხ რა მშვენიერი სახელია ვერაფერს იტყვი. ეს სახელი თუ მეხსიერება არ მღალატობს ჩრდილოეთის ტყეებიდან უნდა მოდიოდეს არა ბატონო კვატამონ ?
- მართალს ბრძანებთ ჩემო ბატონო. აბსოლუტურად მართალს, თუმცა სწორედაც ,რომ ეგ ჩრდილოეთის ტყეები რის გამოც მე გეახელით .
- რას ბრძანებთ, წამობრძანდით ჩემს კაბინეტში გავაგრძელოთ საუბარი ბატონო კვატამონ . ხელი თავისი კაბინეტისკენ გაიშვირა კეისირმა და მას შემდეგ რაც კვატამონი მისი ოთახისკენ დაიძრა კიდევ ერთხელ მიუბრუნდა მურებს მელია .
- თქვენ ვინ მოგცათ ასე თხუნელებთან მოპყრობის უფლება?
მურებმა უსიტყვოდ, დახრილი თავი და თვალები უმნიშვნელოდ რიშარისკენ მიატრიალეს.
- რიშარ 2 ბლის წვენი შემოგვიტანე თუ შეიძლება მე და ბატონ კვატამონს .
- მე წითელი ბლისა თუ შეიძლება ბატონო რიშარ . ნიშნის მოგებით მიაძახა კვატამონმა რიშარს და კაბინეტში შევიდა .
- დაბრძანდით აბა ბატონო კვატამონ და ყურადღებით გისმენთ .
- ბატონო კეისირ , მოგეხსენებათ ტყე ისეთი რამეა, რომ აქ ყველაფერს თავისი ადგილი და მნიშვნელობა აქვს და ერთი პატარა წვიმის ჭიაყელა, რომ ჭიაყელაა ისიც კი თავის საქმეს აკეთებს და სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენც ამდენი საუკუნეა მოგვაქვს ეს ჩვენი სილამაზე და ამ სილამაზეს ამ ჩვენი ტყის სიყვარულით და გაფრთხილებით თუ ხელი არ შევუწყეთ ჩემგან არ გესწავლებათ რა შედეგებიც შეიძლება დაგვიდგეს .
- აბსოლუტურად გეთანხმებით, ორი აზრი არ არის ამაზე .
- ხოდა ბატონო კეისირ , მე კი აბსოლუტურად მესმის, რომ ხეები რომელსაც თქვენ ჭრით, როგორც თქვენ ამბობთ ჩვენი ტყის მომავლისთვის ჭრით და რომ ეს არის ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ტყის ძირითადი ნაწილი, მაგრამ მიწა, ჩრდილოეთის მიწა, სადაც ჩვენ თხუნელები ვბინადრობთ აგერ უკვე 15 საუკუნეა , იდეალურად არის მორგებული ჩვენს შინაგან სამყაროზე და თუ იმ ტყის ნაწილს მთლიანად გასჩეხთ და გვაიძულებთ რომ სამხრეთში გადმოვსახლდეთ, ჩვენ 1 წელსაც ვეღარ გავძლებთ ამ სამყაროში და ამოვწყდებით მშობელიან-შვილიანად ყველანი . აღარ დავიწყებ იმის ახსნას ვინ ვართ ჩვენ თხუნელები , რა როლი გვაქვს ტყის ცხოვრებაში, რა სარგებლობა მოგვაქვს და რატომ არის ჩვენი არსებობა აუცილებელი იმისთვის, რომ ტყემ გააგრძელოს არსებობა.
საუბარი კვატამონს რიშარის სხარტმა კარის შემოღებამ შეაწყვეტინა,რომელმაც ბლის წვენები მაგიდაზე დაუდგა იქ მყოფებს.
- ბატონო რიშარ
- დიახ ბატონო კეისირ
- შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ ვჩეხავთ ჩრდილოეთის ტყის ხეებს , თუკი თხუნელების არსებობისთვის სამხრეთ ტყის გარე სამყარო არ არის რეკომენდირებული .
- რეკომენდირებული რომ არ იყოს კიდევ არა უშავს ბატონო , ჩვენ უბრალოდ გადავშენდებით და დავიხოცებით მაშინვე
- მითუმეტეს, მითუმეტეს ბატონო კვატამონ . ისევ საეჭვო თვალებით გახედა კეისირმა რიშარს .
რიშარი დაიბნა, ვერ მიხვდა რა რეაქცია ქონოდა ან რა ეთქვა და საბოლოოდ მხრების აჩეჩვით დაიწყო
- ხო მაგრამ ბატონო კეისირ ეს თემა ხომ ჩვენ ბევრგზის გავიარეთ და თქვენ გვითხარით, რომ თხუნელების გასაკეთებელს ტყისთვის ...
- ახლავე ხმა გაკმინდეთ რიშააარ ! ახლავე გაგზავნეთ რაზმი და უბრძანე შეაჩერონ ყველანაირი სამუშაოები და დღეიდან კიდევ ერთხელ თუ გავიგებ ასეთ უზუსტობას თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმციასთან დაკავშირებით რიშარ, თქვენი ფეხით დატოვებთ თქვენს თანამდებობას, გასაგებია? შეგიძლიათ გაბრძანდეთ აქედან . და კიდევ ერთი - ზარალის ანაზღაურების მიზნით ყველა თხუნელების ოჯახს ზამთრის საკვები გადაეცით უფასოდ.
- ხო მაგრამ ზამთარში მათ სძინ...
- გადაეცით მეთქი !!!
- კარგით ბატონო კეისირ. როგორც თქვენ ბრძანებთ . თავი დაუხარა რიშარმა იქ მყოფებს და ოთახიდან გავიდა .
კვატამონის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. აღარ იცოდა რით გადაეხადა მადლობა კეისირისთვი, ხან ხელებზე კოცნა დაუწყო, ხან უამრავ ძღვენს დაპირდა და ბოლოს თავისი სახელის სამემკვიდრეო მედალიონი მოიხსნა გულიდან და ასეთი სიტყვებით მიმართა კეისირს
- ეს მედალიონი, როგორც გადმოცემით ვიცი ჩემი დიდი პაპის დიდი პაპის დიდ პაპას ეკეთა, ჩემი სახელით დაბადებულ შვილისთვის უნდა გადამეცა რამოდენიმე წელიწადში, მაგრამ თქვენზე უკეთეს ვის ვაჩუქებ ბატონო კეისირო, მაგრამ ერთი პირობით. უარი არ მიიღება იცოდეთ ბატონო კეისირო .
- ოჰო დიდი მადლობა , რადგან ასე არ იშლით . ზრდილობიანად მიუგო კეისირმაც .
- მე ბევრ დროს აღარ წაგართმევთ, წავალ თხუნელების დასახლებას მოვახსენებ ამ ამბავს, რომ მალე დაიწყონ თქვენი დიდება ბატონო . უჩუმრად კარი გაიხურა კვატამონმა .
- რიშააააააარ ! რიშაააააააარ !
- დიახ ბატონო კეისირ. წამიერად კაბინეტში გაჩნდა რიშარი.
- რიშარ ჩრდილოეთის ტყეს როცა გასჩეხთ ამ მედალიონის ფორმა მიეცით რიშარ .
5 წლის შემდეგ
- შეიძლება შემოვიდე ბატონო კეისირ?
- მხოლოდ კარგ ამბებს მოვისმენ წინასწარ გაფრთხილბთ რიშარ.
- ვიპოვნეთ თხუნელების 5 ოჯახი რომელიც თანახმა არიან ჩვენი ტყის პირობებში გადმოსახლებაზე, რადგან კვლევებმა აჩვენეს, რომ თხუნელების ეს კონკრეტული ჯიში შეგუებადია ჩვენი სამხრეთის ტყის ლანშაფტს.
კეისირს თვალები სიხარულით აევსო და მაშინვე მოუბრუნდა რიშარს .
- ანუ გამოდის, რომ შეიძლება გადავრჩეთ და ცხოველთა ეს ბუნტიც სამუდამოდ ჩავახშოთ არა რიშარ?
- მათ ერთი პირობა აქვთ ბატონო კეისირ?
- პირობა? რა პირობა? უთხარით, რომ მე ყველაფერზე თანახმა ვარ, აბსოლუტურად ყველაფერზე.
- ისინი იზიარებენ სხვა ცხოველების აზარს და შესაბამისად მათ უნდათ, რომ თქვენ ამ ტყიდან წახვიდეთ ბატონო.
კეისირი შეცბა. - მე უნდა წავიდე?
- დიახ ბატონო კეისირ . როგორც იცით ცხოველებს უკვე ყავთ ახალი ლიდერი და ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ცხოველთა ბოლო მოთხოვნით თქვენ ისედაც უნდა დატოვოთ ტყე, თორემ თქვენ ნიანგების ლუკმად გაქცევენ ბატონო .
კეისირი მცირედით ჩაფიქრდა , კიდევ ერთხელ გადახედა ფანჯარაში მის წინ აღმართულ ტყის საოცარ ხედს, ისევ ამაყად შეისწორა ჰალსტუხი და უიმედოდ იკითხა ბოლოს
- თქვენ ჩემთან ერთად მოდიხართ რიშარ?
- არა ბატონო კეისირ, მე უკვე მოველაპარაკე ახალ ლიდერს და ის თანამდებობას შემინარჩუნებს .
კიდევ 5 წლის შემდეგ
მოგესალმებით ბატონო, თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება?