მკვდრები სულ თავიდან კარლო სადღაც დაიკარგა. მერე კი, რამდენიმე დღის შემდეგ, პირველი, რაც აბაზანიდან გამოსულმა მაკამ თავის ქმარს ჰკითხა, დაახლოებით ასე ჟღერდა: „კარლოზე რამე ახალი ხომ არ გსმენია?“, რაზეც დათომ ასეთი შინაარსის პასუხი გასცა: „ამ დილაუთენია რა უნდა გამეგო, ის კი არ ვარ“.
მაკამ მხრები აიჩეჩა, თითქოს ამით თქვა, მე ჩემი ვალი მოვიხადე, გკითხე და აწი თავში ქვა გიხლიათ შენ და შენს გამოტვინებულ მამასო.
– მანქანა თუ გაკეთდება? – ეს იყო მეორე, რაც იმ დილით იკითხა მაკამ.
დათომ თავი დაუკრა და მორჩა. დიალოგი, თუკი ამასაც დიალოგი ჰქვია, დასრულდა. საღამომდე აღარაფერს ეტყოდნენ ერთმანეთს. ხვალ დილითაც იგივე იქნებოდა ალბათ და ზეგ დილითაც, მაზეგაც და იმისზეგაც, რადგან გუშინ და გუშინწინ და იმისწინაც ასე იყო. მოკლედ, სულ ასე გაგრძელდებოდა, თუკი მაკა იტალიაში ან, უკეთეს შემთხვევაში, ისრაელში არ წავიდოდა.
დათო უბან-უბან დატაქსაობდა, მაკა სამგლოვიარო სუფრებში მზარეულობდა, ხოლო საბა, მათი ათიოდე წლის ვაჟი, სკოლაში – იქნებ ცუდად ჟღერდეს, მაგრამ კი არ დადიოდა – „დაკატაობდა“ და აღმა-დაღმა, უთავბოლოდ დატასაობდა. მათთვის მომავალი, და არა მხოლოდ მომავალი, წარსულიც კი არ არსებობდა. იყო მხოლოდ დღეს, აქ და ახლა. სადღაც გაიჭედნენ. არსებობისთვის ბრძოლის რომელიღაც მონაკვეთში. დაწყევლილ სამკუთხედში აღმოჩნდნენ და ჩარჩნენ. ცხოვრობდნენ, რათა ემუშავათ. მუშაობდნენ, რათა ბანკის ვალები ეფარათ. ბანკის ვალებს ფარავდნენ, რათა ეცხოვრათ. ტანსაცმელს ვერ ყიდულობდნენ. ვერსად დადიოდნენ. საბა კინოშიც არ იყო ნამყოფი, თეატრში და მუზეუმში კი არა. ვერც ინგლისურში ემზადებოდა, არც ფეხბურთზე დადიოდა, „მაკდონალდსშიც“ მხოლოდ ერთხელ შევიდა, ისიც კლასელს გაჰყვა, უბრალოდ, დასათვალიერებლად. ერთი სიტყვით, ჯულაყიძეების ოჯახი ისევე ცხოვრობდა, როგორც აფრასიძეებისა ცხოვრობდა გვერდით უბანში, ან როგორც შენგელიებისა და დიასამიძეების – უკანა კორპუსში. საერთოდ, ისინი ისე ცხოვრობდნენ, როგორც მოსახლეობის თითქმის ასი პროცენტი.
ამიტომაც იყო, რომ მაკამ ერთხელ თქვა: „მილანში წავალ“. ამაზე დათომ სახე აიმრიზა და თავი გაიქნია. „ისრაელში უფრო მინდა, იქნებ გამომივიდეს და შემიშვან. იტალიას ჯობია. ისრაელში სამი ათასი დოლარი მექნება ხელფასი. მილანში რვაასი ევროა და არ მინდა“, – ისე ამბობდა, თითქოს სადმე წამსვლელი ყოფილიყო, მაგრამ მაინც უნდა ეთქვა. რომ არ ეთქვა, თავისი უსუსურობა ყელში სწვდებოდა და დაახრჩობდა, ხოლო როდესაც ამას ამბობდა, მომავალი და მომავლის არსებობის იმედი ჭიატებდა საიდანღაც, ასე ვთქვათ, წარმოსახვითი კედლის ღრიჭოდან. „არა, მართლა უნდა წავიდე“, – იმეორებდა და იმეორებდა მაკა დილა-საღამოს, თითქოს მისი ქმარი ხე იყო და შეძახილი გაახმობდა. არადა, მართლა უნდა წასულიყო, კი; სხვაგვარად, ასე, მაჩანჩალობით, ყოველდღიური საჭმლის ფულის შოვნით ფონს ვერ გავიდოდნენ. ან როგორ გინდოდა გადასულიყვნენ? სად უნდა გადასულიყვნენ, რომელ მდინარეზე მაკას მიერ კვირაში ერთხელ ან ორჯერ, იშვიათ შემთხვევაში კვირაში სამჯერ გამომუშავებული ოცი ლარით? დილის ექვს საათზე ამდგარი შვიდზე სახლიდან გადიოდა და უკან საღამოს ათზე ბრუნდებოდა. ზელდა ცომს და ათას უბედურებას და შინ ოცი ლარიც ვერ მოჰქონდა, რადგან მგზავრობაც ფული ღირდა, ისევე, როგორც ფონზე გადასვლა. ხოლო დათო... მოკლედ, დათომ ავტომობილის ტარება ძალიან კარგად იცოდა, სხვა ავტომობილებს შორის მრბოლელივით დაძვრებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა და მიუხედავად ყველაფრისა, დღეში ოც ლარსაც ვერ აკეთებდა. თან ქალაქის მერიამ რეგულაციები რეგულაციებზე დააცხო და დათოს შეჭირვებული ცხოვრება უარესად არია. რეგულაციები ალბათ კარგია, სწორიცააო, – ამას დათოც ხვდებოდა, – თუმცა ცუდ დროსა და ცუდ ადგილას წამოიწყეს დასავლური სტანდარტების დანერგვაო. დათო რეფორმებისთვის მზად არ აღმოჩნდა. არც დათო და არც მისი ოცდახუთი წლის ავტომანქანა. ისეთი მოხუცი იყო მისი ავტომობილი, რომ კარლოსი არ იყოს, მასაც ალცჰაიმერი სტანჯავდა. ხანდახან ავიწყდებოდა, ტრანსპორტი რომ იყო და მგზავრები ა პუნქტიდან ბ პუნქტში გადაეყვანა. ფუჭდებოდა გზადაგზა, ხშირზე ხშირად მწყობრიდან გამოდიოდა და ქუჩაში ტოვებდა დათოსაც და მის მგზავრებსაც. იმ ფულს, რასაც ნაკუწ-ნაკუწ აკოწიწებდა, უბნიდან მეტრომდე, მეტროდან უბნამდე, კვირის ბოლოს ავტომობილსვე ახარჯავდა. კვირა არ მიილეოდა ისე, რომ რაღაც არ გაფუჭებოდა. ერთი სიტყვით, ცოლ-ქმრის ნაბიჯების ტემპი ცხოვრების რიტმს ბევრად ჩამორჩებოდა. ცხოვრება მიჰქროდა, გაზაფხულის მდინარესავით სწრაფად და ღრიალით, ხოლო ესენი, მთიდან წამოღებული ხეებივით, ლოდებს შორის ეჩხირებოდნენ და დაგუბებულ წყალში რჩებოდნენ. საბა, მათი მოსწავლე შვილიც, ლოდებს შორის გაეჩხირებოდა ალბათ და მზისგან გამოშრებოდა. შესაბამისად, ისიც ისევე იტივტივებდა დამყაყებულ წყალზე, როგორც მისი დედა და მამა დატივტივებს დაბადების დღიდან დღემდე. ასე რომ, მაკას უნდა მოენდომებინა და გაქცეულიყო.