ეროსი და თანატოსი,
როგორც მოკავშირეები „გრინსტაიდლი“ – მიხაელერპლაცზე მდებარე ეს მყუდრო კაფე მე-19 საუკუნის მიწურულს ვენის ლიტერატურული ცხოვრების თავისებურ ცენტრად იყო ქცეული. აქ იკრიბებოდნენ ავსტრიული მწერლობის საუკეთესო, მეტწილად ახალგაზრდა წარმომადგენლები, ისინი, ვისაც საერთო ჰქონდა არა მარტო ასაკი და ინტერესთა წრე, არამედ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ: დამოკიდებულება ცხოვრების, სამყაროს მიმართ. მაგრამ იმისთვის რომ „გრინსტაიდლის“ მუდმივ სტუმართა ლიტერატურულ თუ ცხოვრებისეულ კონცეფციებზე საუბარი შევძლოთ, აუცილებელია თუნდაც გაკვრით ვახსენოთ ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება, რომელშიც მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ავსტრიული ლიტერატურა ყალიბდებოდა.
ეს გახლდათ ჰაბსბურგთა ერთ დროს მძლავრი იმპერიის ნგრევის ხანა. სულს ღაფავდა ავსტრია-უნგრეთის მრავალწლიანი მონარქია; გაცვდა და მოიშალა აშკარად დრომოჭმული სახელმწიფო მანქანის მექანიზმი. საყოველთაო რღვევისა და დაკნინების ატმოსფეროს, მოახლოებული კატასტროფის წინათგრძნობას, ცხადია, არ შეიძლებოდა, ღრმა დაღი არ დაემჩნია ავსტრიელთა სულიერ მდგომარეობაზე, მათს ყოველდღიურ არსებობასა და აქედან გამომდინარე – მთელ ავსტრიულ ხელოვნებაზეც.
არამდგრადობისა და არასტაბილურობის განცდა, პიროვნების სულიერი გაორება, გაუცხოება, ადამიანის მიერ საკუთარი „მე“-ს დაკარგვა – ყოველივე ეს კიდევ უფრო ამწვავებდა ისედაც მწვავე სოციალურ თუ კულტურულ კონფლიქტებს, აღვივებდა ადამიანში ჩაბუდებულ დეკადენტურ განწყობილებებს. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ ვითარებაში ხელოვნებამ, კერძოდ კი, ლიტერატურამ, მზერა ადამიანის შინაგან სამყაროს მიაპყრო. სწორედ ადამიანი, მისი შენიღბული ლტოლვები და მისწრაფებები იქცა ზედმიწევნითი ფსიქოლოგიური ანალიზის საგნად. მწერლობაში აშკარად გამოიკვეთა მიდრეკილება ნატიფი ესთეტიზმის, ნიუანსირებისა და დეტალიზაციისკენ. თანდათან ფეხი მოიკიდა სტილმა, რომელშიც გარდაუვალი კატასტროფის წინათგრძნობა მოხდენილად იყო შენიღბული მეტად თავისებური მსუბუქი ორნამენტით, ფორმების სიფაქიზითა და ჰაეროვნებით, ფრაზებისა და გამოთქმების უზადო, სკრუპულოზური დამუშავებით. ავსტრიული ლიტერატურის ერთი მკვლევრის თქმით (იური არხიპოვი), ეს იყო სტილი, რომელშიც ფერები და ხაზები დომინირებდნენ სიტუაციებსა და სიუჟეტზე.
აი, სწორედ ამგვარ სამწერლო მეთოდს მიმართავდნენ კაფე „გრინსტაიდლის“ ლიტერატურული ბოჰემის წარმომადგენლები. თუმცა, ალბათ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეთოდი სულ მალე სამწერლო მიმდინარეობად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მას „ვენური მოდერნიზმი“ ან, სხვაგვარად, „ახალგაზრდა ვენა“ ეწოდა, მოგვიანებით კი ეს ლიტერატურული მიმართულება თეორეტიკოსებმა „იმპრესიონიზმად“ მონათლეს. თვით ამ სამწერლო სკოლის სახელწოდებიდანაც ჩანს (იმპრესსიონ ფრანგული სიტყვაა და „შთაბეჭდილებას“ ნიშნავს), რომ მასში გაერთიანებული ხელოვანები მიზნად ისახავდნენ პირადული, წამიერი განწყობილებებისა თუ შთაბეჭდილებების ასახვას, სუბიექტურად დანახული საგნის, მოვლენის, ან უკეთ, მომენტის მხატვრულად დაფიქსირებას.
მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე არსებული ათობით ლიტერატურული მიმდინარეობისა თუ სკოლისგან განსხვავებით, იმპრესიონისტებს არ ჰქონიათ რაიმე მკაცრად შემუშავებული პროგრამა ან მანიფესტი. გარკვეულწილად პროგრამის მაგივრობა გასწია ვენის ჯგუფის ერთ-ერთი სულისჩამდგმელისა და თავკაცის, ჰერმან ბარის ნაშრომმა „ნატურალიზმის დაძლევა“, რომელშიც ავტორმა სცადა თეორიულად დაესაბუთებინა იმპრესიონისტთა სამწერლო შეხედულებანი. ბარი ფიქრობდა, რომ ახალი ხელოვნება ვენელთა ხასიათსა და სულიერ წყობას შეესაბამება – მათს უდარდელობასა და ფაქიზ მგრძნობელობას, მიდრეკილებას მჭვრეტელობისადმი, გემოვნებასა და „სულიერ არისტოკრატიზმს“, დაბოლოს, მათს სპეციფიკურ უნარს, მთლიანად მინდობოდნენ წამიერებას და ამ წამიერი განცდით ეცხოვრათ.
ვენელები, ეტყობა, მართლაც არ იყვნენ მოკლებული ამ უნარს. ერთი მხრივ – მოახლოებული აღსასრულის წინათგრძნობა, მეორე მხრივ – მოღიმარი, ცეკვა-თამაშსა და სიმღერას უდარდელად აყოლილი ქალაქი, რომლის ქუჩებშიც, სალონებსა თუ კაფე-შანტანებში განუწყვეტლივ ჟღერს შტრაუსის, ლეჰარის, ჰოიბერგერის, კალმანისა და ოპერეტის სხვა დიდოსტატთა მხიარული მელოდიები. ასეთი იყო იმდროინდელი ვენა, რომელსაც ჰერმან ბროხმა „ფასეულობათა ევროპული ვაკუუმის ცენტრი“ უწოდა. ამგვარი შეფასება მწერლობასთან მიმართებაში, ვფიქრობ, არ უნდა იყოს მთლად მართებული და აი, რატომ: სწორედ მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დამდეგს დაიწყო ავსტრიული ლიტერატურის მეტად სწრაფი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხანგრძლივი აღზევება; სწორედ ამ დროს მოღვაწეობდნენ (ან მოღვაწეობას იწყებდნენ) ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი და არტურ შნიცლერი, პეტერ ალტენბერგი და რიხარდ ბეერ-ჰოფმანი, გუსტავ მაირინკი და რაინერ მარია რილკე, რობერტ მუზილი და ფრანც კაფკა... ეს კი ის მწერლები გახლავთ, რომლებმაც ავსტრიულ ლიტერატურას თავიანთ წინამორბედებთან შედარებით (გრილპარცერი, შტიფტერი, ნესტროი, რაიმუნდი და სხვ.) კიდევ უფრო ფართოდ გაუთქვეს სახელი და საბოლოოდ გაფანტეს ყოველგვარი ეჭვი თვით ტერმინის – „ავსტრიული ლიტერატურა“ – მართებულობის თაობაზე.
ჩამოთვლილ მწერალთა დიდი ნაწილი „ახალგაზრდა ვენის“ ჯგუფში შედიოდა, ანუ „იმპრესიონისტულად“ წერის მიდრეკილებას ამჟღავნებდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო, ორიგინალური და თვითმყოფადი ფიგურაა არტურ შნიცლერი (1862-1931), შეძლებული ექიმის ვაჟი და განათლებით თავადაც ექიმი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იშვიათი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამედიცინო პრაქტიკასა და სამწერლო მოღვაწეობას. თუმცა ხელოვნებისადმი, კერძოდ ლიტერატურისადმი მიდრეკილებას შნიცლერი ადრეულ ასაკშივე ავლენდა და ათი წლისაც არ იყო, როცა პირველი დრამების დაწერა სცადა. ლიტერატურით