ლეიტენანტი გუსტლი ნეტავ რამდენ ხანს გაგრძელდება კიდევ ეს ოხერი? ერთი, საათს შევხედო... თუმცა, ალბათ, უხერხულია ასეთ სერიოზულ კონცერტზე. ჯანდაბას, მაინც ვერავინ შეამჩნევს. ვინც შეამჩნევს, ისიც ჩემნაირი მსმენელი თუ იქნება, ასეთებისა კი რატომ უნდა მომერიდოს... როგორ, ნუთუ მხოლოდ ათის თხუთმეტი წუთია?.. მეგონა, სამი საათი მაინც იქნება, რაც ამ კონცერტზე ვზივარ-მეთქი. ეტყობა, მიუჩვევლობის ბრალია... ნეტავ რას უკრავენ? მოდი, ერთი, პროგრამას ჩავხედავ... ესეც ასე: რაო, ორატორიაო? მე კი მეგონა, მესა იყო. ასეთ რამეებს ეკლესიაში უნდა უკრავდნენ. ეკლესია იმით არის კარგი, რომ იქიდან როცა გინდა, მაშინ გამოხვალ. – განაპირა ადგილი მაინც შემხვედროდა! – რას ვიზამ, მოთმინება უნდა მოვიკრიბო, ადრე თუ გვიან ორატორიებიც მთავრდება! იქნებ ძალიანაც კარგი რამეა ეს ორატორია და საქმე ისაა, რომ მე არ ვარ გუნებაზე? ან კი კარგ გუნებაზე რატომ უნდა ვიყო? აქაც ხომ მხოლოდ იმისთვის მოვედი, რომ მძიმე ფიქრები გამექარვებინა... ჯობდა ბენედეკისთვის მიმეცა ბილეთი, იმას მოსწონს ასეთი რამეები: ვიოლინოსაც უკრავს. მაგრამ მაშინ კოპეცკის ეწყინებოდა, მას ხომ მხოლოდ კარგი უნდოდა ჩემთვის. საერთოდ, კარგი ბიჭია ეს კოპეცკი! ერთადერთი, ვისაც ენდობი კაცი... გუნდში მისი დაც მღერის. სულ ცოტა, ასი მანდილოსანი მაინც იქნება. თანაც, ყველა შავებშია გამოწყობილი: მიდი და სცადე იმ გოგოს პოვნა. კოპეცკისაც მარტო იმიტომ ჰქონდა ბილეთი, რომ მისი და მღერის აქ... კი მაგრამ, თვითონ რატომ არ წამოვიდა? – ისე, არა უშავს მღერიან. ამაღელვებელიც კია – ნამდვილად ასეა! ბრავო! ბრავო! – მოდი, ერთი, მეც დავუკრავ ტაშს. ამ ჩემმა მეზობელმა ლამის ხელისგულები გადაიტყავოს. ნუთუ მართლა ასე მოეწონა? – ის გოგო, ლოჟაში რომ ზის, ძალიან ლამაზია. ნეტავ, მე მიყურებს თუ იმ ქერაწვერიან კაცს?.. ა, სოლო! ეს ვინ არის? ალტი: ფროილაინ უოკერი.(ედით უოკერი (1867-1950) – ამერიკელი მომღერალი, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცის დასაწყისში ვენის ოპერის თეატრში მოღვაწეობდა (აქ და შემდგომ – მთარგმნელის შენიშვნები)) სოპრანო: ფროილაინ მიხალეკი. (მარგარეტე მიხალეკი (1875-1944) – ავსტრიელი მომღერალი, ვენის ოპერის თეატრის სოლისტი) სოპრანო, ალბათ, ეს იქნება... დიდი ხანია, ოპერაში აღარ ვყოფილვარ. ოპერაში მუდამ ვერთობი. მოსაწყენი როცაა, მაშინაც. ისე, ზეგ შეიძლება წავიდეს კაცი „ტრავიატაზე“. თუმცა ზეგ იქნებ აღარც ვიყო ცოცხალი! რა სისულელეს ვამბობ, თვითონაც არ მჯერა! დამაცადეთ, ბატონო იურისტო, მე თქვენ გასწავლით ლაპარაკს! ცხვირ-პირს ამოგინაყავთ!
ხეირიანად მაინც ვხედავდე იმ გოგოს, ლოჟაში რომ ზის! ჩემს მეზობელს სიამოვნებით გამოვართმევდი ბინოკლს. მაგრამ ალბათ ცოცხლად ჩამყლაპავს, ასეთი ნეტარება რომ ჩავამწარო... კოპეცკის და სად დგას? ნეტავ თუ ვიცნობ? სულ ორჯერ თუ სამჯერ მეყოლება ნანახი, უკანასკნელად ოფიცერთა სასადილოში შემხვდა... დავიჯერო, ამ გოგოებიდან ყველა პატიოსანია? ასივე? აუჰ!.. „მომღერალთა გაერთიანების მონაწილეობით!“ მომღერალთა გაერთიანება... უცნაურია! რომ გეკითხა, ვიტყოდი, დაახლოებით იგივეა, რაც ვენის მოცეკვავე და მომღერალ გოგონათა ანსამბლი-მეთქი. არა, კი ვხვდებოდი, რომ რაღაც სხვა უნდა ყოფილიყო!.. ეჰ, რა ჯობია საამო მოგონებებს! რა კარგი იყო მაშინ, „მწვანე კარიბჭესთან“!.. („მწვანე კარიბჭესთან“ – რესტორანი ვენის უბან იოზეფშტადტში, სადაც ხშირად ეწყობოდა საცეკვაო საღამოები და მეჯლისები) ღმერთო, გამახსენე, რა ერქვა! მერე ღია ბარათიც კი გამომიგზავნა ბელგრადიდან... ესეც ლამაზი ქალაქი ყოფილა! – კოპეცკის რა ენაღვლება. ზის, ალბათ, სადმე დუქანში და აბოლებს თავის „ვირგინიას“!.. („ვირგინია“ – ავსტრიული სიგარების პოპულარული მარკა)
ის კაცი რაღას მომჩერებია? მგონი, შემატყო, რომ მომწყინდა და რომ აქ არაფერ შუაში ვარ... გირჩევთ, ეგ თავხედური გამომეტყველება მოიცილოთ სიფათიდან. თორემ კონცერტის მერე ფოიეში შევხვდებით ერთმანეთს! – როგორც იქნა, მიიხედა!.. რატომ არის, რომ ყველას ასე ეშინია ჩემი შეხედვის?.. შენ ულამაზესი თვალები გაქვს, რაც კი ოდესმე მინახავს! შტეფიმ მითხრა ამას წინათ... ო, შტეფი, შტეფი, შტეფი! – სწორედ შტეფის ბრალია, ახლა აქ რომ ვზივარ და ამდენი ხანია, ვწუწუნებ. – ყელში ამომივიდა მისი გაუთავებელი მიზეზიანობა! არადა, რა კარგად შეიძლებოდა დღევანდელი საღამოს გატარება! ახლაც დიდი სიამოვნებით გადავიკითხავდი შტეფის წერილს, წამოღებულიც მაქვს. მაგრამ საფულის ამოღება რომ დავიწყო, ეს ჩემი მეზობელი ცოცხლად შემჭამს! – ისედაც ვიცი, შიგ რა წერია... ვერ მოვა, ვინაიდან „მასთან“ ერთად ვახშამი უნდა მიირთვას... უჰ, ძალიან კი ვიმხიარულე, ამ ერთი კვირის წინ მებაღეობის მოყვარულთა კლუბში ერთად რომ მოვიდნენ და მე და კოპეცკიც იქ დავხვდით... სულ რაღაცას მანიშნებდა თვალებით. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ „იმან“ ვერაფერი შეამჩნია. მგონი, ებრაელი უნდა იყოს! აბა, ვინ იქნება, ბანკში მუშაობს და