1
იმხანად, როცა პენსიაზე გასული უფროსი ლეიტენანტი ჰუბერტ ფაბიანი ბოლო მივლინების ადგილიდან, ვენის გარნიზონიდან, თავისი პროფესიისა და ბედისწერის მქონეთაგან განსხვავებით, არა გრაცში, არამედ ზალცბურგში გადასახლდა, ტერეზას თექვსმეტი წელი შეუსრულდა. გაზაფხული იდგა. იმ სახლის ფანჯრები, რომელშიც ოჯახმა ბინა იქირავა, სახურავების თავზე გადაჭიმულ ბავარიის მთებს გასცქეროდა; და დღე არ გასულა (რაც საუზმეზევე იწყებოდა), რომ უფროს ლეიტენანტს ცოლ-შვილის წინაშე არ ედიდებინა თავისი განსაკუთრებული იღბალი, რომ მას, ჯერაც მხნე კაცს, ჯერ სამოცისაც რომ არ იყო, სამსახურებრივი მოვალეობებისგან თავდაღწეულს, დიდი ქალაქის ბუღსა და დახუთულობას გაქცეულს – სულო და გულო! – შეეძლო სიყმაწვილის წლებიდან ნანატრი ბუნებით ტკბობისთვის მიეცა თავი. ტერეზას და, ხანდახან, მის სამი წლით უფროს ძმა კარლსაც, სიამოვნებით დაასეირნებდა; დედა შინ რჩებოდა, რომანების კითხვაში უწინდელზე მეტად ჩაკარგული, დიასახლისობით ნაკლებად დაკავებული, რაც ჯერ კიდევ კომორნში, ლემბერგსა და ვენაშიც, ცოტა შემაშფოთებელი იყო, და მალე, კაცმა არ იცის, როგორ, კვირაში ორჯერ ან სამჯერ, ნაშუადღევს, კვლავ ჰყავდა შემოკრებილი ტლიკინა ქალების წრე, ოფიცრებისა და მოხელეების ცოლები თუ ქვრივები, რომლებიც ქალაქის ჭორებით ამარაგებდნენ. უფროსი ლეიტენანტი, თუ შემთხვევით შინ იმყოფებოდა, ამ დროს ყოველთვის თავის ოთახს მიაშურებდა ხოლმე, და ვახშმობისას ხშირად წაკბენდა მეუღლის საზოგადოებას, მეუღლე კი პასუხად ქმრის წარსული გართობების შესახებ გადაკრულ სიტყვას არ აკლებდა. ასეთ დროს ხშირად მომხდარა, რომ ობერლეიტენანტი მდუმარედ ამდგარა და ბინიდან გასულა, რომ გვიან ღამითღა დაბრუნებულიყო, და კიბეზე ყრუ ნაბიჯები ისმოდა. მისი წასვლისთანავე დედა მრავალმნიშვნელოვნად უყვებოდა შვილებს იმედგაცრუებებზე, რომლებსაც ვერცერთი ადამიანი ვერ ასცდებოდა, განსაკუთრებით კი ქალების მოთმინებაზე უყვარდა ლაპარაკი. მაგალითები იმ წიგნებიდანაც მოჰყავდა, რომლებიც ახლახან წაეკითხა, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად აბდაუბდა იყო, რომ გეგონებოდა, სხვადასხვა რომანის შინაარსს ერთმანეთში ურევსო, და ტერეზა ზოგჯერ ვერ ითმენდა და ხუმრობით სწორედ ასეთ ვარაუდს გამოთქვამდა ხოლმე. მაშინ დედა გალანძღავდა, განაწყენებული ვაჟს მიუბრუნდებოდა და მომთმენი და დამჯერი მსმენელობისთვის თმასა და ლოყებზე ეფერებოდა ისე, რომ ვერც ამჩნევდა, ბიჭი შერისხულ დას თვალს ეშმაკურად როგორ უკრავდა. ტერეზა კი კვლავ ხელსაქმეს დაუბრუნდებოდა, ან თავის მუდამ აშლილ პიანინოს მიუჯდებოდა იმის სამეცადინოდ, რაც ლემბერგში ჰქონდა დაწყებული და ახლა ამ საქმეს დიდ ქალაქში, ფორტეპიანოს დაბალანაზღაურებიანი მასწავლებლის დარიგებით აგრძელებდა.
მამასთან ერთად სეირნობები, ჯერ კიდევ შემოდგომის დადგომამდე, არცთუ მოულოდნელად დასრულდა. ბოლო დროს ტერეზა ამჩნევდა, რომ მამა, სინამდვილეში, მხოლოდ იმის გამო განაგრძობდა სეირნობას, რომ საკუთარი თავისა და თავისვე წადილისთვის არ ეღალატა. თითქმის უსიტყვოდ, ყოველ შემთხვევაში, აღტაცების შეძახილების გარეშე, რომლებსაც უწინ ბავშვებიც უნდა აჰყოლოდნენ, მიუყვებოდნენ არჩეულ გზას, და მხოლოდ შინ, მეუღლის დასანახად, უფროსი ლეიტენანტი ცდილობდა (თითქოს კითხვობანას ეთამაშებაო), ბავშვებში ახლახან დასრულებული სეირნობის ცალკეული მომენტების გამო დაგვიანებული აღტაცება გამოეწვია. მაგრამ მალე ესეც დასრულდა; ტურისტის სამოსი, რომელიც უფროს ლეიტენანტს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, ყოველდღიურად ეცვა, კარადაში შეიკიდა, და მისი ადგილი მუქმა საგარეო კოსტიუმმა დაიკავა.
თუმცა ერთ დილას, საუზმეზე, ფაბიანი უცებ ისევ სამხედრო ფორმით გამოცხადდა, თანაც ისეთი მკაცრი და გულგრილი მზერით, რომ ასეთი მოულოდნელი ცვლილების გამო დედამაც კი თავი შეიკავა შენიშვნისგან. რამდენიმე დღის თავზე უფროსი ლეიტენანტის მისამართზე წიგნების ამანათი ჩამოვიდა, მას ლაიფციგიდან გამოგზავნილიც მოჰყვა, იყო გზავნილი ზალცბურგელი ანტიკვარისგანაც. და ამიერიდან ყოფილი სამხედრო მრავალ საათს ატარებდა სამუშაო მაგიდასთან, თავდაპირველად ისე, რომ თავისი საქმიანობის არსი არავისთვის გაუმხელია, სანამ ერთ დღესაც ტერეზა იდუმალი გამომეტყველებით არ იხმო ოთახში და გულმოდგინედ ჩაწიკწიკებული ლამის კალიგრაფიული ხელნაწერიდან, ერთფეროვანი, მაღალი, ბრძანების გამცემი ხმით ახალი დროის უმნიშვნელოვანესი ბრძოლების სტრატეგიების შედარებითი კვლევის კითხვა არ დაიწყო. ტერეზა ეცადა, მშრალი და დამღლელი მოხსენებისთვის ყურადღებით, ან თუნდაც გაგებით მაინც დაეგდო ყური, მაგრამ ვინაიდან მამამისი, რაღაც ხანია, სულ უფრო მეტ სიბრალულს იწვევდა, მოსმენისას ეცადა, მიძინებული თვალებისთვის თანაგანცდის ელფერიც შეეძინა, და როცა მამამ, როგორც იქნა, დღეისთვის კმარაო, ტერეზამ შუბლზე აკოცა – ვითომ გულაჩუყებულმა და მადლიერმა. ამას კიდევ სამი ასეთი საღამო მოჰყვა, სანამ უფროსი ლეიტენანტი თავის ლექციებს დაასრულებდა, ბოლოს კი თავისივე ხელით წაიღო ხელნაწერი ფოსტაში. ამიერიდან დრო დუქნებსა და ყავახანებში გაჰყავდა. ქალაქში ვიღაცები გაიცნო, მეტწილად კაცები, რომელთაც თავიანთი ცხოვრების საქმე და პროფესია უკან ჰქონდათ მოტოვებული: პენსიაზე გასული მოხელეები, ყოფილი ადვოკატები, ერთი მსახიობიც იყო, რომელიც ქალაქის თეატრს შეაბერდა და ამჯერად დეკლამაციის ხელოვნებას ასწავლიდა, როცა კი მოწაფის შოვნას მოახერხებდა ხოლმე. უწინ მუდამ გულჩათხრობილი უფროსი ლეიტენანტი ფაბიანი ამ კვირებში