I თვალები ცრემლებით აევსო, მოეჩვენა, რომ ცრემლების მორევში ინთქმებოდა. როგორ ცდილობდა, ჩაეკლა, მოესპო ეს გრძნობები, საშინლად არ უნდოდა ამ კაცების წინაშე ატირება, მაგრამ თვალები მაინც აევსო ცრემლებით და მოეჩვენა, რომ ინთქმებოდა ცრემლების მორევში. ერთიანად აწყლიანებული მზერით შეაჩერდა ცხედარს, პირდაღებული საფლავის პირას რომ გადაასვენეს საკაციდან. ისეთი გამხდარი ჩანდა სუდარაში, თითქოს წონა საერთოდ აღარა აქვსო. რა გამხდარი და დალეული გაწოლილხარ საფლავის გვერდით, დედიკო. აჰა, უკვე მთლიანად მიიმალა თვალთაგან. და დარჩა მხოლოდ სიბნელე და მიწის სუნი. ზემოთ კი კაცების ჯგროა. ოფლის შემზარავი სუნით ყარან. შენობის გარეთ დარჩენილ ბრბოში ქალების კივილი გაისმა. მიწის სუნი ისე ძალუმად შეიგრძნო, რომ უცბად, რაც კი გარშემო იყო, ყველაფერი შეზიზღდა, უცებ მოუნდა, სამარისკენ გადახრილიყო, მაგრამ ამ დროს უკნიდან ვიღაც შეეხო, ყელზე ხელი უხეშად ამოსდო, ზემოთ, თავისკენ აქაჩა და ასეთი სიტყვები მოესმა:
– არ დაივიწყო უფალი შენი...
ლამის გული აურია ყელზე ამ კაცის შეხებამ, დაწყევლა იგი სულის სიღრმეში. ეს ერთ-ერთი იმ ღორთაგანი იყო, ირგვლივ რომ უტრიალებენ. გამომშვიდობების წუთებმა აუტანელი სინანული აგრძნობინა, მოეჩვენა, რომ მთელი გული ეჩხვლიტებოდა და იგრძნო, რომ თურმე ასეთ დროს ჩანს, სულ არაფერი რომ არ ყოფილა, არაფერს რომ არ ნიშნავს ეს განვლილი საუკუნის მეოთხედი. გაუთავებელი ყაყანის ხმები უწყვეტად შემოდიოდა გარედან. მერე მწკრივად დაწყობილი ბრმებიც შემოლაგდნენ შენობაში, ნახევარწრედ შემოერტყნენ საფლავს და ჩასხდნენ. იგრძნო, რომ ბევრი თვალი მიშტერებოდა და აკვირდებოდა მალულად. იცოდა, რასაც ნიშნავდა ეს დაკვირვებული მზერა. მათ ჯინაზე მხრებში მხნედ გაიშალა, კარგად წარმოაჩინა ლამაზი სხეული, ხვდებოდა, რასაც ფიქრობდნენ, „გამომეტყველებაზე, ტანსაცმელზე კარგად ეტყობა, ჩვენიანი რომ არ არის, რისთვის გამოძერწა დედამისმა ასეთი, იმისთვის, რომ მერე წასულიყო ამ ქვეყნიდან და ეს კი აქ მარტო დაეტოვებინა?!“ არავის არაფრად უღირხარ, სამაგიეროდ, აქეთ-იქიდან მზაკვრულად გივლიან გარს. ცხოვრების საამო გემო სადღაც მიწაში ჩაიმარხა – იმ მიწაში, იმ გადახსნილ სამარეში, საიდანაც მესაფლავე, ის მართლა მიწის კაცი, და მისი თანაშემწე ამოძვრნენ დაკრძალვის წინ და სამარის პირას ცოტა ხანს შედგომის შემდეგ აქეთ-იქიდან შემოუარეს ამ სამარეს და შემდეგ კი ყოჩაღად და ცოცხლად ჩაყარეს შიგ მიწა. მერე გარეთ წყალსაქაჩი ახმაურდა და შიგნით კი ის ბრმები ამღერდნენ. მათი უფროსიც აჰყვა სიმღერას. იმეორებდა ლოცვის სიტყვებს. ნეტა რას იტყოდა ამ ყველაფრის შემხედვარე დედა?! მას უკვე ეცოდინება ჭეშმარიტება. და ეს ღორები თუ ფიქრობენ ხოლმე რამეს?! ოჰ, როგორი დაწმენდილი შუქით გასცისკროვნებოდათ სახეები, გეგონებოდა, ზაფხულის ცის ღრუბლები არიანო! გაღიზიანდა და უზომოდ მოუნდა, სახლში წამოსულიყო, მარტო დარჩენილიყო და წარსულისათვის კიდევ გადაევლო თვალი. იქ, სამარისეულ უკუნეთში, დედას ალბათ ბევრი კითხვა დაახვედრეს და ეს ეშმაკები კი რის დამხმარეები იქნებიან! მაგრამ ეგ არაფერი, მაგათი დროც მოვა, მოეკითხებათ ამ ადამიანებს – ცერემონიის დასასრულს სამგლოვიარო ღიღინის ხმები ნელ-ნელა რომ მიადაბლეს და მწკრივად დაეწყვნენ მის წინაშე... მიწის კაცმაც გადმოდგა წინ ნაბიჯები და მარჯვნივ მდგომარეთაგან ერთ-ერთმა კი თქვა:
– ამათ მე მივხედავ, თქვენ არ დაიწყოთ ერთმანეთში ფასზე ლაპარაკი, ამათ მე ვიცნობ, ჩვენი ხალხია.
კვლავ მოწოლილი სიბრაზისაგან ლამის სუნთქვა შეეკრა და დაიხრჩო, გრძნობდა, რომ, რადგან ცერემონია უკვე დამთავრდა, მარტოობის განცდა უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა, ერთხელ კიდევ შეავლო საფლავს თვალი და იმისმა გაფიქრებამ ცოტა მაინც დაამშვიდა, რომ ლამაზად მოჩანდა ეს საფლავი, რომელიც საპოვნელების, კაქტუსებისა და სურნელოვანი ყვავილებისაგან შეკრული ფანჯრიდან გადმოჰყურებდა და გვერდები კი ოქროსფრად ჰქონდა მოვარაყებული. ალაჰმა ასე ინება, რომ ადრე სილამაზესა და ფუფუნებაში ცხოვრობდა დედა, ორსავე სახლში შექმნა ეს ფუფუნება, ბოლოს კი რა დარჩა – მხოლოდ ეს საფლავი, საიდანაც ცერემონიის დასრულების შემდეგ ნელ-ნელა დაიძრა ხალხი გასასვლელისკენ და საითკენაც თვითონაც გაემართა მერე, რათა გაეცილებინა მათი ყრილობა. ქალებმა რიგრიგობით ჩამოართვეს გარეთ ხელი, პირველი ეს იყო, რაც იქ გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ სამგლოვიარო ტანისამოსი ეცვათ და თანაც მოთქვამდნენ და ლოყებსაც იხოკავდნენ, მეძავური გამოხედვა მაინც ვერ ემალებოდათ, გარყვნილ იერს ვერ იშორებდნენ. ქალებისაგან განსხვავებით, კაცები ირჯებიან და ახერხებენ ხოლმე, რომ შეიცვალონ მის წინაშე, ასეთ დროს იმგვარ ადამიანებად გაჩვენებენ თავს, პატივსაცემი საქმეებისათვის მადლობას რომ იმსახურებენ, და ეს მაშინ, როცა სინამდვილეში ჩვეულებრივი ნარკოგამსაღებლები, გამომძალველები, ალფონსები და ბორდელში მომუშავე მაჭანკლები ბრძანდებიან. ცივი მზერით გააცილა მიმავლები. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ თვითონაც მსგავსი გრძნობით იყვნენ მის მიმართ განწყობილნი. თან ისიც ახსოვდა, იმ თავიდან მოყოლებული სულ