ჩვენი უბნის შვილები -
ადჰამი -
1.
ჩვენი უბანი თავისუფალ სივრცეს და უდაბნოს გაგრძელებას წარმოადგენდა. მუკატამის უდაბნოსი, რომელიც თვალსაწიერამდე გრძელდება. ამ უდაბურ ქუჩაზე დიდი სახლის გარდა არაფერი იყო. ის ჯაბალავიმ ააშენა – თითქოს ბრძოლაში გამოიწვია შიში, მარტოობა და ყაჩაღები. საკმაოდ დიდ ტერიტორიას შემოავლო მაღალი გალავანი, დასავლეთ ნაწილში ბაღი გააშენა, აღმოსავლეთში კი – სამსართულიანი სახლი.
ერთხელ თავისი ვაჟები პირველი სართულის დარბაზში შეკრიბა, რომელიც ბაღის სალამლიქიში გადიოდა. მოვიდნენ აბრეშუმის ჯილბაბებში გამოწყობილი იდრისი, აბასი, რიდვანი, ჯალილი და ადჰამი და თვალებდახრილნი გაჩერდნენ მამის წინაშე, მისი უზომო პატივისცემის გამო. მამას სახეში შეხედვას ვერ უბედავდნენ. ჯაბალავიმ დაჯდომა უბრძანა და ისინიც ირგვლივ შემოუსხდნენ. ერთ ხანს მამა მათ თავის გამჭოლ, ქორივით თვალებს არ აცილებდა, შემდეგ წამოდგა, კართან მივიდა, ზღურბლთან შეჩერდა და ბაღს გახედა, სადაც ჯგუფ-ჯგუფად იზრდებოდა პალმები, ლეღვისა და თუთის ხეები დაფარული
ხვიარა მცენარეებით – ინითა და ჟასმინით. ჩიტები გალობდნენ.
ბაღი სიცოცხლით იყო სავსე, დარბაზში კი სიჩუმეს დაესადგურებინა. ვაჟებს მოეჩვენათ, რომ დიდი სახლის ბატონს ისინი დაავიწყდა კიდეც. გოლიათური აღნაგობისა, მაღალი, მხრებგანიერი, ზეადამიანს ჰგავდა, ვარსკვლავების მკვიდრს. ძმებმა ერთმანეთს გადახედეს. რა ჩაიფიქრა მამამ? თუნდაც სახიფათო რამ – ეს მისი საქმეა. არ ღელავდნენ, მაგრამ მისი თანდასწრებით დაბნეულობა ერეოდათ და თავს უბადრუკად გრძნობდნენ მისი ძალა-უფლების წინაშე. ნაბიჯიც არ გადმოუდგამს, ისე მოუბრუნდა ჯაბალავი ვაჟებს, ბოხი ხმით წარმოთქვა: – ვფიქრობ, დადგა დრო მამულის მართვა ვინმეს მივანდო. მისი სიტყვები გაიმეორა ექომ, თუმცა დარბაზის მაღალ კედლებზე ძვირფასი ხალიჩები ეკიდა. გამომცდელი მზერა კვლავ მიაპყრო ვაჟებს, მაგრამ ამ უკანასკნელთა სახეები არავითარ გრძნობებს არ გამოხატავდა. მამულის მართვა ახალგაზრდებს სულ არ ეჭაშნიკებოდათ – მათ თავისუფლება და ახალგაზრდული გასართობები უფრო ხიბლავდათ. გარდა ამისა, ხომ ცნობილია, რომ უფროსი ძმა იდრისი ამ თანამდებობის კანონიერი პრეტენდენტია. არავის გამოუმჟღავნებია ინტერესი. იდრისმა კი გაიფიქრა: „აი, სასჯელი! რამდენი საზრუნავი გამიჩნდება! ეს მომაბეზრებელი მოიჯარეები...“
ჯაბალავი განაგრძნობდა:
– არჩევანი თქვენს ძმაზე, ადჰამზე შევაჩერე. ის დაიწყებს მამულის მართვას. რა თქმა უნდა, ჩემი ზედამხედველობით.
ძმების სახეებზე მოულოდნელი სიახლით გამოწვეული გაოცებული გამომეტყველება გაჩნდა. დაბნეულებმა ერთმანეთს გადახედეს, დარცხვენილმა ადჰამმა კი თვალები დახარა. ჯაბალავიმ შვილებს ზურგი შეაქცია, მათი დაბნეულობა არად ჩააგდო და აუღელვებლად დაასრულა:
– აი, რატომ მოგიწვიეთ...
იდრისს მღელვარებისა და აღშფოთებისაგან სისხლი აუდუღდა. ძმები მას შეჰყურებდნენ და არ იცოდნენ, რა ეთქვათ. რა თქმა უნდა, გარდა ადჰამისა, თითოეული გრძნობდა, რომ უსამართლობა იდრისის მიმართ მის ღირსებასაც ეხებოდა. იდრისმა
თავშეკავებულად, მაგრამ თითქოს სხვისი ხმით წარმოთქვა:
– მაგრამ, მამა...
მამამ ცივად გააწყვეტინა და მათკენ შემობრუნდა:
– რა „მაგრამ“?
ძმებმა ვერ გაბედეს მამისათვის თვალი გაესწორებინათ იმის შიშით, რომ მამა მათ თვალებში ამოიკითხავდა, თითოეულის გულში რა ხდებოდა. მხოლოდ იდრისმა გაუყარა მამას თვალი თვალში და ჯიუტად გაიმეორა:
– მაგრამ უფროსი ძმა... ჯაბალავიმ უკმაყოფილოდ თქვა:
– ეს ჩემთვის ცნობილია. მე ხომ მამაშენი ვარ... განრისხებულ იდრისს ცხელება დაეწყო და ხმას აუწია:
– უფროს შვილს აქვს უფლებები, რომლებსაც უმიზეზოდ ვერ ჩამოართმევთ.
ჯაბალავიმ დიდხანს უცქირა იდრისს, თითქოს გონს მოსასვლელად დროს აძლევსო და თქვა:
– გარწმუნებთ, ჩემი არჩევანის გაკეთებისას თითოეული
თქვენგანის ინტერესებით ვიხელმძღვანელე...
ამ დარტყმამ მოთმინების ფიალა აავსო. იდრისმა იცოდა, მამა წინააღმდეობას ვერ იტანდა და თუ კვლავ გაჯიუტდებდოა, უარესი იყო მოსალოდნელი, მაგრამ რისხვამ კეთილგონივრულობა და შედეგებზე დაფიქრების უნარი დააკარგვინა. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ადჰამს, გვერდით ამოუდგა გაფხორილი მამალივით, რათა ყველას დაენახა ძმაზე მაღალი და ლამაზი რომ იყო და პირზე დუჟმომდგარმა ისე დაიყვირა, თითქოს გადააფურთხაო:
– მე და ჩემი სისხლისმიერი ძმები კეთილშობილი ქალბატონის შვილები ვართ, დედამისი კი შავკანიანი მონა ქალია.
ადჰამი გაფითრდა, მაგრამ სიტყვა არ დასცდენია. ჯაბალავის კი მუქარა შეეპარა ხმაში:
– იდრის, გონს მოდი...
მაგრამ იდრისი თითქოს სიგიჟის ქარბორბალამ აიტანა და ვეღარ ჩერდებოდა:
– ყველაზე უმცროსიცაა. ამიხსენი, რაშია საქმე! რატომ ანიჭებ უპირატესობას? თუ ახლა მსახურები და მონები უფროსობენ ბატონებზე?
– ენა გააჩერე, სულელო, თორემ მოგიწევს საკუთარ თავს დააბრალო...
– ჯობია თავი მომჭრან, ვიდრე ღირსება ამხადონ!
რიდვანმა მამას ახედა და გაუბედავი ღიმილით უთხრა:
– ჩვენ შენი შვილები ვართ და შენი წყალობის დაკარგვა გულს გვტკენს, მხოლოდ მიზეზი გვინდა ვიცოდეთ.
ჯაბალავიმ მრისხანებას სძლია და რიდვანს მიუბრუნდა:
– ადჰამი მოიჯარეების ზნე-ჩვეულებებს კარგად იცნობს, ბევრთან პირადი ნაცნობობაც აკავშირებს. გარდა ამისა, წერაც იცის და ანგარიშიც.
იდრისი და მისი