პირველი წერილი - ინგლისში, მისის სევილს
სანქტ-პეტერბურგი, 11 დეკემბერი, 17.. წელი.
ალბათ გაგიხარდება, როცა გაიგებ, რომ წამოწყება, რომელსაც მეტისმეტად ალმაცერად უყურებდი და ავბედით წინათგრძნობებსაც აღგიძრავდა, სავსებით კეთილსასურველად დაიწყო. აქ გუშინ ჩამოვედი და, პირველ რიგში, მსურს, ჩემი საყვარელი დაიკო დავარწმუნო, რომ ყველაფერი რიგზეა და სულ უფრო მეტად ვრწმუნდები ჩემი საქმის იღბლიან განვითარებაში.
ლონდონიდან უკვე საკმაოდ შორს ვარ, ჩრდილოეთით, პეტერბურგის ქუჩებში მოხეტიალე, ჩრდილოეთის ცივ ქარს ვგრძნობ სახეზე, რომელიც მაფხიზლებს და მახარებს. ნეტავ გაიგებ ჩემს განცდებს? იმ მხარეებიდან მონაბერი ქარი, საითაც მე მივისწრაფვი, უკვე მანიჭებს მათი გამყინავი სივრცეებით ტკბობის სიხარულს. აღთქმული მიწიდან მოქროლილი ამ ქარაშოტების ზუზუნში ჩემი ოცნებები სულ უფრო ცოცხალი და მგზნებარე მეჩვენება. ამაოდ ვცდილობ დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ პოლუსი სიცივისა და სიკვდილის სამყოფელია. ჩემს წარმოსახვაში ის სილამაზისა და სიხალისის სამეფოდ წარმოდგება.
იქ, მარგარეტ, მზე არასდროს ჩადის. მისი დისკო, ჰორიზონტის თავზე ოდნავ ამოწვერილი, მარადიულ ნათებას ასხივებს. იქ - თუ ნებას დამრთავ, ცოტათი მაინც ვენდო ყოვლისმნახველ ზღვაოსნებს - მთავრდება ყინულისა და თოვლის ძალაუფლება და წყნარი ზღვის ტალღებზე შეიძლება მიაღწიო ქვეყანას, მშვენებითა და საოცრებით აქამდე ადამიანის მიერ აღმოჩენილ ყველა სხვა ქვეყანაზე უკეთესს. ამ ამოუცნობი და ჯერაც უხილავი მხარის ბუნება და სიმდიდრეები შეიძლება ისეთივე უცხო აღმოჩნდეს, როგორიც იქ დანახული ციური მოვლენები. რას აღარ უნდა ელოდო მარადიული სინათლის ქვეყნისგან! იქ შევძლებ საუცხოო ძალის საიდუმლოს ახსნას, რომელიც თავისკენ იზიდავს ანდამატის ისარს, ასევე მრავალი ასტრონომიული დაკვირვების შემოწმებას. ერთი ასეთი მოგზაურობა საკმარისია, რომ მათმა მოჩვენებითმა წინააღმდეგობრიობებმა ერთხელ და სამუდამოდ მიიღონ გონივრული ახსნა. შევძლებ დავიკმაყოფილო დაუცხრომელი ცნობისმოყვარეობა ჯერაც უხილავი მხარეების ცქერით და იმ მიწაზე გავიარო, რომელსაც ჯერ ადამიანის ფეხი არ შეხებია. აი, რა მიზიდავს, ისე, რომ ხიფათისა და სიკვდილის წინაშე შიშსაც კი მითრგუნავს, და რთული გზის დაწყების წინ იმ აღტაცებით მავსებს, რომლითაც პატარა ბავშვი თანატოლებთან ერთად მშობლიურ მდინარეზე ნავით მიცურავს, თვალუწვდენელი სამყაროს აღმოსაჩენად. მაგრამ ჩემი ეს მოლოდინი რომც არ გამართლდეს, შენ ვერ უარყოფ, რომ კაცობრიობას შეუფასებელ სამსახურს გავუწევ, თუნდაც თუ ჩრდილოეთის გზას გავკვალავ იმ მხარეებისკენ, სადაც ახლა მრავალთვიანი ცურვაა საჭირო ან აღმოვაჩენ მაგნიტის საიდუმლოს, - რადგანაც თუ საერთოდ არის შესაძლებელი მისი აღმოჩენა, მხოლოდ მსგავსი მოგზაურობის მეშვეობით.
ამ ფიქრებმა ის ერთგვარი მღელვარება და შფოთვა გამიფანტეს, რომლითაც დავიწყე შენთვის წერილის დაწერა და გული ამიჩქროლეს, რადგან არაფერი ისე არ ამშვიდებს სულს, როგორც მტკიცე მიზნის პოვნა - წერტილის, რომლისკენაც არის მიმართული ჩვენი შინაგანი მზერა.
ეს ექსპედიცია ჩემი სიჭაბუკის ოცნება იყო. ხარბად ვეწაფებოდი წიგნებს მოგზაურობების შესახებ, რომლებიც პოლარულ ზღვებში წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილის მიღწევას ისახავდა მიზნად. ალბათ გახსოვს, რომ მოგზაურობებისა და აღმოჩენების შესახებ წიგნებით იყო სავსე ჩვენი კეთილი ბიძია თომასის ბიბლიოთეკა. ჩემი განათლებით არავინ ყოფილა დაკავებული, მაგრამ ადრიანად გამიტაცა კითხვამ. ამ ტომეულებს დღე და ღამე შევისწავლიდი და სულ უფრო მეტად მიპყრობდა სინანული იმის გამო, რომ მამაჩემმა, როგორც მოგვიანებით ჯერ კიდევ ბავშვმა გავიგე, სიკვდილის წინ მკაცრად აუკრძალა ბიძაჩემს ზღვაში ჩემი გაშვება.
ზღვაზე ოცნებები ოდნავ გაფერმკრთალდა, როცა პირველად გავეცანი პოეტების ქმნილებებს, ჩემი სული რომ აღაფრთოვანეს და ზეცისკენ აიტაცეს. თვითონაც პოეტად ვიქეცი და მთელი წელი იმ ედემში ვიცხოვრე, ჩემმა ფანტაზიებმა რომ შექმნეს. წარმოვიდგინე, რომ მეც მელოდა ადგილი იმ ტაძარში, რომელიც ჰომეროსსა და შექსპირს ეძღვნებოდა. შენთვის ცნობილია ჩემი წარუმატებლობა და ის, თუ როგორ მძიმედ გადავიტანე ეს იმედგაცრუება. მაგრამ სწორედ იმ დროს მერგო ჩვენი ბიძაშვილის ანდერძი და ფიქრები კვლავ ბავშვობის ოცნებებისკენ მივმართე.
უკვე ექვსი წელია ვფიქრობ ამ წამოწყებაზე, რომელსაც ამჟამად შევდგომივარ. დღემდე მახსოვს ის წუთი, როცა გადავწყვიტე, საკუთარი თავი ამ დიადი მიზნისთვის მიმეძღვნა. პირველ რიგში საკუთარი თავის წრთობას შევუდექი. ჩრდილოეთის ზღვებში ვეშაპებზე მონადირეებს ვახლდი თან, სიცივეს, შიმშილს, წყურვილსა და უძილობას ვუშვერდი მკერდს. დღისით მეზღვაურებზე მეტს ვმუშაობდი, ღამღამობით კი მათემატიკას, მედიცინასა და ფიზიკური მეცნიერებების იმ სფეროებს ვსწავლობდი, რომლებიც ყველაზე მეტად შეიძლება გამოადგეს ზღვაოსანს. ორჯერ ვიმსახურე სავაჭრო გემის კაპიტნის თანაშემწედ გრენლანდიის ვეშაპთსაჭერ ხომალდზე და შესანიშნავად ვუძღვებოდი საქმეს. უნდა ვაღიარო, რომ სიამაყით აღვივსე, როცა კაპიტანმა თავისი პირველი თანაშემწის ადგილი შემომთავაზა და დიდხანს მარწმუნებდა, დავთანხმებოდი, იმდენად დიდად აფასებდა ჩემს სამსახურს.
ახლა კი მითხარი, საყვარელო მარგარეტ, ნუთუ არ ვარ ღირსი, რაღაც დიდებული ჩავიდინო? ჩემი ცხოვრება შეიძლებოდა, განცხრომასა და ფუფუნებაში გამეტარებინა,