1 შოვას მეშვიდე წელს (1932 წელი) შიგეკუნი ჰონდა ოცდათვრამეტი წლის გახდა.
ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას სასამართლოს უმაღლესი მოხელის წოდების მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა და როგორც კი უნივერსიტეტი დაამთავრა, ოსაკის სამხარეო სასამართლოში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ ოსაკაში დასახლდა. 1929 წელს მოსამართლედ დაინიშნა და სამხარეო სასამართლოს უზენაესი მოსამართლის მეორე ასისტენტობამდე მიაღწია. ორი წლის შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს და იქ უზენაესი მოსამართლის პირველ ასისტენტად დანიშნეს.
ოცდარვა წლის ასაკში მამამისის მეგობრის შვილზე იქორწინა. ეს ის მეგობარი იყო, თაიშოს მეორე წელს (1913 წელი) სასამართლო რეფორმების გამო სამსახურიდან რომ დაითხოვეს. ქორწილი ტოკიოში ჰქონდათ, თუმცა ოსაკაში ცხოვრობდნენ. მას შემდეგ უკვე ათი წელი გასულიყო, მაგრამ ბავშვი არ უჩნდებოდათ. ცოლი – რიე, კეთილშობილი და თავმდაბალი ადამიანი იყო, ამიტომ ცოლ-ქმარი ჰარმონიულად თანაცხოვრობდა.
ჰონდას მამა სამი წლის წინ გარდაეცვალა. ტოკიოს სახლს მოვაწესრიგებ და დედას ოსაკაში გადმოვიყვანო, ფიქრობდა. მაგრამ დედამ სასტიკი უარი თქვა და მარტომ განაგრძო ტოკიოს დიდი სახლის მოვლა-პატრონობა.
ჰონდა ცოლთან ერთად ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა და მოახლეც მხოლოდ ერთი ჰყავდა. მეორე სართულზე ორი ოთახი იყო, პირველ სართულზე შემოსასვლელის ჩათვლით – ხუთი. სახლს დაახლოებით ოცი ცუბოს (ცუბო – ფართობის საზომი ერთეული, დაახლოებით 3.3კვ.მ) ეზო ჰქონდა. ქირა თვეში ოცდათორმეტი იენი უჯდებოდათ.
სასამართლოში კვირაში სამი დღე დადიოდა. დანარჩენ დროს სამუშაო სახლში მოჰქონდა. სამსახურამდე ტენოჯის აბენოს ტრამვაის ხაზით მგზავრობდა. კიტაჰამის მესამე კვარტალში ჩამოდიოდა და ტოსაბორისა და დოჯიმას მდინარეებს კვეთდა. ზუსტად ჰოკონაგაშის ხიდის ბოლოს იდგა სასამართლოს წითელი აგურის შენობა, რომლის შესასვლელის ქონგურებს უზარმაზარი ქრიზანთემის ფორმის გერბები ამშვენებდა.
მოსამართლისთვის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტად ფუროშიკი (ფუროშიკი – იაპონური ტრადიციული ქსოვილი ნივთების შესაფუთად ან გადასაზიდად) ითვლებოდა. სამსახურში წასვლა-წამოსვლისას საბუთების ტარება ხდებოდა საჭირო. როდესაც ცოტა იყო ეს საბუთები, არა უშავდა, მაგრამ ხშირად იმდენი გროვდებოდა, რომ პორტფელში არ ეტეოდა. გინდ ბევრი ყოფილიყო, გინდ – ცოტა, ფუროშიკი ყველა შემთხვევაში იტევდა. ჰონდა დაიმარუს ფირმის მუსლინის ფუროშიკის იყენებდა. იმ შემთხვევისთვის კი, თუ ერთი ფუროშიკი არ ეყოფოდა, მეორესაც დაატარებდა. ამ ფუროშიკიში გახვეული საბუთები მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ვაგონში მისი თაროზე შემოდებაც კი არ შეიძლებოდა. ჩვეულებრივ, სამსახურიდან სახლში მიმავალი გზად სასამართლოს მოხელეებსა თუ კოლეგებთან ერთად საკეს დასალევად სადმე რომ შეივლიდა, ფუროშიკის თასმას გაუყრიდა და ყელზე დაიკიდებდა ხოლმე.
სასამართლოს კაბინეტშიც შეეძლო ჰონდას საბუთების წერა. უბრალოდ, ისეთ დღესაც კი, როდესაც სასამართლოს სხდომები არ იყო ჩანიშნული, მაგიდა და სკამები არასდროს იყო საკმარისი, გარშემოც სულ იურიდიულ თემებზე კამათი ისმოდა. სტაჟიორებად მოსული მოხელეები კი ამას ისმენდნენ და ასე სწავლობდნენ. ასეთ გარემოში განაჩენის მშვიდად დაწერის საშუალება არ ჰქონდა. ამიტომ სახლში ღამით მუშაობა ერჩივნა.
შიგეკუნი ჰონდას სპეციალიზაცია სისხლის სამართალი იყო და იმის გამო, რომ ოსაკაში სისხლის სამართლის დანაშაული შედარებით ცოტა ხდებოდა, კარიერულ კიბეზეც ნელა მიიწევდა წინ, თუმცა თავად ეს სულაც არ აღელვებდა.
სახლში ღამით გადაავლებდა ხოლმე თვალს მომდევნო სასამართლოზე განსახილველი საქმის პოლიციის, პროკურორისა და წინასწარი მოსმენის ოქმებს, ნაწყვეტებს ამოიწერდა და მერე მეორე ასისტენტს უგზავნიდა. ხმის მიცემის შემდეგ თავმჯდომარე მოსამართლისთვის წასაკითხავად სასამართლო გადაწყვეტილებების შავ ჩანაწერს ამზადებდა და უკვე გამთენიისას, საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიდიოდა: „ ..ამის გათვალისწინებით საბოლოო განაჩენი ასეთია...“. სასამართლოს თავმჯდომარე შესწორებებს შეიტანდა და უკან აბრუნებდა. ახლა კი ამ დოკუმენტის ფუნჯით გადაწერა უწევდა. ჰონდას ამდენი წერისგან თითებზე კალიგრაფივით კოჟრები გასჩენოდა.
გეიშების მოწყობილ ხმაურიან საღამოებზე წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ახალი წლის გასაცილებელ წვეულებაზე დადიოდა. როგორც წესი, სამსახურიდან კიტაშინჩის გასართობ კვარტალს სტუმრობდნენ და იქ უკვე ასისტენტი თუ უფროსი, ყველა თანაბრად ბევრს სვამდა და ხანდახან ისეც თვრებოდნენ, რომ უზენაეს მოსამართლეს სისულელეებს ებჟუტურებოდნენ მთვრალები.
როგორც წესი, მათი გასართობი უმედა შინმიჩის კაფეში ან სადმე პატარა რესტორანში დალევა იყო. ერთ-ერთ კაფეში ასეთი მომსახურება ჰქონდათ: დროს თუ იკითხავდით, ოფიციანტი გოგონა ქვედაბოლოს აიწევდა და პასუხისთვის ბარძაყზე მიმაგრებულ საათს დახედავდა. ცხადია, მათ შორის ისეთი მოსამართლეებიც იყვნენ, რომლებსაც მტკიცედ სწამდათ, რომ კაფე მხოლოდ და მხოლოდ ყავის დასალევი ადგილია. ერთ-ერთ პროცესზე, რომელზეც საქმე ათასი იენის უკანონოდ მითვისება-გაფლანგვას ეხებოდა, ბრალდებულმა თქვა, მთელი ფული კაფეებში დავხარჯეო. ამაზე მოსამართლე საშინლად გაბრაზდა.
– იტყუები! ერთი ჭიქა ხუთი სენი არ ღირს? ამდენ ყავას ნამდვილად ვერ დალევდით!
კრიზისის გამო ხელფასების შემცირების შემდეგ ჰონდას ხელფასი სამასი იენი გამოსდიოდა, რამდენიც, მაგალითად, ჯარში პოლკოვნიკს