თავი პირველი უტაჯიმა ოთხიათასმეტრიანი პატარა კუნძულია, სულ რაღაც 1400 მოსახლით.
კუნძულზე ორი ადგილიდან იშლება ლამაზი ხედი. ერთი კუნძულის უმაღლესი წერტილიდან, ჩრდილო-დასავლეთისკენ მიმართული იაცუშიროს ტაძრიდანაა.
აქედან ისეს ყურე და მისი შემოგარენი ხელის გულზე იშლება. ჩრდილოეთით – ჩიტას, აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთისკენ კი აცუმის ნახევარკუნძულია გადაჭიმული. დასავლეთით უჯიიამადიდან ცუს იოკაიჩიმდე სანაპირო ზოლი მხოლოდ ალაგ-ალაგ მოჩანს.
ორასსაფეხურიან ქვის კიბეზე თუ ახვალ და ტორიის მცველ ქვის ლომებთან მისული უკან მოიხედები, ისეს ყურეზე ისეთი ხედი იშლება, როგორიც უძველეს დროში იყო. უწინ აქ ტორიის ფორმის მსგავსად ფიჭვის ტოტები გადახლართულიყო ერთმანეთში და ფიჭვის ტორიას ქმნიდა და ხედს საინტერესო ჩარჩოში სვამდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ეს ტოტები გახმა.
ფიჭვების სიმწვანე ჯერ მკრთალია, მაგრამ ნაპირთან ახლოს ზღვის ზედაპირი გაზაფხულის წყალმცენარეების სიწითლითაა შეფერილი.
ცუს სანაპიროდან ისევ ქრის ჩრდილო-დასავლეთის სეზონური ქარები, ამიტომ ამ ხედით ტკბობისთვის ჯერ მაინც ცივა.
იაცუშიროს შინტოისტური ტაძარი ღმერთი ვატაცუმის (ვატაცუმი – ადგილის მფარველი ღმერთი, წყლის ღმერთი, იაპონურ დრაკონსაც ეძახიან.) სახელობისაა. ამ ზღვის ღმერთისადმი რწმენა მეთევზეების ცხოვრებაში ბუნებრივად გაჩნდა. ისინი ყოველთვის ზღვის სიმშვიდეზე ლოცულობდნენ და თუ საზღვაო უბედურ შემთხვევაში მოხვედრილები გადარჩებოდნენ, ფულის შესაწირად, პირველ რიგში, ამ ტაძარში მორბოდნენ.
იაცუშიროს ტაძრის მთავარი საგანძური სამოცდაექვსი ბრინჯაოს სარკეა. მათ შორისაა დაახლოებით მერვე საუკუნის დროინდელი „ყურძნის სარკე“ და იაპონიაში შენახული ჩინეთის ექვსი დინასტიის პერიოდის თექვსმეტი სარკის ასლებიც. სარკის უკან ამოკვეთილმა შვლებმა და ციყვებმა უძველეს წარსულში სპარსეთის ტყეებიდან გრძელი სახმელეთო გზა განვლეს, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარეს, ნახევარ მსოფლიოში იმოგზაურეს და საბოლოოდ ამ კუნძულზე დასახლდნენ.
მეორე ლამაზხედიანი ადგილი კუნძულის აღმოსავლეთის მთასთან ახლოს მდებარე შუქურაა.
იმ კლდის ძირას, რომელზეც ეს შუქურა დგას, ირაგოს არხია. აქ არასოდეს წყდება ზღვის დინებებიდან წამოსული ხმაური. ისეს ყურისა და წყნარი ოკეანის დამაკავშირებელი ეს ზღვის ვიწრო კარიბჭე ქარიან დღეებში რამდენიმე მორევს მაინც ქმნის. არხის გადაღმა, აცუმის ნახევარკუნძულის კიდეში, ქვიანი, უდაბური სანაპიროა ირაგოს კონცხით, სადაც პატარა, უკაცრიელი შუქურა დგას.
უტაჯიმის შუქურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ხედი წყნარი ოკეანის ერთ ნაწილს გადაჰყურებს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით, აცუმის სანაპიროსა და მთებს გადაღმა, დასავლეთის ძლიერი ქარებისას რიჟრაჟზე ფუჯის მთაც კი მოჩანს ხოლმე.
ნაგოიასა და იოკაიჩის პორტებიდან გამოსული, ან პირიქით, ამ პორტებისკენ მიმავალი გემები, როდესაც ისეს ყურიდან ურიცხვად მოფენილ სათევზაო ნავებს შორის გზას იკვლევენ და ირაგოს არხს გაივლიან, შუქურას თანამშრომელი დურბინდში იყურება და ჩქარ-ჩქარა კითხულობს ამ გემების სახელებს.
ლინზის მხედველობის არეში მიცუის ხაზის სატვირთო გემი, 1900-ტონიანი „ტოკაჩიმარუ“ შემოვიდა. მოჩანს, როგორ საუბრობს სამუშაო უნიფორმიანი ორი მეზღვაური, თან ადგილზე აბაკუნებენ ფეხებს.
ცოტა ხანში, ინგლისური გემი „Talisman“-ი შემოდის. შორიდან პატარებად, მაგრამ გარკვევით მოჩანან მეზღვაურები, რომლებიც ზედა გემბანზე მიზანში ტყორცნით ერთობიან.
შუქურას მორიგე დარაჯი სამუშაო მაგიდას უბრუნდება და გემების მიმოსვლის ჟურნალში გემის სახელწოდებას, სასიგნალო კოდს, გავლის დროსა და მიმართულებას წერს. შემდეგ ამას დეპეშად აქცევს და პორტში ატყობინებს. ამის წყალობით, ნავსადგურში ტვირთის მფლობელები დროულად ემზადებიან გემის დასახვედრად.
ნაშუადღევს აღმოსავლეთის მთა ფარავს მზეს და შუქურა ჩრდილში ხვდება. მოწმენდილ ცაზე ძერა ირაოს აკეთებს. თითქოს მაღლა ცაში ორივე ფრთას სცდისო, ერთმანეთის მონაცვლეობით კეცავს, აი, ახლა, სადაცაა დაეშვებაო, გაიფიქრებ, მაგრამ არ ეშვება, ისევ უკან იჭრება, ცაში ნავარდობს.
მზის ჩასვლის შემდეგ ერთი ახალგაზრდა მეთევზე, ხელში კამბალით, სოფლიდან შუქურასკენ ასასვლელ მთის ბილიკზე მიიჩქარის.
ბიჭმა სულ რაღაც შარშანწინ დაასრულა საშუალო სკოლის მეცხრე კლასი, ჯერ 18 წლისაა. მაღალია, კარგი აღნაგობის, მხოლოდ სახის ნაკვთების ბავშვურობა გათქვამს მის ასაკს. კანი ისე გარუჯვია, მეტი რომ არ შეიძლება. ამ კუნძულელებისთვის დამახასიათებელი ლამაზი ცხვირი, დახეთქილი ტუჩები და შავ-შავი, ნათელი თვალები აქვს. ითვლებოდა, რომ ასეთი ნათელი თვალები ზღვაში მომუშავე ადამიანებისთვის ზღვის საჩუქარი იყო და სულაც არ გულისხმობდა ინტელექტუალურ სინათლეს. ბიჭს სკოლაში ცუდი ნიშნები ჰქონდა.
მთელი დღე სათევზაო ტანსაცმელში გაეტარებინა: გარდაცვლილი მამისგან სახსოვრად მიღებული შარვალი და უბრალო ჯემპრი ეცვა.
ყმაწვილმა სიჩუმეში ჩაწოლილი დაწყებითი სკოლის ეზო გადაჭრა და წყლის წისქვილის გვერდით აღმართს აუყვა. ქვის საფეხურებზე თუ ახვიდოდი, იაცუშიროს ტაძართან მოხვდებოდი. ტაძრის ეზოში ჩამავალი მზის სხივებში გახვეული ატმის ყვავილები სინათლეს ასხივებდა. აქედან შუქურამდე ნელი ნაბიჯით ათი წუთის გზა იყო.
ეს ციცაბო გზა სინამდვილეში საკმაოდ რთული გახლდათ და შეუჩვეველი ადამიანი დღისითაც ადვილად წაიქცეოდა ან დაგორდებოდა, მაგრამ ყმაწვილს უკვე თვალდახუჭულსაც შეეძლო ფიჭვის ფესვებისა და ლოდებისთვის გადაებიჯებინა