სიკვდილი შუა ზაფხულში „ზაფხულის საზეიმო მეფობისას
სიკვდილი უფრო ძლიერად გვზაფრავს...“
შარლ ბოდლერი, „ხელოვნური სამოთხე“
საკურორტო ადგილ ა.-ში, რომელიც იძუს ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს, შესანიშნავი პლაჟებია - სუფთა და არახალხმრავალი. მართალია, იქ არც ისე თანაბარი ფსკერი და მეტისმეტად დიდი ტალღებია, მაგრამ სამაგიეროდ წყალი გამჭვირვალეა, ქვიშიანი მეჩეჩები კი თითქოს სპეციალურად არის შექმნილი ცურვისთვის. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აქაური სანაპიროები ჯერ კიდევ არ შეუვსიათ დამსვენებელთა გუნდებს, ისე, როგორც მეზობელ რაიონ სონანში, ოდნავი უხერხულობაა: სადგურიდან ამ ადგილამდე ავტობუსით ორსაათიანი ჯაყჯაყია საჭირო.
სასტუმრო „ეირაკუსო“ და მისი კუთვნილი კოტეჯები - ლამის ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება ა.-ში გაჩერება. ჩალით გადახურული სუვენირების დახლები, რომელიც ზაფხულობით ასე ამახინჯებს ხოლმე ქვიშიან პლაჟებს, აქ ერთი-ორია, მეტი არა. თეთრი ქვიშით დაფარული ნაპირი არაჩვეულებრივად ლამაზია, ცენტრში კი, ზღვის თავზე ფიჭვებით მოფენილი კლდეა. მოქცევის დროს კლდე შუამდე წყალში იმალება.
ზღვის ხედი შესანიშნავია. როდესაც დასავლეთის ქარი დაუბერავს, თან რომ მიაქვს ნისლიანი ბოლი, ხელისგულივით ჩანს შორეული კუნძულები: ოსიმა უფრო ახლოს, ტოსიმა - ცოტა მოშორებით, მათ შორის კი უტონესიმას სამკუთხა კონუსია...
სადილობის შემდეგ ტომოკო იკუტა თავის ნომერში წამოწვა თვალის მოსახუჭად. როდესაც ამ ახალგაზრდა ქალს შეხედავდი, ლოგინზე რომ მოერთხა ფეხი და მოკლე ღია ვარდისფერი კაბიდან მრგვალი მუხლები მოუჩანდა - ძნელი იყო დაგეჯერებინა, რომ სამი შვილის დედა იყო: ნაზი ხელები, ნორჩი სახე, მოღიმარე პირი ტომოკოს ყმაწვილ გოგონას ამსგავსებდა. ცხელოდა - შუბლი და ზედა ტუჩი ოფლით დასცვაროდა.
ბუზი მონოტონურად ბზუოდა, ოთახი მზეს გაეღუებინა, თითქოს უშველებელი თუჯის ზარი ყოფილიყოს; ზარმაცი უქარო დღე დუღდა; ტალღოვანად, მძინარის სუნთქვის ტაქტს აყოლილი ირხეოდა კაბის ვარდისფერი ქსოვილი.
სასტუმროს თითქმის ყველა ბინადარი ზღვაზე გასულიყო. ტომოკოს ნომერი მეორე სართულზე მდებარეობდა. ფანჯრის წინ მოთეთრო-მოცისფრო საქანელა ეკიდა, ფართო გაზონზე ნაირფერი სკამები და მაგიდები ელაგა; ბაღში სულიერი არ ჭაჭანებდა, აქა-იქ თუ გაიბზუებდნენ ფუტკრები, თუმცა ზვირთების ხმა მათ წყნარ ზუზუნს ახშობდა. ხშირი დასახლების იქით ფიჭვის ჭალა იწყებოდა, მერე - ქვიშის ზოლი, რომლის მიღმა უკვე ზღვის ტალღები ქაფდებოდნენ. სასტუმროს შენობის ქვეშ ნაკადული მიედინებოდა, რომელიც ზღვაში ჩაშვებამდე კიდევ უფრო ფართოვდებოდა და სადილის შემდეგ მასში ბატებს უშვებდნენ, რომლებიც წყალში ფრთებს ატყლაშუნებდნენ და ყიყინებდნენ.
იმას ვამბობდი, რომ ტომოკოს სამი შვილი ჰყავს: ექვსი წლის კიეო, ხუთი წლის კეიკო და სამი წლის კაცუო. სამივე პლაჟზე გაეშურა იასუესთან, ტომოკოს ქმრის დასთან ერთად. ახალგაზრდა დედამ გულმოწყალე მულს სთხოვა, ბავშვებს თან ხლებოდა, თვითონ კი გადაწყვიტა, ცოტა თვალი მოეხუჭა. იასუე შინაბერა იყო. როცა ტომოკოს ქალიშვილი გაუჩნდა და გაუჭირდა ორ ბავშვთან გამკლავება, ქმართან ბჭობის შემდეგ პროვინციაში მცხოვრები მული თავისთან, ტოკიოს ბინაში მიიწვია. ძნელი სათქმელია, რატომ არ გათხოვდა იასუე. მზეთუნახავი არ იყო, მაგრამ ვერც გონჯს უწოდებდი. რამდენჯერმე სთხოვეს ხელი, მაგრამ ყველას უარს ეუბნებოდა და ასე გაექცა დრო. იასუეს უფროს ძმაზე მზე და მთვარე ამოსდიოდა და ტოკიოში ცხოვრებაზეც ოცნებობდა, მით უმეტეს, რომ შინაურები ვიღაც ადგილობრივ მდიდარ მოხუც კაცზე აპირებდნენ მის გათხოვებას. ასე რომ, ტომოკოს წინადადება ჭკუაში დაუჯდა.
მული სიბრძნითა და გონიერებით არ ბრწყინავდა, მაგრამ სამაგიეროდ, მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი ჰქონდა. ტომოკოს ისე მიმართავდა, როგორც უფროსს, არადა ტომოკო მასზე გაცილებით უმცროსი იყო, და საერთოდაც ძმის ცოლს ხაზგასმული პატივისცემით ეპყრობოდა. დროთა განმავლობაში მისი პროვინციული მეტყველება ისე აღარ შეიმჩნეოდა. ტომოკოს შინაურ საქმეებში ეხმარებოდა, ბავშვებს უვლიდა, ხოლო მას მერე, რაც ძმამ კერვის კურსებზე ჩაწერა, მთელი ოჯახისთვის კერავდა კიდეც. იასუე ხშირად დადიოდა გინძუში1, მოდური მაღაზიების ვიტრინებს ათვალიერებდა და ახალი ფასონის კაბას თუ კოსტიუმს თუ მოჰკრავდა თვალს, მაშინვე ჩაიხატავდა სპეციალურ ბლოკნოტში. ამის გამო გამყიდველებმა რამდენჯერმე უსაყვედურეს კიდეც.
დღეს იასუე პლაჟზე ერთ-ერთი ყველაზე მოდური მწვანე საცურაო კოსტიუმით გავიდა. თუმცაღა ამჯერად ის არ იყო მისი „წარმოების“, უნივერმაღში ეყიდა. იასუე ძალიან ამაყობდა თავისი თეთრი კანით და არ აღიარებდა ნამზეურს, ამიტომაც წყლიდან გამოსული სასწრაფოდ ქოლგის ქვეშ წვებოდა. ბავშვები ქვიშის სასახლეს აშენებდნენ და იასუემ უსაქმურობის გასაქარვებლად თავის ფითქინა ფეხებზე სველი ქვიშის დაყრა დაიწყო. ქვიშა სწრაფად შრებოდა და იფრქვეოდა, ფეხებზე მუქ კლაკნილებს ქმნიდა, რომელშიც ალაგ-ალაგ ნიჟარების ნამტვრევები ბრწყინავდა. უცებ შეეშინდა, რომ ჭუჭყს ვერ მოიბანდა და სწრაფად მოიშორა ხელით მთელი ეს სილამაზე. ქვიშის გორაკიდან რაღაც ნახევრად გამჭვირვალე მუმლი გამოფრინდა და გაუჩინარდა.
იასუე იდაყვებს დაეყრდნო, ფეხები გაშალა და ზღვას მიაცქერდა. ჰორიზონტზე