თავი 1 - ბზარი რეალობაში ისტორიის დაწყება ყოველთვის რთულია. ზუსტად ისე, როგორც დილით გაღვიძება, როცა საწოლი ისე თბილად და ნაზად გხვევს, თითქოს ცდილობს, არ გაგიშვას. გეხვევა, ჩუმად გიმღერს და გეუბნება: არ წახვიდე, ჯერ არ წახვიდე... და შენც არ გინდა.
არც ის გინდა, რომ მზის სხივმა მოულოდნელად შემოაღწიოს ფარდებს შორის და თვალზე უხეშად გაგიაროს, გეგონება სამყაროს რაღაც ეჩქარებაო, მაგრამ ასე ნამდვილად არაა.
ყველაზე რთული კი მაინც ის შეგრძნებაა, როცა აცნობიერებ, რომ უნდა ადგე. უნდა შეასრულო ყველა ის ვალდებულება, რომელიც შენთვის არავის დაუწერია, მაგრამ მაინც რატომღაც გევალება. უნდა მოირგო შენი დღე, როგორც ზედმეტად მჭიდრო ტანსაცმელი, რომელიც სუნთქვას გიჭერს. ამისდა მიუხედავად, ხვდები იმას, რომ სხვა გზა არ გაქვს, უნდა ჩაიცვა და გახვიდე გარეთ.
არადა, წლების წინ, მაშინ როცა ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით, არავის ეგონა, რომ დიდობა ასეთი რთული იქნებოდა. პირიქით, ყველა ოცნებობდა მალე გაზრდაზე, სამსახურზე, იმ თავისუფლებაზე, რომელიც ეგონათ "დიდობაში" იმალებოდა. გვჯეროდა, რომ როცა გავიზრდებოდით, ყველაფერი ჩვენებურად იქნებოდა, გავაკეთებდით იმას, რაც გვინდა და როგორც გვინდა.
მაგრამ ახლა, როცა მართლაც გავიზარდეთ, უკვე იმაზე ვოცნებობთ, როგორმე დრო უკან დავაბრუნოთ. ისევ იქ გვინდა, იმ ბავშვობაში, სადაც უდარდელები ვიყავით, როდესაც ჯერ კიდევ ყველაფერი ფერადად ჩანდა. იქ, სადაც ბედნიერება უბრალოებში იყო და არავინ გვავალებდა იმის კეთებას, რაც შინაგანად არ გვსურდა.
მართლაც რთულია...
ალბათ, ადამიანს, რომ დაბადებამდე დაანახო ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ელის, შესაძლოა უარიც თქვას ამ გზაზე და ისევ იმ სიმშვიდეში დარჩეს, სადაც არაფერია ნაღვლიანი და მძიმე.
მაგრამ ამაზე საუბარს ახლა არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ამას ახლა ვერავინ გაიგებს, ვერც მე და ვერც ვინმე სხვა, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის... მხოლოდ მას შეუძლია სიცოცხლის გზის მართვა, ჩვენ კი, უბრალოდ, მას მივყვებით.
სწორედ ასე ფიქრობს ახალგაზრდა შავ მანტოში გამოწყობილი ბიჭი, რომელიც სადღაც წინ მიაბიჯებს ცოტა დაბნეულად, მაგრამ მაინც მამაცურად. წინა თვეში გახდა 22 წლის და სჯერა, რომ ახლა იწყება მისი ნამდვილი ცხოვრება და იქნებ მართალიცაა... რადგან სწორედ აქედან იწყება მისი საქმიანი, პასუხისმგებლობით სავსე გზა. მანამდე ყველაფერი მხოლოდ წინასიტყვაობა იყო. მხოლოდ ილუზია. არსებობს მოსაზრება იმისა, რომ ადამიანი დაბადებიდან ვერაფერს ხედავს და ვერაფერს გრძნობს, ასევე ვერაფერს იმახსოვრებს, მხოლოდ ინსტინქტურად ცხოვრობს, აი, დაახლოებით 5 წლის შემდეგ კი იძენს იმ ყველა გრძნობას, რაც ადამიანს სჭირდება მომავალში. ამისდა მიუხედავად, ჩვენი მთავარი გმირის მოგონებები იწყება არა 5 წლის ან 6 წლის შემდეგ, არამედ უფრო ადრეც კი, რადგან მას კარგად ახსოვს ის მომენტი, როდესაც დაიბადა, როგორ გამოვიდა დედის სხეულიდან და გახდა იმ საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ადამიანი ჰქვია. მართალია მისი მახსოვრობა იწყება დაბადებიდან, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო უკვირდება, რომ კარგავს ცხოვრების რაღაც დეტალებს, თითქოს მახსოვრობა უქვეითდება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველაფერი დაახლოებით 4 თვის წინ დაიწყო. იმ დღიდან რაღაც შეიცვალა. პირველად შეამჩნია, რომ წინა დღის გარკვეული მონაკვეთები სრულად აღარ ახსოვდა. ეს უცნაური სიცარიელე მის გონებაში ახალ შეგრძნებებს იწვევდა. მსგავსი რამ არასდროს ჰქონია, თუმცა... არც გაუღრმავებია. თითქოს რაღაც შიგნიდან ეუბნებოდა, რომ ჯობდა არ ეძებნა პასუხები. ამიტომაც, ვითომ არაფერი, ისე განაგრძო ჩვეული ცხოვრებით ცხოვრება... მაგრამ მაინც სადღაც, მისი გონების სიღრმეში ეს კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ არ ჰქონია, მოსვენებას არ აძლევდა.
მთლად ისე ცუდადაც არ არის ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს. ახლა ის ჩვეულებრივად ცხოვრობს, არაფრით გამორჩეული დღეები, არაფრით განსაკუთრებული ღამეები. კარგ აღნაგობასთან ერთად მკვეთრი ნაკვთები აქვს, ახოვანი და თავდაჯერებული ბიჭია. ვინც პირველად ნახავს, ვერც კი იფიქრებს, რომ რამე არეულობა შეიძლება იმალებოდეს მის გონებაში.
დღესაც, როგორც ყოველთვის, ზანტად წამოდგა საწოლიდან, თან ისეთი მზერით, თითქოს ჯერ კიდევ ძილში იყო. გზად ქალაქის ქუჩას დაადგა და პირდაპირ თავის საყვარელ ბარს მიაშურა. კარი შეაღო, ნაცნობს გაუღიმა და უხმოდ დაიკავა ადგილი.
ახლა კოქტეილს სვამს. არც ახსოვს, რა უთხრა ბარმენს, უბრალოდ ჩაილაპარაკა: "ჩამომისხი". ბარმენმაც ნაცნობი ჟესტით დაუქნია თავი, სწრაფად შეუდგა მზადებას და მალევე მიაწოდა ჭიქა. თითქოს იცოდა, ზუსტად რისი დალევაც უნდოდა.
გარეთ თოვს, სიცივე ყველაფერს ემჩნევა, ქუჩებს, კედლებს … მზე არსად ჩანს, არც მისი ოდნავი სხივიც კი არ ეფინება ქალაქს, თითქოს მანაც რაღაც იცის და ამიტომაც სადღაც იმალება და თავს არ აჩენს. თითქოს შიშობს