1. სენეკა მიესალმება ლუკილიუსს
[1]ასეც მოიქეცი, ჩემო ლუკილიუს - მოიპოვე თავისუფლება თავად შენთვისვე, გაუფრთხილდი და დაზოგე დრო, რომელიც უწინ წაგართვეს ან მოგპარეს, ან ხელიდან დაგისხლტა. დამერწმუნე, რომ სიმართლეს გწერ. დროის ნაწილს ძალით გვტაცებენ, ნაწილს შეფარვით გვპარავენ, ნაწილი ხელიდან გვეცლება, მაგრამ ყველაზე სამარცხვინო ის არის, რასაც ჩვენივე დაუდევრობით ვკარგავთ. ყურადღებით დააკვირდი: ცხოვრების უდიდესი ნაწილი იფლანგება მაშინ, როცა ფუჭად ვირჯებით, მნიშვნელოვანი ნაწილი - მაშინ, როცა უმოქმედოდ ვართ და მთელი სიცოცხლე - მაშინ, როცა სხვა რამეზე ვართ მოცდენილი.
[2]მიჩვენებ განა ისეთ ვინმეს, ვინც იცის დროის ყადრი, ვისთვისაც დღე ფასეულია, ვისაც ესმის, რომ იგი ყოველდღიურად კვდება? სწორედ აქ ვიტყუებთ თავს, როცა სიკვდილს მომავალში ვხედავთ, მისმა დიდმა ნაწილმა კი უკვე ჩაგვიარა. ჩვენი სიცოცხლის რამდენმა წელმაც განვლო, ყველა ხომ უკვე სიკვდილის კლანჭებშია მოქცეული. ისე მოიქეცი, ჩემო ლუკილიუს, როგორც მწერ: ხელიდან არ გაუშვა არც ერთი საათი. თუკი დღევანდელ დღეს მოიხელთებ, ნაკლებად დამოკიდებული იქნები ხვალინდელზე. გადადება-გადადებაში ცხოვრება ჩაგიქროლებს.
[3]ყველაფერი, რაც გვაქვს, ლუკილიუს, ჩვენ არ გვეკუთვნის. მხოლოდ დროა ჩვენი. ბუნებამ ფლობისთვის გვიბოძა მხოლოდ ხელიდან გამსხლტომი და ცვალებადი დრო, მაგრამ მასაც გვართმევს ის, ვისაც მოუნდება. მოკვდავთა უგუნურება ასეთია: როდესაც ისესხებენ რაღაც უმნიშვნელოს, მდარესა და ადვილად ჩასანაცვლებელს, ვალად აღიარებენ, მაგრამ დროს თუ დაუთმობ, ამისთვის თავს მოვალედ არავინ მიიჩნევს, არადა, ეს ერთადერთია, რასაც მადლიერი ადამიანიც კი ვერ აგინაზღაურებს.
[4]შეიძლება იკითხო: თავად როგორ ვიქცევი, როცა ამ მითითებებს გაძლევ? გულწრფელად ვაღიარებ: როგორც მფლანგველმა, მაგრამ დაკვირვებულმა ადამიანმა, ვიცი, რამდენი დავხარჯე. ვერ ვიტყვი, რომ დანაკარგი არ მაქვს, თუმცა იმის თქმა მაინც შემიძლია, რამდენს ვკარგავ და როგორ. ჩემი ხელმოკლეობის მიზეზებსაც დავასახელებ: მეც იგივე დამემართა, რაც იმ ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც უკმარობამდე თავიანთი ბრალეულობით არ მისულან - ყველა მიბოდიშებს, მაგრამ შეწევნა არავის შეუძლია.
[5]მერე რა? ღარიბად არ მიმაჩნია ის, ვინც იმითაც კმაყოფილია, რაც შემორჩა, თუმცა, ვამჯობინებ, შეინარჩუნო ის, რაც შენია და ათვლის წერტილად ხელსაყრელი დრო შეარჩიო, რადგან, ჩვენი წინაპრების სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსკერზეღა რომ დარჩება (აფორიზმი ამოღებულია ცნობილი ბერძენი პოეტის, ჰესიოდეს (ძვ. წ. VIII ს.), პოემიდან „სამუშაონი და დღენი“ (369). სენეკა ამ აფორიზმით იწყებს და წესად აქცევს, რომ ყოველი წერილი ბრძნული შეგონებებით დაასრულოს.), მაშინ მომჭირნეობა გვიანია. ის, რაც ძირშია, არა მარტო ძალზე ცოტაა, არამედ - ყველაზე მდარეც.
იყავი კარგად.