საჯილდაო ქვა
სოფელ შუბათს რომ გასცდებით, საურმე ორღობიდან მარცხნივ ერთი ვიწრო, აღმართიანი გზა უხვევს. ამ აღმართს გზა არც კი ეთქმის, უფრო განიერი ბილიკია; ძლევის ქედის სასაფლაოსკენ მიდის და „გიორგის გზას“ ეძახიან.
გიორგის გზას თუ აივაკებს კაცი, პირველსავე საფლავის თავთან ერთ მოზრდილ ლოდს დაინახავს. ეს ლურჯი ლოდი ერთი შეხედვით ძველისძველი კუთხეებგადალესილი და დამრგვალებული საფლავის ქვა გეგონებათ, მაგრამ თუ გამოიკითხავთ ან კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს ასე არ არის. ლოდს თავისი თავგადასავალი აქვს და სხვა მხრივ არის დაკავშირებული ამ საფლავთან.
ამ ლოდისთვის ხალხს „თენგოს ლოდი“ დაურქმევია.
ზოგიერთი ძველი შუბათელი ლურჯი ლოდის მივიწყებულ სახელსაც იხსენებს და ამ ლოდს „ხიზამბარელის ქვას“ ეძახის.
გიორგის გზა...
თენგოს ლოდი...
ხიზამბარელი...
გიორგი და თენგო მამა-შვილი ყოფილან. ამ სოფელში უცხოვრიათ, ჩვენს დროში. არც ერთს არ დაუხუჭავს თვალი ჩვეულებრივი სიკვდილით, საკუთარ ტახტზე, ორივე ამ სასაფალაოზე, თითქმის ერთ ადგილას გარდაცვლილა და ახლა აქვე, ერთმანეთის გვერდით წვანან. შვილი – ადრე, სიჭაბუკეშივე დაღუპულა, მამა – გვიან, ღრმა სიბერეში.
თენგოს ლოდს მოლურჯო-მომწვანო ფერიმჭამელა თუ ხავსის მინაგვარი ხაო მოსდებია და ოდესღაც გულდაგულ გამოყვანილი წარწერა დაუფარავს. ასოები ალაგ-ალაგ ჩანს, მათი უმრავლესობა ამოცვეთილი და გადალესილია. ზოგი დროის, ზოგი კაცის ხელით. მხოლოდ ერთგან დაკვირვებული თვალი ძლივს ამოიკითხავს ორ ერთმანეთზე მიჯრილ სიტყვას: „სიკვდილითა სიკვდილისა“...
ვინ იცის, ოდესღაც ვისი სამარის ტაგრუცი იყო ეს ტყვიასავით მძიმე ლოდი. იქნებ აქვე მდგარი ჯვარწამტვრეული საყდრის ამშენებლის სულის მავედრებელი ქვაც არის, დროთა ბრუნვაში კედლიდან ძირს ჩამოვარდნილი.
როგორც ჩანს, ეს წარწერიანი ქვა ჟამთასვლაში ღონის საცდელ სავაჟკაცო იარაღად ქცეულა.
მძიმე ქვის აწევის სპორტი ძველ საქართველოში ძალზე გავრცელებული ყოფილა. ასაწევად სხვადასხვა მოყვანილობისა და სიმძიმის ლოდებს იყენებდნენ, უმთავრესად მრგვლად გამოკვერცხილ ქვებს.. მათ საჯილდაო ან საფალავნო ქვებს ეძახდნენ.
ჩვენს დრომდე მოღწეულ საჯილდაო ქვებს წარწერები არა აქვთ. თუ ოდესმე ექნებოდათ, წარწერაც შესაფერისი უნდა ყოფილიყო, დაახლოებით ისეთი მოკლე და სხარტი, როგორიც ძველად თუნგიან ყანწებს ამშვენებდა: „ვინც დამცლის, იმისი ვარ“. საფალავნო ლოდზეც ორიოდე სიტყვა უთუოდ იქნებოდა: „ვინც ამწევს...“ ან „ვინც ასწევს... მიიღოს ჯილდოთა...“ და სხვა.
ჰქონდა თუ არა საჯილდაო ქვებს ასეთი წარწერები, ამას ჩვენი მოთხრობისათვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეს წილადობილა გვაიძულა ძლევის ქედის ლურჯი ლოდის ერთ გვერდზე შერჩენილი ძველი წარწერის უცნაურმა ნაწყვეტმა: „სიკვდილითა სიკვდილისა“.
ასეთი წარწერა საჯილდაო ქვას თითქოს არ შეეფერება და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს ლოდი, სანამ მას საფალავნო ქვად გამოიყენებდნენ, სხვა დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო.
მაგრამ დავეხსნათ ამ წარწერას... ჩვენი ამბავი ამ წარწერიანი ლოდის გარშემო ტრიალებს და, ალბათ, მკითხველი ისედაც შესძლებს სტრიქონთა შუა მის ამოკითხვას.
ძლევის ქედის საჯილდაო ქვა თავისი სიდიდითა და სიმძიმით განსაკუთრებულია. მას შეიძლება ეწოდოს „დედა ლოდი“ საქართველოს სხვა ადგილებში შერჩენილი საჯილდაო ქვებისა.
სოფელ შუბათში, მის ახლომახლო სოფლებსა და, საერთოდ, ქართლში ასახელებენ მხოლოდ ორ კაცს, ვისაც ამ ქვასთან შეჭიდებით სახელი მოუპოვებია.
ერთი ყოფილა ნოსტელი კალატოზი, გვარად ხიზამბარელი, სახელი მისი აღარავის ახსოვს. მას ამ ასი წლის წინათ უსახელებია თავი.
დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ ამ სავაჟკაცო ქვის აწევის დროს დაღუპულა შუბათელი ჭაბუკი თენგო კობაიძე.
თენგო კობაიძის სიკვდილმა ხიზამბარელი ხელახლა გააცოცხლა.. ჩვენი დროის ჭაბუკმა ხელი გაუწოდა დავიწყებულ გოლიათს და ფეხზე წამოაყენა...
ლურჯი ლოდი თენგო კობაიძის საფლავთან ძეგლივით არის აყუდებული. გიორგის გზაც ამ ლოდთან წყდება...
ახლა, როცა შუბათში გიორგისა და თენგოს გაიხსენებენ, ხიზამბარელის ამბავსაც მოჰყვებიან ხოლმე. მე კი ხიზამბარელის ამბით დავიწყებ.