თავი 4
„მარეგულირებლები“
საღამო ჩამოწოლილიყო ქალაქ ლონდონში.
წვიმა ისევ მოდიოდა — მძიმე, დაუსრულებელი, და ქვაფენილზე დაცემისას ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს მთელი ქალაქი ერთსა და იმავე რიტმში სუნთქავდა.
ქუჩებში პატრულები გაორმაგებული იყო. პოლიციელები ქალაქის ყველა კუთხეში იდგნენ.
ხალხი ქუჩებში იშვიათად ჩანდა — ვინც გამოჩნდებოდა, ჩქარი ნაბიჯით გადიოდა, თითქოს იმ ღამის ეშინოდათ, რომელიც ჯერ არც კი დაწყებულიყო.
ქალაქის პოლიციის მთავარი შენობა შიგნიდან განათებული იყო.
ფანჯრებიდან თბილი, ყვითელი შუქი გამოდიოდა, მაგრამ შიგნით სიმშვიდე არ იგრძნობოდა.
სერ რეჯინალდ ჰემბროკი თავის ოთახში იჯდა.
ოთახი მძიმე, ძველი ავეჯით იყო სავსე — სქელი ხის მაგიდა, რომლის ზედაპირზეც დოკუმენტების გროვა ელაგა, კედლებზე ჩამოკიდებული რუკები და კუთხეში მდგარი ღუმელი, სადაც ცეცხლი ნელა იწვოდა.
მაგიდაზე დადებული ნავთის ლამპრის შუქი მაგიდაზე არსებულ ფურცლებზე ირხეოდა.
სერ რეჯინალდი ფანჯრიდან ქუჩას გაყურებდა, ხელში ჩაის ჭიქა ეჭირა და მძიმედ სვამდა.
წვიმა არ ჩერდებოდა.
მინის ზედაპირზე წყლის ნაკადი ჩამოდიოდა.
სერ რეჯინალდმა ნელა ამოისუნთქა, შემდეგ უკან მობრუნდა და მაგიდასთან დაბრუნდა.
მაგიდაზე დადებული ფურცლები ხელში აიღო და გადაშალა. ერთი, მეორე, მესამე...
— ყველა ერთმანეთს ჰგავს... — ჩაილაპარაკა ჩუმად.
მან ერთ-ერთი დამნაშავის ჩვენება აიღო, შემდეგ მეორისას გადახედა — სიტყვები თითქმის იდენტური იყო.
— არაფერი ახსოვთ... არც ერთს...
ამ დროს კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა.
— მობრძანდით.
კარი ნელა გაიღო და სერ რეჯინალდის თანაშემწე გამოჩნდა. ოდნავ დაბნეული ჩანდა.
— სერ... — დაიწყო მან,
— ქალაქ ედინბურგთან მდებარე სოფლიდან სამი უცხო მამაკაცი მოვიდა...
რეჯინალდმა თავი ასწია.
— ედინბურგთან?
— დიახ, სერ... — გააგრძელა თანაშემწემ,
— ამბობენ, რომ სოფელ რევენმურიდან არიან...
და, როგორც თავად ამბობენ, ჩვენი მდგომარეობის შესახებ უკვე აქვთ ინფორმაცია.
მოკლე პაუზა.
— და რა სურთ?
— აცხადებენ, რომ სიტუაციაში გარკვევა და დახმარება სურთ.
ოთახში რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. გარედან შემოსული წვიმის ხმა ისევ აღწევდა ოთახის სიღრმეში.
სერ რეჯინალდმა მაგიდის ფურცლები ნელა დააწყო მაგიდაზე.
— შემოიყვანეთ.
თანაშემწემ თავი დაუკრა და გავიდა. რამდენიმე წამში კარის მიღმა ნაბიჯების ხმა გაისმა.
მძიმე, თანაბარი ნაბიჯები. არ ჩქარობდნენ.
სერ რეჯინალდის კაბინეტის კარები ისევ გაიღო და ოთახში სამნი შემოვიდნენ.
მათ წვიმის სუნი შემოჰყვათ ოთახში.
სამივე უცნობი ერთიანად იდგა სერ რეჯინალდის მაგიდის წინ.
მუქი, გრძელი პალტოები ეცვათ — წვიმისგან გაჟღენთილი ქსოვილი მძიმე ნაკეცებად ეკვროდა მათ სხეულებს.
მკერდზე მეტალის პოლიციის თეთრი ვარსკვლავები ბზინავდა ნავთის ლამპრის შუქში.
შლიაპა ქუდები ხელში ეჭირათ. სამივეს ხელში შავი, მკაცრი ფორმის ჩემოდნები ეკიდათ — ერთნაირი, დაბალანსებული.
და კიდევ ერთი რამ — მკერდზე, პალტოს შიგნით, თითქმის შეუმჩნევლად, თითოეულს ჯვარი ჰქონდა დაკიდებული.
სამი მამაკაციდან ორი ერთმანეთს ჰგავდნენ — მკაცრი სახეები, გაუნძრეველი თვალები; ხმის ამოღებამდეც კი ჩანდა, რომ ემოცია მათთვის ზედმეტი იყო.
მესამე მამაკაცი განსხვავებული იყო.
მას გრძელი პალტოს შიგნით შავი სასულიერო სამოსი ეცვა — მღვდლის ფორმა, მკაცრად შეკრული საყელოთი, რომელიც კიდევ უფრო გამოკვეთდა მის ფერმკრთალ სახეს.
მღვდელი ნელა მიუახლოვდა მაგიდას და დაჯდა.
ერთ-ერთი უცნობი საერთოდ არ განძრეულა — ის იქვე იდგა, თითქოს მისთვის მოძრაობა საჭირო არ იყო.
მესამე მამაკაცი ოთახის ფანჯარასთან მივიდა, ფარდა ოდნავ გადააწია და გარეთ ქუჩაში გაიხედა.
ოთახში რაღაც შეიცვალა.
არც სიტყვები, არც ხმაური. მხოლოდ ძლიერი სიჩუმე ამ სამი უცხო მამაკაცის — თითქოს ირგვლივ ყველაფერი ამ სიჩუმეს უსმენდა.
სერ რეჯინალდს იგრძნო, რომ ჰაერი დამძიმდა, მკერდზე უხილავი წონა დააწვა. ენას თითქოს ვერ იმორჩილებდა... სიტყვა უნდა ეთქვა... მაგრამ ვერ თქვა.
მაშინ ის უცხო მამაკაცი, ვინც საერთოდ არ განძრეულა, ალაპარაკდა. მისი ხმა მშვიდი იყო. ზედმეტად მშვიდი.
— გამარჯობათ, სერ.
მოკლე პაუზა.
— ჩვენ სოფელ რევენმურის პოლიციის განყოფილებიდან ვართ.
— ოფიცერი რაილი.
მან ოდნავ დახარა თავი.
— მამა ადრიანი.
ოფიცერმა რაილმა მღვდლისკენ გაიხედა. მღვდელმა სერ რეჯინალდს თავი დაუქნია.
— და კაპიტანი ვალიანი.
ოფიცერმა რაილმა ახლა ფანჯარასთან მდგომ მამაკაცზე, აწეული გაშლილი ხელით, მიანიშნა სერ რეჯინალდს.
ფანჯარასთან მდგომ კაპიტანს კი უკან არ შემოუხედავს და ისევ ქუჩას გაყურებდა.
ოფიცერი რაილი კვლავ განაგრძობდა საუბარს.
— მსგავსი შემთხვევა... ზუსტად ასეთი... ჩვენ სოფელშიც მოხდა.
სერ რეჯინალდმა ძლივს ამოისუნთქა. მისი თვალები მათზე იყო მიპყრობილი.
— სამი ღამე... — განაგრძო რაილიმ, — ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. მთელი სოფლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი... ყაჩაღებად, ქურდებად... და მკვლელებად გადაიქცა.
მღვდელმა ხელები მაგიდაზე დააწყო.
— ყოველი დაკავებული ერთსა და იმავეს ამბობდა, — თქვა ჩუმად, — რომ არაფერი ახსოვდათ.
რაილიმ სიტყვა გააგრძელა:
— თითქოს ვიღაცამ... ჰიპნოზი გაუკეთა.
— შემდეგ... — თქვა მან, — ძველ ჩანაწერებში მივაგენით მსგავს შემთხვევას.
მოკლე პაუზა.
მისმა თვალებმა სერ რეჯინალდს მიაპყრო ყურადღება.
— და ერთ რამეს მივხვდით.
მისი ხმა არ შეცვლილა. არც გამძაფრებულა.
— საქმე ადამიანებთან საერთოდ არ გვაქვს. აქ საქმე გვაქვს... ბნელ ძალებთან, დემონურ სულებთან.
სერ რეჯინალდა ბოლოს ძლივს მოახერხა ხმის ამოღება. ყელი გაუშრა, თითქოს სიტყვები ერთმანეთში ებმოდა.
— როგორ თუ... ბნელ ძალებთან?.. რა დემონურ სულებზე ლაპარაკობთ?..
მისი მზერა ერთიდან მეორეზე გადადიოდა, თითქოს ელოდა, რომ რომელიმე მათგანი ახლა მაინც გაიღიმებდა და ყველაფერს სისულელედ აქცევდა.
მაგრამ არავინ გაუღიმა.
ფანჯარასთან მდგომმა ნელა გაუშვა ფარდას ხელი. ის მობრუნდა. მისი სახე უფრო მკაფიოდ ჩანდა ოთახის შუქში.
— კაპიტანი ვალიანი, — თქვა მან მშვიდად.
შემდეგ მაგიდისკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
— ჩვენც ზუსტად იგივე კითხვა დავსვით პირველ ღამეს.
მისი ხმა არ ჩქარობდა.
— მეორე ღამეს... უკვე პასუხებს ვეძებდით.
მღვდელმა — მამა ადრიანმა — ნელა გახსნა თავისი შავი ჩემოდანი. შიგნიდან ამოიღო ძველი, გაცვეთილი წიგნი.
წიგნის ყდა მუქი იყო, კიდეები — გაცრეცილი, და გვერდები — დროისგან გაყვითლებული. მან წიგნი მაგიდაზე დადო.
— ეს ვიპოვე, — თქვა ჩუმად,
— რევენმურის ძველ ეკლესიაში... სამსხვერპლოს ქვეშ.
კაპიტანმა ვალიანმა წიგნს დახედა, შემდეგ სერ რეჯინალდს.
— თავიდან გვეგონა, უბრალოდ ძველი ლეგენდა იყო.
მამა ადრიანმა ნელა გადაშალა გვერდები.
— აქ წერია, — თქვა მან დაბალი ხმით,
და წაიკითხა:
— „როდესაც ადამიანთა გონება ერთსა და იმავე სიცარიელეს იმეორებს, როდესაც ცოდვა ჩადენილია სხეულით, მაგრამ არა გულით, იცოდე — ეს აღარ არის ადამიანის ნება. ეს არის ჩრდილთა ნება, რომელიც სხეულს იყენებს, როგორც იარაღს, და ტოვებს მას დაუცველს და დამორჩილებულს.“
კაპიტანმა ვალიანმა საუბარი გააგრძელა.
— საქმე გვაქვს დემონურ ძალებთან... რომლებიც ადამიანის სხეულებში სახლდებიან...
და მთლიანად იმორჩილებენ მათ.
მისი მზერა სერ რეჯინალდს მიებჯინა.
მოკლე პაუზა.
— ისინი ატყვევებენ გონებას. და ყველაზე საშიში ის არის... რომ როდესაც ეს ყველაფერი მთავრდება... არაფერი რჩება — არც მოგონება, არც სინანული, არც კვალი. თითქოს ვიღაცამ უბრალოდ გამოიყენა ისინი... და შემდეგ დატოვა ცარიელი.
მამა ადრიანმა კვლავ გახსნა წიგნი. თითები ნელა გადაასრიალა გაცრეცილ გვერდებზე, თითქოს არა ტექსტს, არამედ დროის სიღრმეს ეხებოდა.
მან ამოისუნთქა... და წაიკითხა:
— „და ვითარცა შთაესახლოს ბნელი ნება ხორცსა კაცისა, არა მოაკლდეს მას მოძრაობა და სიტყვა, არამედ იქმნას იგი ჭურჭლად უცხო სულისა.
თვალი იხილავს, ხოლო არა იგრძნობს; გული სცემს, ხოლო არა ეკუთვნის მას.“
მამა ადრიანის ხმა ოთახი თითქოს სხვა დროში გადაიყვანა.
— „და იგი, რომელსა იხილავ შენ, ვითარცა ძმასა თუ მეზობელსა, არ არს უკვე იგი, არამედ ჩრდილთა მსახური, რომელი ხელით მისით იქმს საქმესა თვისსა.“
სერ რეჯინალდმა ნერწყვი უნებურად გადაყლაპა.
მამა ადრიანმა წიგნის გვერდები გადაატრიალა და კითხვა გააგრძელა.
— „ხოლო ვითარცა განეშოროს ბნელი ძალა სხეულსა, დარჩეს კაცი ვითარცა ცარიელი სახლი, და არა ჰყვეს მას მოგონება საქმეთაგან მისთა.
ვერ იხსენოს ცოდვა,
ვერ იცნოს ხელი თვისი,
ვერ თქვას — მე ვქმენი ესე.
რამეთუ გონება მისი შეკრული იყო და ნება — დამორჩილებული.“
მამა ადრიანმა წიგნი ნელა დახურა და საუბარი გააგრძელა, უკვე თავისი ხმით, წიგნის გარეშე:
— სამი ღამე გაგრძელდა რევენმურში ეს ყველაფერი.
— პირველ ღამეს... ვერაფერი გავიგეთ.
— მეორე ღამეს... უკვე ვიცოდით, რომ რაღაც არასწორი ხდებოდა... და ვცადეთ გაგვეჩერებინა.
— ვკეტავდით კარებებს... ვაყენებდით მორიგეებს... ვცდილობდით, ადამიანები ერთმანეთისგან დაგვეცვა.
— ისინი ერთმანეთს უტევდნენ... სახლებს ესხმოდნენ... ქალაქი საკუთარ თავს ებრძოდა.
კაპიტანმა ვალიანმა ისევ ნელა გაიხედა ფანჯრიდან.
წვიმა ისევ არ ჩერდებოდა.
— პირველი ღამე რევენმურში... — თქვა მან ჩუმად, — უბრალო დანაშაულად მივიჩნიეთ.
პაუზა.
— მეორე ღამეს კი... ხალხი სხვა სახეებით ვიპოვეთ... ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ... მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა.
სერ რეჯინალდის ხელი მაგიდაზე იყო ჩაჭიდებული. თითები გაუფითრდა.
— თქვენ ამბობთ... — მისი ხმა დაიბზარა, — რომ რაღაც... ადამიანებში შედის?
რაილი ნელა დაეთანხმა.
— და შემდეგ მათში ცხოვრობს და იმორჩილებს მათ.
სერ რეჯინალდმა ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.
— ანუ... — მისი ხმა უხეში და დაღლილი იყო, — თქვენ ამბობთ, რომ ადამიანი აკეთებს რაღაცას... მაგრამ არ იცის, რომ აკეთებს?
მამა ადრიანმა თავი ოდნავ დაუქნია.
— უფრო ზუსტად... — თქვა მშვიდად, — ადამიანი აკეთებს, მაგრამ ეს „ის“ აღარ არის, ვინც აკეთებს.
პაუზა.
— თითქოს სხეული უცვლე რჩება, მაგრამ მისი ნება იცვლება.
ფანჯარასთან მდგომმა კაპიტანმა ოდნავ უკან გამოიხედა.
— ჩვენ თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს რაღაც მასობრიცი სიგიჟე იყო, — თქვა ჩუმად.
— მერე... დავინახეთ, რომ ეს ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა.
სერ რეჯინალდმა ბოლოს ძლივს თქვა:
— და თქვენ ახლა გინდა მითხრათ... რომ ეს დღეს ღამეს ისევ მოხდება?
მამა ადრიანმა ხელები წიგნს დაადო, თითქოს მის შეკავებას ცდილობდა. შემდეგ კი სერ რეჯინალდს გახედა.
— ჩვენ დარწმუნებული ვართ ერთ რამეში, — თქვა ბოლოს.
პაუზა.
— ის, რაც რევენმურში დაიწყო... იქ არ დარჩენილა.
კაპიტანი ვალიანი ფანჯარას მოსცილდა. აღარ იყურებოდა გარეთ — მისი მზერა ახლა მთლიანად ოთახში დაბრუნდა. ვალიანი ოდნავ გადაიხარა წინ და სერ რეჯინალდს პირდაპირ ჰკითხა:
— ჯვრები თუ გაქვთ, სერ?
— რა ჯვრები? — გაუკვირდა რეჯინალდს. — რას გულისხმობთ?
ვალიანმა მშვიდად, თითქოს უკვე წინასწარ ჰქონდა ეს პასუხი, გააგრძელა:
— ჩვეულებრივი ჯვრები. ქრისტეს გამოსახულებით.
პაუზა.
— არ აქვს მნიშვნელობა ზომას. არც მასალას.
მისი ხმა ოდნავ გამკაცრდა.
— იმდენი უნდა იყოს, რომ მთელ მოსახლეობას ეყოს.
სერ რეჯინალდი სკამიდან ოდნავ წამოიწია.
— მთელ მოსახლეობას?.. — გაიმეორა მან დაბნეულად. — რატომ?
მამა ადრიანმა სერ რეჯინალდს შეხედა პირდაპირ.
— იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალოდ შემთხვევა, რომელსაც ვიკვლევთ.
პაუზა.
— ეს არის მდგომარეობა, რომელსაც უნდა შეეწინააღმდეგო.
სერ რეჯინალდმა თავი გააქნია, თითქოს ვერ იჯერებდა, რაც ესმოდა.
— და ჯვრები... — ნელა თქვა მან, — ამას შეაჩერებს?
ამჯერად პასუხი რაილიმ არ დააყოვნა.
— დიახ, სერ!
რაილიმ ოდნავ თავი დაუქნია, თითქოს წინასწარ გათვლილი ჰქონდა ეს გაგრძელება.
— შემდეგ დაგვჭირდება დიდი ზომის ოთხი ჯვარი, — თქვა მშვიდად, — ის, რაც ჩვენ ჩამოვიტანეთ.
პაუზა.
სერ რეჯინალდმა წარბი შეკრა, ჯერ ვერ ხვდებოდა სრულ სურათს.
რაილიმ განაგრძო:
— ისინი ახლა გარეთაა.
მისი ხმა ოდნავ გამკაცრდა.
— უნდა განთავსდეს ქალაქის ოთხ მხარეს — მის დასავლეთ, აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში.
სერ რეჯინალდი ნელა წამოდგა სკამიდან.
— რატომ იქ?
მამა ადრიანმა წიგნი ისევ გახსნა, მაგრამ ამჯერად თითქოს უფრო ფრთხილად — თითქოს გვერდები უკვე იცოდა, რასაც იტყოდა.
მან თითი წიგნის ძველ გვერდს დაადო და დაიწყო კითხვა:
— „და სადაც დაიდგას ნიშანი ჯვრისა, იქ შეიკვრება საზღვარი თვალუხილავი... არა გადმოვიდეს ბნელი ნება იმ ადგილსა, სადაც აღიმართა ნიშანი ნათლისა...“
მამა ადრიანმა ესეც უფრო მარტივად განმარტა:
— ეს ნიშნავს, სერ... რომ იმ ქალაქის გარშემო, სადაც ჯვრები იდგმება, ეს ქალაქს უხილავი ნათლის წრით შემოსაზღვრავს და ბნელ ძალებს შემოსვლის საშუალებას არ მისცემს.
პაუზა.
— თითქოს სივრცე „იკეტება“.
მამა ადრიანმა განაგრძო:
— „და ოთხგან განთავსდეს ნიშანი ესე — ნიშანი ჯვრისა, რათა შეიკრას ქალაქი, როგორც წრე დაცული...“
მან წიგნი ოდნავ დახურა, მაგრამ ხელი ზედ დატოვა.
— მარტივად რომ ვთქვათ... — თქვა უკვე თავისი ხმით, — ჯვრები ქმნიან ერთ დიდ ენერგიულ საზღვარს.
პაუზა.
— როგორც წრე, რომელიც ქალაქს გარს ეხვევა.
მან სერ რეჯინალდს შეხედა.
— და თუ ეს წრე სრულად დაიხურა...
მისი ხმა დამძიმდა.
— მაშინ ის, რაც გარედან მოდის, ვერ შემოვა ისე მარტივად, როგორც ახლა.
პაუზა.
— ქალაქი უნდა „დაიკეტოს“, სანამ გვიან არ არის.
კაპიტანმა ვალიანმა ნელა ამოსწია დახრილი თავი, ნელა გაასწორა. ამჯერად აღარავის შეხედა და ფანჯარას მიუბრუნდა.
ცის კიდეებში მძიმე, მოწითალო სიბნელე იდგა. მზე ჩადიოდა.
კაპიტანი ერთი წამით გაჩერდა.
შემდეგ ძალიან ჩუმად თქვა, თითქოს მათი საუბარი უკვე დაგვიანებული იყო :
— დავაგვიანეთ...
ოთახში ყველა გაჩუმდა.
კაპიტანმა ფანჯარას მზერა არ მოაშორა.
— მზე ჩადის... ისინი უკვე გამოდიან.
ოთახში სიჩუმე მაშინვე დამძიმდა.
რაილიმ ნელა გადახედა ფანჯარას, შემდეგ კაპიტანს.
მამა ადრიანმა ხელი ინსტიქტურად მაგრად მოუჭირა ძველ წიგნს, თითქოს მის სიმძიმეს ეყრდნობოდა.
სერ რეჯინალდი კი პირველად მიხვდა, რომ ეს აღარ იყო თეორია, არც ჩანაწერი და არც ლეგენდა — ეს უკვე გარეთ იწყებოდა.
და გარეთ, ქალაქის ქუჩებში, ლამპრების შუქსა და ჩამავალი მზის ბოლო ნარჩენებს შორის, სიბნელე ნელ-ნელა იწყებდა მოძრაობას...
კაპიტანმა ვალიანმა ფანჯრიდან მზერა ნელა მოაშორა. მან ღრმად ჩაისუნთქა.
— ამ ღამეს როგორმე ერთად გადავიტანთ... — თქვა მშვიდად, მაგრამ დაძაბულად. — ჩვენც თქვენთან ერთად ვიქნებით.
პაუზა.
მისი ხმა ოდნავ დამძიმდა.
— ვილოცოთ, რომ დილამდე მშვიდობიანად მივაღწიოთ.
კაპიტანმა ხელი პალტოს ჯიბეში ჩაიყო. ნელა ამოიღო პატარა, უბრალო კოლოფი.
გახსნა.
შიგნით პატარა ჯვარი იდო.
მან ჯვარი ამოიღო და ერთი წამით ხელში შეაჩერა. შემდეგ სერ რეჯინალდს მიუახლოვდა.
— ეს გაიკეთეთ, სერ... — თქვა ჩუმად. — და ყოველთვის თან გქონდეთ.
სერ რეჯინალდმა ნელა გამოართვა კაპიტანს პატარა ჯვარი და ხელში მოიმარჯვა.
გარეთ კი, ფანჯარაში, ქალაქი უკვე ღამეს ელოდა.
სერ რეჯინალდი ჯვარს ხელით მჭიდროდ ჩაეჭიდა და ერთ წამით ოთახს მოავლო თვალი.
ის აღარ გამოიყურებოდა მხოლოდ დაბნეული ადმინისტრატორივით — ახლა ის უკვე გადაწყვეტილებებს იღებდა.
— საკმარისია... — თქვა ჩუმად, მაგრამ მკვეთრად.
შემდეგ ხმა ასწია.
მისი ხმა ოთახიდან დერეფანში გაიჭრა.
— ყველანი მოემზადეთ!
გარეთ პოლიციის ოფიცრები მაშინვე ამოძრავდნენ. სკამების ხმა, სწრაფი ნაბიჯები — ყველაფერი ერთიან, დაძაბულ რიტმში გადავიდა.
სერ რეჯინალდი პოლიციის შენობაში დადიოდა და გზად ბრძანებებს გასცემდა:
— იარაღი! სრული აღჭურვილობა!
— არავინ გადის მოუმზადებლად!
— ორ წუთში ყველა მზად იყოს!
ოფიცრები სწრაფად იშლებოდნენ.
ზოგი თოფებს იღებდა, ზოგი ტყვიებს ამოწმებდა, ზოგი რკინის კარადებს ხსნიდა.
სერ რეჯინალდი სწრაფად გადაადგილდებოდა ოთახში და ოფიცრებს ამოწმებდა.
მისი ხმა აღარ იყო მშვიდი — ის იყო მკვეთრი და პრაქტიკული.