მელა
მინდორი თრთვილს გადაუთეთრებია. ცივა. ჩალიანში ლიკლიკით მიიპარება ნაკადული. მზე ამოსულა და ბრწყინავენ ჩალის ღერებზე შეხორხლილი ყინულის ნემსები. გაყინულა გუშინდელი ტალახიც.
ჩუმად მოსუნსულებს გაძვალტყავებული მელა. ნაკადულთან შედგება და წითელ ენას უხალისოდ ამოჰკრავს ყინულივით ცივ, უგემურ წყალს.
ჩალიანში თაგვი ფაჩუნობს, სოროდან ფრთხილად გამოუყვია ცხვირი და იქაურობას გაკვირვებული ათვალიერებს – ეხამუშება ყინვა და უცნაურად შეცვლილი გარემო.
ყურებდაცქვეტილი მელა გაფაციცებული ყნოსავს ჰაერს, სოროსკენ იცქირება, ხედავს თაგვის ნამიან დრუნჩს და მძივებივით პატარა თვალებს. თაგვიც უმალვე ამჩნევს ნადირს და ბნელ სოროში დაფეთებული იმალება.
მელა ამრეზილი დასცქერის მიწას, მერე გამალებული ფხოჭნის გაყინულ ბალახს და იმედგადაწურული შესაბრალისად ხავის – შია, საცოდავად უკაწკაწებს კბილები.
ცოტა ქვემოთ, კიდეებზე სიფრიფანა ყინულმოდებულ გუბეში, ბეღურები ჭყუმპალაობენ. ორნი არიან. ფრთებითა და პატარა ფეხებით ისვრიან შხეფებს და წყლის მტვერში მოჩანს ორი ლამაზი, ციცქნა ცისარტყელა. დანარჩენები კვრინჩხზე შემომსხდარან და მზეზე აელვარებულ, კამკამა წყალს ჩუმად უყურებენ.
მელა მონუსხულივით ათვალიერებს იმათ, გაკვირვებული ადევნებს თვალს ჰაერში გაბნეული ფერების ლივლივს და ცუდად უჭყრიალებს გალასტული მუცელი. მერე ჩაწვება და გუბეს ხოხვით უახლოვდება, ფრთხილად უყურებს კვრინჩხზე შემომსხდარ ჩიტებს, მაგრამ ისინი ვერაფერს ამჩნევენ, წყნარად ეჟივჟივებიან ერთმანეთს.
მელა ბუჩქს ეფარება. აქედან გუბემდე სამიოდ ნაბიჯიღაა დარჩენილი.
უეცრად, ბეღურები ჟივილ-ხივილით წამოფრინდებიან, მელა კი გუბეში ჩარჩენილ სულელ ჩიტებს ზედ დაახტება.
ერთი გაუფრინდება, მეორე კოჭლობითა და ფაფხურით მიხტუნავს ბუჩქებისკენ, მაგრამ მელა დაეწევა, თათს დასცხებს და სულს გააფრთხობინებს. კბილებდაკრეჭილი იცქირება აქეთ-იქით, თვალებს აკვესებს, ქეჩოზე ისე აშლია ბალანი, თითქოს ერთი პაწაწა, გალეული ბეღურა კი არა, კარგი ნასუქი ყვერული დაუჭერიაო.
ცოტა ხნის მერე ქვევით მისუნსულებს და ახლა თაგვის სოროებს ათვალიერებს.
წამომაღლებულ მზეს უკვე გაუდნია ქათქათა თრთვილი. ტალახიც გამდნარა და ილინჭყება. მინდორში ორნი მოდიან – მაღალი, სახეშეჯაგრული კაცი და პატარა ბიჭი. კაცს ორლულიანი თოფი ჰკიდია მხარზე. მოდიან და მოსაუბრობენ. ღელესთან შედგებიან, ჩაცუცქულები რაღაცას ათვალიერებენ მიწაზე.
– მელა ყოფილა, – ამბობს კაცი და ბიჭს თითით უჩვენებს დარბილებულ ტალახში დამჩნეულ ნაკვალევს, – ჩიტი დაუჭერია, აგე, სადა ყრია ბუმბული!
წაკუზულები აგრძელებენ გზას, ნაკვალევს მისდევენ. პატარა ბექის ძირში კვალი წყდება. აქ ჩრდილია და ისევ დევს თრთვილი. უიმედოდ იცქირებიან გარშემო.
– მამი, მამი!.. – ჩურჩულებს თვალებანთებული ბიჭი და ქვემოთ, ლაქაშებისკენ ახედებს.
კაცი გვიანღა ამჩნევს მელას, უფრო სწორად, იმის კუდის წვერსღა შეასწრებს თვალს და თოფმომარჯვებული მისდევს. ბიჭიც ბორძიკით აედევნება.
ლელიანიდან გამომხტარი მელა თავქუდმოგლეჯილი გარბის, აღარაფერს ერიდება, ეკალ-ბარდებში მიძვრება და გამწარებული ეძებს საიმედო თავშესაფარს. მარჯვნივ, ღელის პირზე ჯაგებია და იქ თუ შეასწრო, აღარაფერი უჭირს. მკაფიოდ ესმის მძიმე ჩექმების ბრაგუნი. უეცრად, თითქოს ზეცა მოინგრაო, დაიქუხებს, რაღაცა ცხელი და ძლიერი დაეძგერება ფერდში, ყირამალა გადაატარებს და მიწაზე დასცემს. საცოდავად ჩხავის და წამოდგომას ლამობს, მაგრამ აღარა აქვს არაფრის თავი – წევს და ამოღამებულ თვალებში პატარა, ყვითელი რგოლები ულივლივებს. მერე ფეხებს გააძაგძაგებს, სხეულში სიამის მომგვრელი, უცნაური სითბო ჩაეღვრება და თავდება.
აქოშინებული ბიჭი მოვარდება და მელას უსიცოცხლო სხეულს ჩუმად დასცქერის. კაცი აუჩქარებლად მოდის.
– განზე გადექ, ბიჭო! – დაბოხებული ხმით ეუბნება შვილს და მელას თოფის ლულას ფერდში უბაგუნებს, მერე ტალახიანი ჩექმის წვერით გადააბრუნებს და იცინის.
ბიჭი ჩაცუცქდება და შუშის ნამტვრევებივით უსიცოცხლო თვალებში ჩასცქერის. დაკრეჭილ კბილებში წითელი ენა გამოსჩრია მელას, დრუნჩიც სისხლითა აქვს მოსვრილი.
კაცი ზურგზე იკიდებს ნადირს და მიდის, კმაყოფილი მიაბიჯებს ტალახში.
თრთვილი გამდნარა, მზეც ნელა ეფარება ჩამუქებულ ღრუბლებს.
ბიჭს თოფი მიაქვს და დადარდიანებული ზეცას აჰყურებს.
მელა უსიცოცხლოდ ჰკიდია კაცის განიერ ბეჭებზე, აღარ უჭყრიალებს მუცელი, აღარც სიცივე და აღარც შიმშილი.