I
შეღამებისას იმხელა სიმძიმე აწვება გულზე, რომ სადმე უნდა ჩამოჯდეს სულის მოსათქმელად.
გარეთ ისეთი სიჩუმე არ არის, როგორსაც ელოდა. სინამდვილეში, სულაც არ არის სიჩუმე. შორეული ხმაური სწვდება, თუმცა კი პროვინციის გზატკეცილი აქედან სამი კილომეტრითაა დაშორებული. ისმის ჭრიჭინების ხმა, ძაღლების ყეფა, მანქანის სიგნალი, შეძახილი მეზობლისა, რომელიც შინ დაბრუნებულ პირუტყვს სადგომისკენ მიერეკება.
ზღვა ჯობდა, თუმცა უფრო ძვირიც იყო. მისთვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა.
და, ცოტაც რომ მოეთმინა, ცოტა კიდევ რომ დაეზოგა?
ურჩევნია, არ იფიქროს. თვალებს ხუჭავს, დივანზე ნელა ეშვება, სხეულის ნახევარი გარეთ რჩება, არაბუნებრივი პოზაა, სწრაფად თუ არ ამოძრავდება, კრუნჩხვები დაეწყება. ხვდება და უფრო მოხერხებულად წვება. თვლემს.
ურჩევნია, არ იფიქროს, მაგრამ ფიქრები საიდანღაც ჩნდება, მის სხეულს მსჭვალავს, ერთმანეთში იხლართება. ცდილობს, ისევე სწრაფად განდევნოს, როგორც შემოიჭრა, მაგრამ მასში გროვდება, ერთიმეორეზე ხვავდება. და თავად ეს ძალისხმევა – რომ განდევნოს და არ დაგროვდეს – საშინლად ღლის.
ძაღლი რომ ეყოლება, ყველაფერი უფრო გაადვილდება.
ნივთებს რომ დააწყობს, მაგიდას დაალაგებს, სახლის ირგვლივ მიწის ნაკვეთს მოაკოხტავებს, მორწყავს – რა გამხმარია ყველაფერი – გაწმენდს, – რა მოუვლელია ყველაფერი – როცა აგრილდება.
ბევრად უკეთესი იქნება, როცა აგრილდება.
სახლის პატრონი პეტაკასში ცხოვრობს, პატარა დასახლებაში, რომელიც აქედან მანქანით თხუთმეტი წუთის სავალზეა. შეთანხმებულზე ორი საათით გვიან მოვიდა, ნატი ეზოს გვიდა, ჯიპის ძრავის ხმა რომ გაიგონა. თავი ასწია, თვალები მოჭუტა. კაცმა შუა გზაში, ზუსტად შესავლელთან გააჩერა მანქანა და ფეხისთრევით მისკენ დაიძრა. ცხელა. დღის თორმეტი საათია, მზე დაუნდობლად აცხუნებს.
დაგვიანებისთვის ბოდიშს არ იხდის. გვერდულად იღიმის. თხელი ტუჩები და ჩაცვივნული თვალები აქვს. ზოლიანი სამუშაო კომბინეზონი ცხიმის შხეფებითაა დაწინწკლული. ძნელი გამოსაცნობია, რამდენი წლისაა. მისი ასაკი წლებს კი არა, გაბეზრებულ მზერას, ჩამოყრილ მკლავებსა და მუხლების მძიმე მიხრა-მოხრას უკავშირდება. ნატის წინ ჩერდება, დოინჯს იყრის და აქეთ-იქით იცქირება.
– მაშასადამე, უკვე დავიწყეთ! ღამე როგორ გაატარე?
– კარგად. მეტ-ნაკლებად კარგად. უამრავი კოღოა.
– კომოდის უჯრაში აპარატია. აი, ის, კოღოებს რომ აფრთხობს. არ გინახავს?
– კი, მაგრამ სითხე არ ესხა.
– ბოდიში, გოგონა, – მკლავებს შლის და იცინის, – ესაა სოფელი!
ნატი ღიმილს არ უბრუნებს. ოფლის წვეთი საფეთქელთან მოცურავს. ხელის მტევნით ოფლს იწმენდს, თითქოს ამ მოძრაობაში პოულობს ძალას, რომ შეუტიოს.
– საძინებლის ფანჯარა კარგად არ იხურება და აბაზანის ონკანიდან წყალი ჟონავს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა ბინძურია ყველაფერი. ბევრად უფრო უარესია, ვიდრე მახსოვდა.
სახლის პატრონს სახეზე ღიმილი ეყინება და ნელ-ნელა უქრება. ყბა ეძაბება პასუხის გაცემისას. ნატი გრძნობს, რომ ბრაზიანი კაცია და უკან დახევის სურვილი უჩნდება. კაცი მკერდზე ხელებდაწყობილი ლაპარაკობს, ამტკიცებს, რომ ქალმა შესანიშნავად ნახა, რა მდგომარეობაში იყო სახლი და თუ ყველა წვრილმანს არ დააკვირდა, ეს მისი კი არა, ნატის პასუხისმგებლობაა. ახსენებს, რომ ფასი ორჯერ დაუკლო. ამასთანავე, ჰპირდება, რომ თავად შეაკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა. ნატი არ არის დარწმუნებული, რომ ეს კარგი აზრია, მაგრამ არ ეწინააღმდეგება. ეთანხმება და ოფლის მომდევნო წვეთს იწმენდს.
– ძალიან ცხელა.
– ამასაც მე დამაბრალებ?
კაცი ზურგს აქცევს და თავის ძაღლს ეძახის, რომელიც იქვე, მანქანის გვერდით მიწას ჩიჩქნის.
– ეს როგორ მოგწონს?
რაც მოვიდა, ძაღლს თავი არ აუწევია. ნერვიულად ყნოსავს მიწას მაძებარივით. უჯიშო ძაღლია, ნაცრისფერი, მაღალფეხება, გრძელდრუნჩიანი და ხეშეშბალნიანი. ოდნავ ატეხილია.
– მოგწონს თუ არა?
ნატს ენა ებმის.
– არ ვიცი. კარგი ძაღლია?
– რა თქმა უნდა, კარგი ძაღლია. სილამაზის კონკურსში ვერ გაიმარჯვებს, ამას თავადაც ხედავ, მაგრამ შენთვის ხომ სულერთია? აკი მითხარი, ჩემთვის სულერთიაო? რწყილები და სხვა ცუდი რამე არა ჰყავს. ახალგაზრდაა, ჯანმრთელი. ბევრს არ ჭამს, ამაზე არ შეწუხდები. თავად ეძებს საკვებს, ხან იქ, ხან აქ. თავს თვითონ გაიტანს.
– თანახმა ვარ, – ამბობს ნატი.
სახლში შედიან, ხელშეკრულებას კითხულობენ, ხელს აწერენ, ნატი დაუდევრად ჯღაბნის; ის – ცერემონიულად, კალამს მაგრად აჭერს ქაღალდზე. სახლის პატრონს მხოლოდ ერთი ასლი აქვს მოტანილი, ჰპირდება, როგორც კი შევძლებ, შენსას მოგაწვდიო. ნატი ფიქრობს, რომ სულერთია, ამ ხელშეკრულებას არავითარი ძალა არა აქვს, ხელშეკრულებაში მითითებული ფასიც კი ყალბია. აღარ ახსენებს ფანჯრის ან აბაზანის ონკანის პრობლემას. არც კაცი ამბობს რამეს. ხელს თეატრალურად უწვდის, თვალებს ჭუტავს, სახეში რომ უყურებს.
– სჯობს, კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ვიდრე ცუდი, – ამბობს.
მანქანაში რომ ჯდება და ქოქავს, ძაღლი არ