პროლოგი
I
ბავშვობაში მარჩელოს კაჭკაჭივით ხიბლავდა ნივთები. შეიძლება, იმიტომ, რომ მის მშობლებს, უფრო უყურადღებობით, ვიდრე სიმკაცრით, არც უფიქრიათ მისი მესაკუთრული ინსტინქტის დაკმაყოფილება. ან შეიძლება, იმიტომ, რომ მისი უფრო ღრმა და შავბნელი ინსტინქტები სიხარბემ დაჩრდილა: ბიჭი გამუდმებით სხვადასხვა საგნის დაუფლების დაუოკებელი სურვილით იყო შეპყრობილი. ნებისმიერი წვრილმანი: საშლელიანი ფანქარი იქნებოდა ეს, სურათებიანი წიგნი, შურდული, სახაზავი თუ ებონიტის სამელნე, მარჩელოს მძაფრ და დაუოკებელ სურვილს აღუძრავდა, მათი დაპატრონების შემდეგ კი ეს შეგრძნება ადგილს აღფრთოვანებასა და უსაზღვრო კმაყოფილებას უთმობდა. მას საკუთარი ოთახი ჰქონდა, სადაც ეძინა და მეცადინეობდა. იქ მაგიდაზე დაწყობილი ან უჯრებში შენახული ნივთებიდან ზოგი მისთვის ჯერ ისევ წმინდა იყო, ზოგს კი ეს სტატუსი უკვე დაკარგული ჰქონდა, იმის მიხედვით, რამდენი დრო იყო გასული მათი შეძენიდან. ეს ნივთები სახლში არსებულ სხვა ნივთებს არ ჰგავდა, რადგან უკვე განცდილ ან მომავალში განსაცდელ გრძნობებს უკავშირდებოდა და ვნებითა და იდუმალებით იყო დაღდასმული. მარჩელო აცნობიერებდა, რომ დაუფლების ეს წყურვილი უცნაური იყო და მისგან თან აღუწერელ სიამოვნებას იღებდა, თან განუწყვეტლივ იტანჯებოდა, ისე, რომ სინანულისთვის დროც კი არ რჩებოდა.
თუმცა ბიჭს ყველაზე მეტად მაინც იარაღი იზიდავდა, ალბათ, მისი მიუწვდომლობის გამო. არა სათამაშო იარაღი: თუნუქის თოფები, რევოლვერები ან ხის ხანჯლები, არამედ ნამდვილი იარაღი, რომელშიც მუქარის, საფრთხისა და სიკვდილის იდეა მხოლოდ გარეგნული ფორმით კი არაა განსახიერებული, არამედ მისი არსებობის პირველმიზეზია. სათამაშო რევოლვერით თამაშის დროს რეალური სიკვდილი შეუძლებელია, ნამდვილი რევოლვერით კი სიკვდილი არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ ისეთივე რეალურიცაა, როგორიც ცდუნება, რომელსაც მხოლოდ კეთილგონიერება აბრკოლებს. მარჩელოს რამდენჯერმე მიეცა საშუალება, ნამდვილი იარაღი სჭეროდა ხელში: სანადირო თოფი სოფელში, მამას რევოლვერი, რომელიც ერთხელ მამამ დააჭერინა ხელში. ორივე შემთხვევაში მარჩელოს ჟრუანტელმა დაუარა, თითქოს მისმა ხელმა, როგორც იქნა, იარაღის სახით თავისი ბუნებრივი გაგრძელება იპოვა.
მარჩელო უბანში ბევრ ბავშვთან მეგობრობდა და მალე შენიშნა, რომ იარაღისადმი მის ლტოლვას ბევრად უფრო ღრმა და შავბნელი მიზეზები ჰქონდა, ვიდრე ომობანათი დანარჩენების გულუბრყვილო გატაცებას. ბავშვების მოჩვენებით დაუნდობლობასა და მრისხანებას თამაშის სიყვარული ედო საფუძვლად და ამ მოჩვენებითობას გულწრფელ ემოციებთან არაფერი ჰქონდა საერთო. მარჩელოს შემთხვევაში, პირიქით, სწორედ დაუნდობლობა და რისხვა ეძებდა გამოსავალს ომობანას თამაშში და არა მხოლოდ თამაშში - მისი ყველა გასართობი განადგურებისა და სიკვდილისკენ იყო მიდრეკილი. იმ დროს მარჩელო თავისი სისასტიკის გამო არც სირცხვილს განიცდიდა და არც სინანულს. მისთვის ეს ბუნებრივი მდგომარეობა იყო. სისასტიკეში იგი სიამოვნებას პოულობდა, თუმცა იმჟამად მის საქციელში იმდენი ბავშვურობა იყო, რომ არც თვითონ მას და არც გარშემომყოფებს ეჭვს არ აღუძრავდა. მაგალითად, ზაფხულის ცხელ დღეებში ხანდახან ბაღში ჩადიოდა ხოლმე. ბაღი არც ისე დიდი იყო, მაგრამ კარგა ხნის მოუვლელობის გამო ერთიანად ჯაგს დაეფარა. მარჩელო იქ წკეპლით შეიარაღებული ჩადიოდა, რომელიც სხვენში ნაპოვნი საბერტყი ჯოხისთვის მოეძრო. რაღაც ხანს ხეების ჩრდილში ხრეშიან ბილიკზე დახეტიალობდა და მცენარეებს ათვალიერებდა. ბიჭი გრძნობდა, როგორ უბრწყინავდა თვალები, მისი სხეული კი თითქოს იმ კეთილდღეობის სრულად შეგრძნებას ლამობდა, რომელიც აყვავებული და სინათლით სავსე ბაღის სიხალისეს ერწყმოდა. თავს ბედნიერად გრძნობდა, მაგრამ ეს აგრესიული, სასტიკი ბედნიერება იყო, რომელიც თითქოს მიისწრაფოდა, სხვის უბედურებას შესდარებოდა. როგორც კი გაზონზე თეთრ- და ყვითელყვავილებიან გვირილების ბუჩქს, მწვანე ღეროზე შემდგარ წითელ ტიტას ან კიდევ კალის თეთრ მოზრდილ ყვავილებს დაინახავდა, წკეპლას ისე მოიქნევდა ხოლმე ჰაერში, გეგონებოდა, ხმალმა გაიელვაო. წასხეპილი ყვავილები და ფოთლები იქვე ეცემოდა, თავმოჭრილი ღერო კი ადგილზე რჩებოდა. ამგვარად, მისი ხალისი ორმაგდებოდა და ბიჭი იმ ტკბილ კმაყოფილებას განიცდიდა, რომელიც დიდი ხნის ჩახშობილი ენერგიის გამოშვებას მოაქვს. ამასთან, იგი ზუსტად ვერ ხვდებოდა, ძალაუფლებისა თუ სამართლიანობის შეგრძნება რატომ ეუფლებოდა. თითქოს ის ყვავილები დამნაშავეები იყვნენ, მარჩელო კი მათ სჯიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი დასჯა ხელეწიფებოდა. ამ გასართობის აკრძალულობა და დანაშაულებრიობა მარჩელოსთვის მთლად უცნობი არ იყო. სწორედ ამიტომ დროდადრო, თითქმის უნებლიეთ თვალს სახლისკენ აპარებდა, რომ მისაღები ოთახის ფანჯრიდან დედას ან სამზარეულოდან მზარეულს არ შეემჩნია. მარჩელო ხვდებოდა, რომ საყვედურის კი არ ეშინოდა, არამედ იმის, რომ მის ამ არანორმალურ საქციელს, რომელიც რატომღაც დანაშაულის გრძნობას უჩენდა, სხვა დაინახავდა.
ყვავილებიდან და მცენარეებიდან ცხოველებზე გადასვლა ისევე შეუმჩნევლად მოხდა, როგორც თავად ბუნებაში. მარჩელო ვერ იტყოდა, როდის შენიშნა, რომ მცენარეებისა და ყვავილების განადგურების სიამოვნება ცხოველების ტანჯვა-წამების შემდეგ უფრო მძაფრი და ღრმა ხდებოდა. შეიძლება, ამ გზაზე იმ