ბალთაზარი - I იმ დროს ეთიოპიაში მეფობდა ბალთაზარი. ბერძნებმა მას სარაცინი შეარქვეს. შავკანიანი იყო, სახით ლამაზი. ჰქონდა მარტივი გონება და კეთილშობილი გული. მეფობის მესამე წელს, რომელიც მისი ცხოვრების ოცდამეორე წელი იყო, იგი ესტუმრა ბალკისს, საბას დედოფალს. მას ახლდნენ მოგვი სემბობიტისი და საჭურისი მენკერა; მოჰყვებოდა სამოცდათხუთმეტი აქლემი დატვირთული დარიჩინით, მურით, ოქროს ქვიშითა და სპილოს ეშვებით. გზაში სემბობიტისი მეფეს ესაუბრებოდა პლანეტების გავლენაზე და ძვირფასი თვლების თვისებებზე, მენკერა კი უმღეროდა ლიტურგიკულ საგალობლებს; მაგრამ მეფე მათ არ უსმენდა. იგი უფრო პატარა ტურების ცქერით ერთობოდა, რომლებიც ყურდაცქვეტილები შორს, ქვიშიანი უდაბნოს ჰორიზონტზე ისხდნენ.
როგორც იქნა, თორმეტდღიანი მგზავრობის შემდეგ, ბალთაზარმა და მისმა მხლებლებმა შეიგრძნეს ვარდების სურნელი და დაინახეს ბაღები, საბას ქალაქს გარს რომ ეხვია.
აქ მათ იხილეს აფეთქებული ბროწეულების ქვეშ მოცეკვავე ქალწულები.
- ცეკვა ლოცვაა, - თქვა მოგვმა სემბობიტისმა.
- ეს ქალები დიდ ფასად გაიყიდებოდნენ, - თქვა საჭურისმა მენკერამ.
ქალაქში შესულები გააოცა მაღაზიების, დუქნების, ფარდულების, საწყობების, ბეღლების სიდიდემ და საქონლის სიუხვემ. დიდხანს იარეს ურიკებით, მტვირთავ-მზიდავებით, სახედრებით გაჭედილ ქუჩებში, ვიდრე უეცრად მათ წინ ბალკისის სასახლის მარმარილოს კედლები, მეწამული კარვები და ოქროს გუმბათები არ აღიმართა.
საბას დედოფალმა სტუმრები სურნელოვანი წყლის შადრევნებით გაგრილებულ ეზოში მიიღო. შადრევნების წყლის შხეფები მბზინავი მარგალიტებივით იფანტებოდნენ. დედოფალი ძვირფასი თვლებით გაწყობილ კაბაში იდგა და უღიმოდა მოსულთ.
მის დანახვაზე ბალთაზარი ძლიერ აღელდა. დედოფალი ოცნებაზე ტკბილი და ნანატრზე უფრო მშვენიერი ეჩვენა.
- მბრძანებელო, - წასჩურჩულა სემბობიტისმა, - ეცადეთ დედოფალთან ხელსაყრელი სავაჭრო გარიგება დადოთ.
- ფრთხილად იყავით, ბატონო, - დაუმატა მენკერამ, - ამბობენ, იგი ჯადოსნობას მიმართავს იმისთვის, რომ კაცებს თავი შეაყვაროს.
და მოგვი და საჭურისი წელშიმოხრილები იქაურობას განერიდნენ.
დედოფალთან პირისპირ დარჩენილმა ბალთაზარმა დალაპარაკება სცადა, ბაგეც გააპო, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ წარმოთქვა. იფიქრა: „ჩემი სიჩუმე დედოფალს გააღიზიანებს“.
მაგრამ მასპინძელი იღიმებოდა და გაბრაზება ოდნავ არ ეტყობოდა.
საუბარი მან პირველმა წამოიწყო და უტკბეს მუსიკაზე უფრო ტკბილი ხმით თქვა:
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩემთან ახლოს დაბრძანდით, - და თითით, რომელიც თეთრი სინათლის სხივს წააგავდა, მიუთითა ძირს დაფენილ მეწამულ ბალიშებზე.
ბალთაზარი დაჯდა, ერთი ამოიოხრა, თითო ხელში თითო ბალიში აიღო და წამოიძახა:
- ქალბატონო, როგორ მინდა, ეს ორი ბალიში ორი გოლიათი იყოს, თქვენი მტერი. მე მათ კისერს მოვუგრეხდი.
და მან ისე მაგრად მოუჭირა ხელი ბალიშებს, რომ ქსოვილი დაიხა და იქიდან თეთრი ბუმბულის ღრუბელი ამოიფანტა; ერთი პატარა ბუმბული ერთხანს ჰაერში დაეკიდა, შემდეგ კი დედოფლის მკერდზე დაესვენა.
- ხელმწიფევ, რად გინდათ გოლიათების მოკვლა? - ჰკითხა წამოწითლებულმა ბალკისმა.
- იმიტომ, რომ მიყვარხართ, - უპასუხა ბალთაზარმა.
- მითხარით, თქვენი დედაქალაქის ჭებში კარგი წყალია?
- დიახ, - მიუგო გაკვირვებულმა ბალთაზარმა.
- ძალიან მაინტერესებს, როგორ ამზადებენ ეთიოპიაში ჩაშაქრულ ხილს?
მეფემ არც იცოდა, რა ეპასუხა. დედოფალი კი ჯიუტობდა:
- მითხარით, მითხარით, თუ გსურთ მასიამოვნოთ.
მაშინ ბალთაზარმა მთელი არსებით მოუხმო მეხსიერებას და მოუყვა ეთიოპიელი მზარეულების ხელოვნებაზე, რომლებიც თაფლში ხარშავდნენ კომშს. მაგრამ დედოფალი აღარ უსმენდა და თხრობა უცებ შეაწყვეტინა:
- ხელმწიფევ, ამბობენ, რომ თქვენ გიყვართ დედოფალი კანდასი, თქვენი მეზობელი. გულახდილად მითხარით, ჩემზე უფრო ლამაზია?
- უფრო ლამაზი? - წამოიძახა დედოფლის ფეხებთან დაჩოქილმა ბალთაზარმა, - განა ეს შესაძლებელია?
ბალკისი არ ეშვებოდა:
- და მაინც, როგორი თვალები აქვს, პირი, კანის ფერი, მკერდი?
ბალთაზარმა მისკენ ხელები გაიშვირა და წამოიძახა:
- დამრთეთ ნება, თქვენი მკერდიდან ავიღო პატარა ბუმბული და მე გიბოძებთ ჩემი სამეფოს ნახევარს ბრძენ სემბობიტისთან და საჭურის მენკერასთან ერთად.
მაგრამ დედოფალი წამოხტა და იქაურობას კისკისით სწრაფად გაეცალა.
როდესაც მოგვი და საჭურისი დაბრუნდნენ, მათ დაფიქრებული ხელმწიფე იხილეს, რაც მისთვის ერთობ უჩვეულო რამ იყო.
- მბრძანებელო, ნუთუ ჩვენთვის სასურველი სავაჭრო ხელშეკრულება არ დაიდო? - იკითხა სემბობიტისმა.
იმ საღამოს ბალთაზარმა საბას დედოფალთან ერთად ივახშმა და პალმის ღვინო მიირთვა.
- მაშ, ეს მართალია, - უთხრა ვახშმობის დროს ბალკისმა, - რომ დედოფალი კანდასი ჩემსავით ლამაზი არ ყოფილა.
- დედოფალი კანდასი შავკანიანია, - მიუგო ბალთაზარმა.
ბალკისმა სწრაფი მზერა ესროლა სტუმარს და თქვა:
- შეიძლება შავკანიანი იყო, მაგრამ არა უშნო.
- ბალკის, - წამოიძახა მეფემ...
მეტი ვეღარაფერი თქვა. ძლიერად მოხვია ხელი, ტუჩები მიადო მის უკან გადაწეულ სახეს და დაინახა, რომ იგი ტიროდა. მაშინ მან ნაზი