პირველი ნაწილი ღამის მრისხანე ჩრდილები სულელური ხმები დაირხა იმ გახმაურებულ საქმეზე. თითქოს დახურულ სასამართლო პროცესზე ან ბრალდებული ვიყავი, ან _ უბრალოდ მოწმე.
ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ. მოარული ხმები და ჭორები, რასაკვირვალია, მაღიზიანებს. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მოგიყვებით ჩემი ცხოვრების ყველაზე საოცარ და დაუჯერებელ ისტორიას, რომელიც მარტის ნესტიან და თოვლჭყაპიან საღამოს დაიწყო. თანაც, მე რომ არა, „ ალშანსკის საიდუმლო “ არა თუ გაიხსნებოდა, არამედ არც არავის დააინტერესებდა.
თავი პირველი
შეშფოთებული ადამიანის ვიზიტი
გვარად კოსმიჩი ვარ, ნათლობის სახელია ანტონი. ახლობლელბი ანტოსს მეძახიან.
ოცდათვრამეტ წელს მივუკაკუნე. ზოია პერერვენკო, ვისთანაც ჩემს ისედაც მოკლევადიან რომანს უკვე ყავლი გასდიოდა, გამობრძმედილ ბერბიჭას მეძახდა.
სკოლა 1941-ში დადგენილ ასაკზე ორი წლით ადრე დავამთავრე. მეჯლისზე მთელი საღამო თეთრ კაბაში გამოწყობილ გოგონასთან ვიცეკვე. დილის სეანსზე კინოში უკანა რიგში აღმოვჩნდით. ომის დაწყება ჩვენს ქალაქს ორმა ბომბმა ამცნო. ერთი ფოსტის შენობას დაეცა, მეორე _ კინოთეატრს. ასე რომ, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. რადგანაც საპასპორტო ასაკის ჯერ არ ვიყავი, ზრდასრულობის მტკიცებულებად სამხედრო კომისარს სკოლის ატესტატი ცხვირწინ ვუფრიალე.
დამიჯერა.
ტყვედ ორშას ჩრდილოეთით ჩავვარდი. გერმანელების ეშელონიდან ალბერტინთან გამოვიპარე. სლონიმში ძია ზდისლავ კრიშტოფოვიჩმა შემიფარა. მერე ვპარტიზანობდი; გამიმართლა, ცოტა მაწვალეს და არმიაში დამაბრუნეს. პოტსდამთან მძიმედ დამჭრეს. დემობილიზაციის შემდეგ იყო უნივერსიტეტი. ორმოცდათერთმეტში დიპლომი ავიღე, ორმოცდათოთხმეტში ასპირანტურა დავამთავრე. დისერტაცია მეთექვსმეტე საუკუნის რეფორმაციის მოღვაწეებზე დავიცავი. გავხდი არცთუ ურიგო პოლეოგრაფი, წერილობითი წყაროების გარეგანი მხარეების მკვლევარი. გამოვაქვეყნე ბევრი სამეცნიერო სტატია და სამი მონოგრაფია. უკვე გადოქტორებაც შეიძლებოდა. თან მწერლობამ გამიტაცა. რამდენიმე ისტორიული საგამოძიებო ჟანრის ნაწარმოები გამოვაცხვე.
შეთხზული სამყაროთი ტკბობა დიდხანს ვინ მაცალა. თურმე ბედისწერა დეტექტივის ბადეში გახლართვას რეალურ ცხოვრებაში მიპირებდა.
იმ საღამოს სწორედ ახალი წიგნის დასაწერად მოვემზადე. მაგიდაზე ქათქათა ფურცლები და ორი მელნიანი კალამი დავალაგე. მარჯვნივ გაკრიალებული საფერფლე და სიგარეტის გაუხსნელი კოლოფი მედო. ამ ყველაფერს მწვანე აბაჟურიანი ლამპა ანათებდა.
ფანჯრის რაფაზე მადუღარა და დაფქვილი ყავის გერმეტულად დახურული ქილა იდგა.
მერე რა, რომ თოვლჭყაპის გამო ფანჯრიდან ძლივს მოჩანს ქუჩის ფარნების სილუეტები, მობუზული ადამიანების ჩრდილები, ზოზინა ამწე და ტელეანძის წითლად მოციმციმე კენწერო. მერე რა, რომ თოვლით გათხუპნული ხეები სევდიანად ცახცახებს, ხოლო გალუმპულ ასფალტს შიგადაშიგ უსუსური ათინათების ალმური გადასდის.
მერე რა?! ჩემს ბინაში ხომ თბილა და სიმყუდროვეა.
ზარის ხმა გაისმა.
გულში შევუკურთხე.
არადა, ასე ხომ მხოლოდ შინაურები რეკავენ.
კარი გავაღე.
ნაცრისფერ პალტოში ჩაცმული ფიგურა აწოწოლ ფეხებს აბაკუბუნებდა. ყელზე ხელნაქსოვი კუბოკრული შარფი ჰქონდა შემოხვეული, თავზე გაწუმპული თახვის ქუდი ეხურა.
- შემოდი, მარიან.
ჰოლში შემოაბიჯა, კარი მიხურა, ღრმად ამოისუნთქა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო ხმა:
- მშვიდობა შენდა! - ზოგჯერ გვიყვარდა ჩვენი შორეული წინაპრების ყაიდაზე საუბარი.
- და სულისაცა შენისა თანა. - მივუგე ინერციით, მაგრამ ისეთი სევდიანი სახე ჰქონდა და ისე საცოდავად იხსნიდა გამხდარი თითებით პალტოს საკინძებს, რომ მივხვდი, ძველბელარუსულში ვარჯიშისთვის შესაფერისი დრო ახლა არ იყო.
ეს კაცი გახლდათ მარიან პტაშინსკი, ჩემი მეგობარი, სწავლული ფონდების მცველი, ქვეყანაში საარქივო საქმის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნე და ცნობილი მოყვარული კოლექციონერი.
ის ლამის ერთადერთია სამეცნიერო წრეებიდან, ვინც ირონიის გარეშე ეკიდება ჩემს ისტორიულ-კრიმინალურ ძიებებს. მე კი მიყვარს ძველ ხელნაწერებზე, მონეტებზე, შტამპებზე და სხვა არტეფაქტებზე მისი დაუსრულებელი საუბრების მოსმენა.
ორივენი უცოლოები ვართ (მეუღლე ქარაფშუტა მსახიობი ჰყავდა და გაექცა). თავისუფალ დროს სათევზაოდ დავდივართ და ვკამათობთ. ჩვენს ურთიერთობებში ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ერთმანეთს ჭკუას არ ვასწავლით ხოლმე.
ადვილად მივხვდი, მარიანი დღეს განსხვავებულ ხასიათზე იყო, მაგრამ კითხვებით სულში ხომ არ ჩავუძვრებოდი?!
სწორედ იმ წამს მადუღარა ათუხთუხდა და ყავის სურნელი კიდევ უფრო მკვეთრი გახდა.
- დალევ?
- თუ წყალში გამიზავებ, კი. - დამნაშავე ბავშვივით მიპასუხა.
არ შევეწინააღმდეგე. მარიანმა ამას წინათ მიკროინფაქტი გადაიტანა.
- ექიმებმა ამიკრძალეს, მაგრამ სულ ყავის გარეშეც ვერ ვძლებ.
ჩვენს დროში ადრე ცვთებიან ადამიანები. მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარა, მერე, ტყვედ რატომ ჩავარდიო, სამშობლოშიც გვარიანად ახეხვინეს. არც არის გასაკვირი, რომ ორმოცი წლის გული ამ დღეში აქვს.
გრძელი თითებით ფინჯანი ეჭირა და ჯერჯერობით მხოლოდ ყავის არომატით ტკბებოდა.
სწორი ცხვირი, მუქი თმები, ღრმად ჩასმული დიდი თვალები. - აი ასე გამოიყურებოდა ჩემი მეგობარი.
- ანტოს, ჩემი მოკვლა უნდათ.
- ვერ გავიგე.
- ხო, მოკვლას მიპირებენ.
- ღირსიც ხარ. ისეთი წმინდა