ისპაჰანის ბულბულები -
ბიოლოგიური დერეფნები ერთ მუხლზე მე ვიჯექი, მეორეზე - ჩემი ძმა. ბაბუა გერმანულ სიმღერას მღეროდა, შიში გვერეოდა, თუმცა მაინც სიამოვნებით მივილტვოდით ქაოსისაკენ. ბაბუა სიმღერას თან ფეხების მოძრაობას აყოლებდა, თამაშის კულმინაცია იმაში მდგომარეობდა, რომ ერთ-ერთ შეძახილზე ბაბუა თვალებს ხუჭავდა, ფეხებს ძლიერად დაკრავდა და ორივენი ძირს ვვარდებოდით. ამის შემდეგ კი მოულოდნელად კვლავინდებურად თავს ვესხმოდით ბაბუას მუხლებს. დაჭყეტილი თვალებით ხან ერთს გამოგვხედავდა, ხან მეორეს. „ვაი“ - შესძახებდა. ისევ ამერიეთ? შენ რომელი ხარ... და იწყებოდა თავიდან.
ტყუპები კი გვინახავს, მაგრამ ასეთი მსგავსება - ნამდვილად არასდროს, - აღნიშნავდა ყველა. თურმე დედაც ვერ გვარჩევდა ერთმანეთისაგან.
ასე რომ, მაშინ როდესაც უბედურმა შემთხვევამ ოთხი წლის ასაკში ერთ-ერთი ტყუპი იმსხვერპლა, ვერავინ გაიგო რომელი უნდა ეტირათ; ანუ მე დღემდე არ ვიცი, რომელი ვარ - ფარვიზი, რომელზეც ამბობენ, რომ მოკვდა, თუ ასტამური, რომელზეც ამბობენ, რომ გადარჩა.
ყოველ ღამე ოფლიანს წამომაგდებს ხოლმე სიზმარი, სადაც ბაბუას ტყუპები უზის მუხლებზე, ხან ერთი აფარებს თვალებზე პატარა ხელს, ხან მეორე: - ბაბუ! აბა, რომელი ვარ? ბაბუ! მაინც ხედავ? ნუ იჭყიტები, ბაბუ! რომელი ვარ? ტყუპებს ხელები უსველდებათ და ბოლოს ხვდებიან - ბაბუ ტირის...
იდაყვებზე დაყრდნობილი, უწყინარი თვალებით, კარგა ხანს
უცქეროდა ფანჯრიდან სადგურებს, ქალაქებს, კიტრის ნიღბებს რომ დაეფარა. ვეებერთელა აფიშები, ქალის პორტრეტი დიდი სიგარით - დიუსელდორფი.
შემდეგ მზერა გვერდით მჯდომ ახლად შერთულ მეუღლეზე გადაიტანა, კისერში აკოცა და თავი მიადო.
ჯერ არცერთი ფერი არ შეხამებია ერთიმეორეს ისე, როგორც ეს წყვილი ემსგავსებოდა იბერიული და კოლხური კულტურების გადაკვეთაზე განცდილს.
ჯერ ერთი გაიღიმებდა და ღიაყავისფერ თვალებთან მანერული ნაოჭი ჩნდებოდა. მერე მეორე აჰყვებოდა და თავადური გენი მაინც თავის კალაპოტში მოაქცევდა ძალიან ახალგაზრდა წყვილს. ნათალი თითებით ერთმანეთის ნაკვთებს ამოწმებდნენ. გოგონა გრძელ თმას მიუშვერდა ბიჭს მოსაფერებლად. სახე ჰოლანდიისაკენ მიმავალი სწრაფი მატარებლის ფანჯრიდან შემოსულ, დუისბურგის, ობერჰაუზენის განათებულ სარეკლამო აფიშებს ირეკლავდა.
როგორი იყო ახლა ასტამური? მიჰქონდა თუ არა, რაიმე ტვირთი, ან ცოდნა თუ მიჰქონდა საერთოდ? ოთხი წელი ბიოლოგიურზე ორნითოლოგიას სწავლობდა და შესანიშნავად ფლობდა ინგლისურს. რუსულს ხომ თავისთავად.
ორნითოლოგიის შესწავლას ახლა იქ გააგრძელებს. ერთი წამითაც არ ეპარება ეჭვი, რომ სირთულე შეხვდება ამ თვალსაზრისით, რადგან ღრმად სწამს, რომ საკუთარი პროფესიის არჩევა მის შემთხვევაში ყველაზე დიდი მისტიკურობით არის განპირობებული და ამისთვის მას ნამდვილად ეკუთვნის ჯილდო, ჯილდო თუ არა, რაიმე კომპენსაციის მსგავსი მაინც, რაც ცისკენ მიპყრობილ თვალებს დაკვირვებისთვის სამადლობელს შესწირავს.
ჯერ კიდევ ხუთი წლის ასტამური აგვისტოს ბოლოს სოფელში მიაბარეს ბებიას, - მშობლები სამსახურებრივი დავალებით რუსეთს სტუმრობდნენ, სადაც მთელი შემოდგომა დარჩებოდნენ.
იმერეთში, სოფელ ჭყვიშში იმ დროისთვის აღარცერთი დამსვენებელი აღარ იყო, ვის სასკოლო ასაკი, ვის სასექტემბრო სამზადისი. ასე რომ, პატარა ასტამური ბებოს ამარა დარჩა სოფელში, რომელიც სავსე იყო შეუცნობელი მოვლენებით, სახლ-მუზეუმებით, საჯილდაო ქვებით და ადრიანი შემოდგომის მზის ჩასვლებით.
ზაფხულით გადაღლილ სოფელში, ასტამური რუხ ბატებს დაუმეგობრდა, რომლებიც ბებიას მოეშინაურებინა და დიდ მწვანე მოლზე ჰყავდა მიშვებული.
და იწყებოდა დილა რუხი ბატებით. ხან ნისკარტზე კოცნიდა, ხანაც რიონის ნაპირებისაკენ მიუძღვებოდა წინ. ყველა მათგანს ერქვა სახელი. ასტამურის თვალწინ წყვილდებოდნენ და იპრანჭებოდნენ ბატები. ანცობდნენ და იქნევდნენ ფრთებს.
ასტამური თავად ეზოში სადილობდა. ბებია საუცხოოდ მორთავდა ხოლმე პატარა მაგიდას, რომელსაც ხელებდაბანილი და თმადავარცხნილი ასტამური ჯორკოს მიადგამდა და თან მიირთმევდა, თანაც დიდ მწვანე მოლზე შორიახლოს მიმოფანტულ ბატებს გასცქეროდა.
ძილის წინ ჯერ ბატების მართლაც რომ ეფექტურად ძილისმომგვრელი ყიყინი უნდა მოესმინა, მერე კი სიამოვნებით შეწვებოდა გაქათქათებულ თეთრეულში. ხუთი წლის ასტამური, ძალიან დაღლილი, ძილს მიეცემოდა და სიზმარშიც რუხ ბატებს ეთამაშებოდა. ასე გადიოდა დღეები, ერთი თვე, ორი თვე, ასტამურს მთელი ეს დრო არც მამა გახსენებია, არც დედა.
ბებომ სუსხიანი დღეების დადგომისთვის თბილი სამოსი ამოიღო სკივრიდან და ასტამური ახლა ქუდდახურული მწყემსავდა შემოდგომის ბატებს.
ერთ დილას შედარებით მოწყენილი ეჩვენა ასტამურს რუხი ბატები. მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და გაუცინა. აქეთ-იქით დახტოდა, ყოველნაირად ცდილობდა გაერთო. ბატები უცბად აყვებოდნენ თამაშში, შემდეგ ისევ მოიწყენდნენ. „რა მოხდა“ - თვალებში ჩაჰყურებდა პატარა ბიჭი. ბატები ჩვეული ტაატით გაუყვნენ სახლის გვერდით მდებარე ხეივანს, გაიარეს ორი სახლ-მუზეუმი, ერთი ღობე რომ ჰყოფდა. ასტამური უკან მისდევდა - ხან ერთს ეძახდა, ხან მეორეს. ბატები თითქოს აღარ ემორჩილებოდნენ და უფრო სწრაფად მიიწევდნენ რიონის ნაპირებისკენ. ასტამურს ჯერ მხოლოდ სწყინდა. მას არ ჰქონდა გამოცდილება და, შესაბამისად,