პირველი ნაწილი -
მაგარი მოულოდნელობა
მე პოლიცია ვარ. ახლა არ მითხრათ, ეგრე ვინ ამბობსო. ჩვენში მოსულა. არასოდეს არ ვიტყვით ხოლმე - პოლიციელი ვარ, ანდა პოლიციის ოფიცერიო. პოლიცია და მორჩა. სახელიც კი შესაფერისი მაქვს - დეტექტივი მაიკ ჰულიჰანი. სქესი - მდედრობითი.
ახლა კი იმ ყველაზე სამძიმო საქმეზე მინდა მოგიყვეთ, რაც კი ოდესმე გამომიძიებია. ჩემთვის სამძიმოს ვგულისხმობ, თორემ როცა პოლიცია ხარ, ეგ, ცოტა არ იყოს, პირობითი ცნება ხდება. მე შენ გეტყვი და, უარესის უარესი დაგელევა. ბოლო-ბოლო, იქამდე მიდიხარ, აღარც არაფერი გიკვირს. თუმცა აი, ეს საქმე დეტექტივ მაიკ ჰულიჰანისთვის მართლა უარესზე უარესი გამოდგა.
მთლად ქალაქის ცენტრში წამოჭიმული პოლიციის მთავარი სამმართველო სამი ათას მუდმივ თანამშრომელს ითვლის, რომლებიც იმ უამრავ განყოფილებასა თუ ქვეგანყოფილებაში, ქვეგანაყოფსა თუ რაზმში არიან გადანაწილებულნი, რატომღაც წამდაუწუმ რომ უცვლიან სახელს. მართლა რას აღარ ვებრძვით: სახელმწიფო დანაშაულს, ორგანიზებულ დანაშაულს, პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, მოძალადეებს, მანქანის ქურდებს, ბინის ქურდებს, ყაჩაღებს, გამომძალველებს, თაღლითებს, ნარკომოვაჭრეებს, ადამიანის გამტაცებლებს და, რა თქმა უნდა, მკვლელებს. ერთ-ერთ შუშის კარზე ასეთი წარწერაც კია: „ზნეობრივ გადაცდომათა განყოფილება“. როგორია? ოღონდ „ცოდვათა მხილების განყოფილებას“, სანთლითაც რომ ეძებო, ვერ იპოვი. ცოდვის ბუდე თავად ქალაქია, ჩვენ კი - მისგან დაცვა. მოკლედ, ასე და ამგვარად.
ახლა ცოტა რამ პირადი საქმიდან: თვრამეტი წლისამ სისხლის სამართლის შესწავლა გადავწყვიტე პიტ ბრაუნის კოლეჯში, თუმცა გული მაინც მუდამ ქუჩისკენ მიმიწევდა და ერთი სული მქონდა, პოლიციაში მემსახურა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას გავიარე სამხედრო შემოწმება. შემეძლო სასაზღვრო დაცვაშიც მეცადა ბედი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ ხანობას სასჯელაღსრულების სისტემაზეც კი ვფიქრობდი - მით უფრო, რომ ყველა საჭირო გამოცდა იოლად ჩავაბარე. მაგრამ მერე კოლეჯზე საერთოდ ხელი ჩავიქნიე და პირდაპირ პოლიციის აკადემიაში ვდურთე თავი.
ჯერ იყო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილებას მიმამაგრეს: ქალაქის სამხრეთ ნაწილში გამამწესეს, ორმოცდამეოთხე ქვეგანყოფილებაში ჩავირიცხე და ქუჩებში მიწევდა მორიგეობა. მერე ხანდაზმულ მოქალაქეთა ძარცვის ქვეგანყოფილებაში გადამიყვანეს - იქ უკვე თვალთვალიც მიწევდა, ჩასაფრებაც და ზოგჯერ სატყუარადაც კი მიყენებდნენ. მოგვიანებით, როცა საკმარისად გამოვიჯეკე, სამოქალაქო ყაიდაზე ჩაცმული ვასრულებდი ფარულ დავალებებს. მერე კიდევ ერთი გამოცდა გავიარე და უკვე პოლიციის მთავარ სამმართველოში ამოვყავი თავი. ამჟამად უკანონოდ მითვისებული ქონების განყოფილებაში ვზივარ, თუმცა მანამდე რვა წელი მკვლელობების გამოძიებას, ასე ვთქვათ, „სისხლიან საქმეებს“ შევალიე.
გარეგნობას რაც შეეხება, აგებულებით დედას ვგავარ. მის დროს ასეთ ქალებს „ხმალამოღებულ ფემინისტებს“ ეძახდნენ. ისე, შარაგზის ყაჩაღის როლსაც მშვენივრად მოირგებდა რომელიმე ბახაბუხიან, ფუტურისტულ ფილმში. ხმაც იმასავით დაგუდული მაქვს, ოღონდ ეს იმიტომ, რომ სამი ათეული წელია, სიგარეტი არ გამიგდია ხელიდან. ფართო, ბრტყელი სახე კი მამის გამომყვა - უფრო სოფლელის, ვიდრე ქალაქელის. ქერად შეღებილი თმა… მოკლედ, დიდი ვერაფერი. ამავე ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, სადაც დღემდე ვცხოვრობ, მუნ-პარკის უბანში. ათი წლის ვიყავი, როცა ცხოვრება აგვერია და ჩემი აღზრდა-განათლების საქმე სახელმწიფომ ითავა. წარმოდგენა არა მაქვს, ახლა სად არიან ჩემი მშობლები. სიმაღლეში მეტრი და სამოცდათოთხმეტი ვარ და 70კგ-ზე ოდნავ მეტს ვიწონი.
ჩვენებს რომ ჰკითხო, ყველაზე სახიფათო საქმე ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლაა, თუმცა ბინძური ფულიც კარგად გეკრობა ხელზე; ადამიანის გატაცება კი გამოსაძიებლად უიოლესი ამბავია (შტატებში მკვლელობები თუ ძირითადად ზანგებზე მოდის, გატაცებაში მუდამ ქუჩის ბანდების ხელი ურევია ხოლმე). ისე, ვიღაცას გაუპატიურების შემთხვევებზე აქვს ყნოსვა გამახვილებული, ვიღაცას - ზნეობრივ გადაცდომებზე; ისეთებიც არიან, მაგიდასთან ჯდომა და სიღრმისეული ანალიზი რომ უფრო ეხერხებათ (მაგალითად, სადმე გაყუჩებული ბოროტმოქმედის კვალის მისაგნებად), მაგრამ ყველა ერთხმად მაინც იმას გაიძახის, მკვლელობის გამოძიება - ესაა ჩვენი გარჯის თავი და თავი, ამით ვიკეთებთ სახელსო.
ამ ჩვენი ქალაქის თაობაზე რა გითხრათ - სიგრძე-სიგანით გამოირჩევაო, ვერ ვიტყვი, თუმცა იაპონელებმა აქაც მოასწრეს თავიანთი ბაბილონის გოდოლის წამოჭიმვა; ერთი უნივერსიტეტიც გვაქვს, პატარა ნავსადგურიც, სამომავლოდ გათვლილ დარგებში მომუშავე მწარმოებლებსაც უდევთ ბინა (კომპიუტერული პროგრამების შემუშავება, კოსმოსური კვლევები თუ ქიმიოფარმაკოლოგია). ამავე დროს უმუშევრობის დონეც არ იკლებს და გადასახადებისთვის თავის არიდებაც ჩვეულებრივ ამბად გვექცა; აი, მკვლელობები კი მართლა არ ხდება ხშირად - წელიწადში ათი-თორმეტი თუ მოგროვდება, მეტი არა. ზოგჯერ თავიდანვე შენ მიგყავს გამოძიება, ზოგჯერ მოგვიანებით ერთვები. პირადად მე, საერთო ჯამში, ასამდე მკვლელობის გამოძიებაში მიმიღია მონაწილეობა და გახსნის მაჩვენებელიც საშუალოზე ოდნავ მაღალი დამიგროვდა. დანაშაულის ადგილის დათვალიერება მუდამ კარგად გამომდიოდა - ერთი წვრილმანი არ დამრჩებოდა ხოლმე შეუმჩნეველი და რამდენჯერმე დახასიათებაში