* * * აბა, ქვაბს გარსა შემოვუაროთ,
შიგ მოწამლული წელები ვყაროთ.
გრძნების ჭურჭელში ჩადი პირველი,
გომბეშო, შენა, რაკი თვე მთელი
ცივის ქვის ქვეშა იწექ, გეძინა და
გესლი კანით ოფლად გედინა.
გაგვიორკეცდი, შრომავ და ჯაფავ,
გაფიცხდი, ცეცხლო, ადუღდი, ფაფავ!
ჭაობში მბუდავ, მცურავის სუკო,
იხარშე ისე, რომ ჩაიხრუკო,
ბაყაყის ცერო და ხვლიკის თვალო;
ღამურას ბურტყლო, ჩამონათალო
ძაღლის ენისა; გველის ნეშტარო,
ჯოჯოს ფეხო და ჭოტის ფრთა-მხარო,
აქაფ-ადუღდით ჯოჯოხეთურად,
რომ გასჭრას ჯადომ უფრო ერთგულად.
გაგვიორკეცდი, შრომავ და ჯაფავ,
გაფიცხდი, ცეცხლო, ადუღდი, ფაფავ!
მგლის ღოჯო, ქერქო გველეშაპისა,
მუმიავ ბებრის დედაკაცისა,
ზღვის ზვიგენისა ხახავ, ტუჩ-კბილო,
კონიოს ძირო, ღამევ, მოთხრილო;
ღვთის მგმობ ურიის ღვიძლო და თხისა
ბალღამო; შტოო ურთხელის ხისა,
მთვარ-დაბნელებას ჩამოტეხილო;
თათრის ტუჩო და ოსმალოს ცხვირო;
თითო პაწია დამღვრჩალ ბავშვისა,
ურცხვის გომბიოს გავარდნილისა, -
აბა, ეს ფაფა გახადეთ სქელი,
თუნდ მიიმატეთ ფოცხვერის წელი.
მაიმუნისა სისხლი აპკურეთ
და გრძნობას ძალა მით შეუსრულეთ (მაკბეტი, მოქმედება IV, სურათი I - თარგმნილია ივ. მაჩაბლისა და ილ. ჭავჭავაძის მიერ.).
მე ახლა სისხლში, რომ გასვლა თუ არ მოხერხდება,
გამობრუნება არანაკლებ საძნელო არის. (მაკბეტი, მოქმედება III, სურათი IV - თარგმნილია ივ. მაჩაბლისა და ილ. ჭავჭავაძის მიერ.)
მაკბეტი