თავი I
ფილადელფია, სადაც ფრენკ ალჯერნონ კაუპერვუდი დაიბადა, ორას ორმოცდაათი ათასზე მეტ მცხოვრებს ითვლიდა. ისტორიული ძეგლებით მდიდარ ამ ქალაქს მშვენიერი პარკები და დიდებული შენობები მატებდა ლაზათს. ბევრი რამ, რაც ჩვენც და მანაც მხოლოდ შემდგომ გავიგეთ, მაშინ ხსენებაში არც იყო, - ტელეგრაფი გნებავთ თუ ტელეფონი, წერილების შინ მიტანა, საოკეანო გემი თუ ქალაქის საფოსტო ქსელი. ჯერ კიდევ არ შემოეღოთ მარკები და დაზღვეული წერილები, არ არსებობდა კონკა და მის მაგივრობას ომნიბუსები ასრულებდნენ. შორ მანძილზე მგზავრობას ემსახურებოდა რკინიგზის ქსელი, რომელიც სანაოსნო არხებთან იყო დაკავშირებული და ძალიან ნელი ტემპით ვითარდებოდა.
ფრენკი რომ დაიბადა, მამამისი ბანკის უბრალო მოხელე გახლდათ, მაგრამ ათი წელი გავიდა და ის-ის იყო, ბიჭუნამ მგრძნობიარე, ცოდნისმოყვარე თვალები გარემომცველ სამყაროს მიაპყრო, რომ ბანკის მმართველმა თქვენი ჭირი წაიღო. შესაბამისად, თითოეული მოხელე დაწინაურდა და მისტერ ჰენრი უორთინგტონ კაუპერვუდი დაწინაურებული მოლარის მოადგილის თანამდებობის მემკვიდრე გახდა, თანაც, მისი აზრით, ჩინებული ხელფასი დაენიშნა - სამი ათას ხუთასი დოლარი წელიწადში. ეს ამბავი სიხარულით ამცნო მეუღლეს და მაშინვე გადაწყვიტა, ოჯახი ბატონვუდის 21-დან ნიუ-მარკეტ-სტრიტის 124-ში გადაეყვანა. რაიონიც სჯობდა და აგურის ჩინებული სამსართულიანი სახლი, ძველ ორსართულიან სახლთან შედარებით, პირდაპირ მისწრება იყო. ოდესმე უთუოდ გახდებოდნენ გაცილებით უკეთესი სახლის მფლობელებიც, მაგრამ ჯერჯერობით ამასაც არაფერი უშავდა. ჰოდა, რატომ უნდა დამდურებოდა კაუპერვუდი ბედს?!
ჰენრი უორთინგტონ კაუპერვუდს მხოლოდ იმის სჯეროდა, რასაც საკუთარი თვალებით იხილავდა და ახლაც კმაყოფილი იყო ბანკის მოხელის თანამდებობით, - ამგვარად, ბანკირობისკენ გზა ხსნილი ჰქონდა. მაშინ, წარმოსადეგი, მაღალი, გამხდარი, განათლებული მამაკაცი იყო. სადა, მშვენიერი, მოკლედ შეკრეჭილი ბაკენბარდები ამშვენებდა, თითქმის ყურის ბიბილომდე რომ სწვდებოდა; საოცრად გრძელი ზედა ტუჩი, ასევე გრძელი და სწორი ცხვირი და წვეტიანი ნიკაპი ჰქონდა; დაფანჩული წარბები განსაკუთრებით ამჟღავნებდა მისი მონაცრისფრო-მომწვანო თვალების დაბნეულობას, თავს მოკლედ შეკრეჭრილი, შუაგაყოფილი და გადატკეცილი თმა უმკობდა. ცილინდრსა და სერთუკს არ იშორებდა, რაც იმჟამინდელ საფინანსო წრეებში „კარგი ტონის“ მაჩვენებლად ითვლებოდა. ხელებისა და ფრჩხილების სისუფთავის მხრივ, მასზე ძვირი არავის ეთქმოდა. ერთი შეხედვით, მკაცრი და პირქუში ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ეს სიმკაცრე უფრო მოჩვენებითი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ნამდვილი.
საზოგადოებასა და საფინანსო წრეებში წინ წაწევას დახარბებული, ყოველთვის ფრთხილობდა, როცა ვინმეს ელაპარაკეოდა ანდა ვინმეზე საკუთარ აზრს ამბობდა. ისევე გაურბოდა პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებზე ხისტი და არაპოპულარული აზრის გამოთქმას, როგორც სახელგატეხილ ადამიანებთან ურთიერთობას, მაგრამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის აზრი ისედაც არასოდეს მოსდიოდა. მონობის არც მომხრე იყო, არც მოწინააღმდეგე, თუმცა მაშინ ჰაერი აბოლიციონისტებსა(აბოლიციონისტი - მონობის საწინააღმდეგო მოძრაობის მიმდევარი (ლათინური სიტყვიდან აბოლიტიო - გაუქმება). და მათ მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლის განწყობილებით იყო გაჟღენთილი.
გულწრფელად სჯეროდა, რომ რკინიგზების შემწეობით შეიძლებოდა დიდი ქონების ხელში ჩაგდება, ოღონდ ადამიანს ჰქონოდა კაპიტალი და კიდევ, საოცარი რამ - მიმზიდველობა - სხვათა და სხვათა ნდობის მოპოვების უნარი. დარწმუნებული იყო, ენდრიუ ჯეკსონი ტყუოდა, როცა ნიკოლას ბიდლსა და შეერთებული შტატების ბანკს ეწინააღმდეგებოდა, - ეს გახლდათ საკითხი, ცასა და ქვეყანას რომ აწუხებდა. კიდევ, როგორც სავარაუდო იყო, მასში ძლიერ აღშფოთებას იწვევდა გაყალბებული ფულის ნიაღვარივით ტრიალი, რომელიც წარამარა ხვდებოდა მის ბანკშიც, - ისიც, რა თქმა უნდა, ანგარიშში იღებდა მას და, თავის მხრივ, მეტი სარგებლით აძლევდა სესხის მიღების მსურველ კლიენტებს. ფილადელფიის მესამე ნაციონალური ბანკი, სადაც მისტერ კაუპერვუდი მსახურობდა, მთელი ფილადელფიისა და იმ დროის მთელი ეროვნული ფინანსების ცენტრი მესამე ქუჩაზე მდებარეობდა და მისი მეპატრონეები შიგადაშიგ მაკლერობასაც ეწეოდნენ. იმ ხანებში სოკოებივით მრავლდებოდა სახელმწიფო ბანკები, დიდები თუ პატარები, და უთავბოლოდ უშვებდნენ და უშვებდნენ საბანკო ბილეთებს არასაიმედო და მოგონილი აქტივების საფუძველზე, მერე საოცარი სისწრაფით კოტრდებოდნენ ანდა დროებით წყვეტდნენ ფულის გადახდას. ყოველივე ამის ზედმიწევნით ცოდნა აუცილებელი იყო მისტერ კაუპერვუდისთვის და სწორედ ამან აქცია იგი სიფრთხილის ნამდვილ განსახიერებად. მისდა საუბედუროდ, დიდად აკლდა ორი რამ, რაც ყველა დარგის მუშაკისთვის აუცილებელია: მიმზიდველობა და გამჭრიახობა. დიდ ფინანსისტად სულაც არ დაბადებულა, მაგრამ, როგორც ჩანდა, საკმაო წარმატების მიღწევა მაინც შეეძლო.
მისის კაუპერვუდი ჩია ტანის მორწმუნე ქალი იყო, ღია წაბლისფერი თმა და ნათელი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ახალგაზრდობაში საოცრად მიმზიდველიც გახლდათ, მაგრამ ჟამთა დინებაში ზედმეტად თავდაჭერილი და ცივი გახდა და მთელ დროს სამ ვაჟიშვილსა და ერთ ქალიშვილზე ზრუნვას ახმარდა. ვაჟები, რომელთა შორისაც ყველაზე უფროსი ფრენკი გახლდათ, ბევრ დროს ართმევდნენ, რადგანაც ხან ქალაქის ერთ ბოლოში ამოჰყოფდნენ თავს, ხან