თავი პირველი
1880 წლის შემოდგომის ერთ დილას ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსის მთავარ სასტუმროს შუახნის დედაკაცი მიადგა; თან თვრამეტი წლის ქალიშვილი ახლდა. ქალმა პორტიეს ჰკითხა, საჩემო სამუშაო ხომ არაფერი გაქვთო. ამ ტანსრულ, მაგრამ არცთუ მკვრივი აღნაგობის დედაკაცს თავი სადად და მორიდებულად ეჭირა. ნათელი სახე ჰქონდა, ფართოთვალებიანი, მშვიდად და მოთმინებით იმზირებოდა. დაკვირვებული კაცი ამ მზერაში მწუხარებასაც შენიშნავდა, იმასაც მიხვდებოდა, რატომ იყო ასე დამფრთხალი და დარცხვენილი დედის ზურგს ამოფარებული ქალიშვილი, მოჩვენებითი გულგრილობით განზე რომ იყურებოდა. გოგონას ბუნებაში კარგად შერწყმულიყო დედისგან მემკვიდრეობით მიღებული წარმოსახვის უნარი, სიფაქიზე, პოეტური გონება, მგრძნობიარობა, მამის სიდინჯე და თავშეკავება. დედა-შვილი აქ გაჭირვებას მოეყვანა. მათი სიღარიბე იმდენად აშკარა იყო, რომ პორტიესაც კი თანაგრძნობა აღუძრა.
- მაინც, როგორ სამუშაოს ეძებთ?
- იქნებ, გასახეხი ან გასარეცხი გქონდეთ რამე, - მორცხვად უპასუხა ქალმა, - იატაკის მორეცხვაც შემიძლია.
ქალიშვილი სირცხვილისგან აილეწა. მუშაობა კი არ ეზარებოდა, მაგრამ გამვლელ-გამომვლელისთვის აშკარა გახდებოდა, რომ ასეთი შავი საქმის კეთება მათ უკიდურესმა გაჭირვებამ აიძულა. ლამაზი ქალიშვილის წუხილმა პორტიეს გული აუჩვილა: ეს გრძნობა ხომ ღირსებას მატებს მამაკაცებს. ქალიშვილის უმწეობისა და გულუბრყვილობის წყალობით ისედაც გამოუვალი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე ჩანდა.
- ერთ წუთს მომიცადეთ, - უთხრა პორტიემ და კანტორაში შესვლისთანავე უფროსი მოახლე გამოიძახა.
სასტუმროში სამუშაო მართლაც აღმოჩნდა. მთავარი კიბე და შესასვლელი დამლაგებლის წასვლის გამო დაუსუფთავებელი იყო.
- ეგ ქალიშვილი მაგისია? - იკითხა უფროსმა მოახლემ და დედა-შვილს შორიდან შეავლო თვალი.
- მე მგონი, - მიუგო პორტიემ.
- რაკი ასეა, დღესვე შეუდგნენ საქმეს, ალბათ, ქალიშვილიც მიეხმარება?
- უფროს მოახლესთან მიდით და მოელაპარაკეთ, - გულთბილად უთხრა პორტიემ, - აი, იმასთან, - და ხელი ქალისკენ გაიშვირა. - ის მოგირიგდებათ.
ასეთ დღეში ჩააგდო ხელობით მინამბერი უილიამ გერჰარდტი და მისი ოჯახის წევრები ერთმანეთზე გადაჯაჭვულმა ხანგრძლივმა უბედურებამ. დღევანდელი დღე ამ ვაების გვირგვინი იყო. უილიამმა სამუშაო დაკარგა - ბედის ასეთი უკუღმართობა ხომ უცხო არ არის მშრომელი კაცისთვის. ოჯახის მამა ყოველი დღის გათენებას შიშით ელოდა - აბა, რას მოუტანს ეს დღე ჩემს ოჯახს, ჩემს ექვს შვილსო. მათი ლუკმაპური მაცდურ ბედს ჰქონდა მინდობილი. ავადმყოფობამ ოჯახის უფროსი ლოგინად ჩააგდო. მისი უფროსი ვაჟი სებასტიანი, ანუ, როგორც მეგობრებმა შეარქვეს, „ბასი“, ვაგონშემკეთებელ სახელოსნოში შეგირდად მუშაობდა, კვირაში ოთხ დოლარად. გოგონებში უფროსი - ჯენევიევა უკვე თვრამეტი წლის იყო, მაგრამ ვერც ერთი ხელობის ცოდნას ვერ დაიტრაბახებდა. მისი მომდევნო, ჯორჯი, თოთხმეტი წლის გახლდათ, მართა - თორმეტის, უილიამი - ათის, ვერონიკა კი - რვის. ისინი ძალზე პატარები იყვნენ და აბა, რისი გაკეთება შეეძლოთ, პირიქით, საპატრონო და გამოსაზრდელები იყვნენ. ოჯახის ერთადერთი საკუთრება სახლი იყო და ისიც ექვსას დოლარად ჰქონდათ დაგირავებული. უილიამმა ვალი მაშინ აიღო, როდესაც ახალი სახლის შესაძენად დაგროვებული ფული გამოელიათ და ისევ ძველის გაფართოება გადაწყვიტა. სამი ოთახი და აივანი მიაშენა, რათა უფრო თავისუფლად ეცხოვრათ. სახლს საგირაო ვადა რამდენიმე წელიწადში უთავდებოდა, მაგრამ ისე უჭირდათ, რომ თავნისთვის გადადებული ფულის გარდა წლიური გადასახადის შესატანიც შემოეხარჯათ. უმწეო გერჰარდტი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, კარგად გრძნობდა თავის განწირულ მდგომარეობას. ჯერ არც ექიმის ფული ჰქონდა გადახდილი და არც საგირაოს სარგებელი. ამ ყველაფერს ყასბისა და მეპურის ნისიაც ემატებოდა. მართალია, ისინი გერჰარდტის პატიოსნებაში დარწმუნებულები იყვნენ, მაგრამ რა ექნათ, როდემდე ეძლიათ ნისიად? სიღატაკე უილიამს ტვინს უღრღნიდა, აწამებდა და სნეულება კიდევ უფრო ურთულდებოდა.
მისის გერჰარდტი სულით ძლიერი ქალი იყო. თუ მსურველს იშოვიდა, სხვების სარეცხის რეცხვასაც არ თაკილობდა. ერთთავად საქმეში იყო გართული: ბავშვებს ტანსაცმელს უკერავდა, უკემსავდა, სკოლაში გზავნიდა, სადილს ამზადებდა, ავადმყოფ ქმარს უვლიდა. გაწამებული ქალი ზოგჯერ ტირილით იოხებდა გულს. ახალ-ახალ საბაყლოებს სახლიდან მოშორებით ეძებდა. პირველად ნაღდ ფულს გადაუხდიდა, მერე ნისიად იღებდა, ვიდრე ძველი მოვალეები ახალ მფარველებს არ გააფრთხილებდნენ. ყველაზე იაფი სიმინდი იყო; მისის გერჰარდტი ზოგჯერ მთელ ქვაბს მოხარშავდა და ეს ერთადერთი საჭმელი ლამის კვირიდან კვირამდე ჰყოფნიდათ. სულ არარაობას სიმინდის ფაფაც კი სჯობდა, ხოლო, თუ ცოტაოდენ რძესაც დაუმატებდნენ, მთლად დიდებული იყო. შემწვარი კარტოფილი გერჰარდტების ოჯახში მდიდრულ საჭმლად ითვლებოდა, ყავა კი იშვიათობა გახლდათ. სათლებ და კალათებმომარჯვებული ბავშვები რკინიგზის გზაჯვარედინზე დაყრილ ქვანახშირს კრეფდნენ. შეშასაც ამგვარივე ხერხით აგროვებდნენ მახლობელი შეშის საწყობებიდან. ასეთი ტანჯვა-წვალებით გაჰქონდათ თავი დღიდან დღემდე იმ იმედით, რომ