თავი I
მაგნიტი იზიდავს. უმწეო ადამიანი
ცხოვრების ბობოქარ ტალღებში
როდესაც კაროლინა მიბერი ჩიკაგოში მიმავალ დღის მატარებელში ჩაჯდა, მთელ მის ავლადიდებას შეადგენდა სამგზავრო ჩემოდანი, ნიანგის ტყავის მსგავსი იაფფასიანი ჩანთა, მუყაოს კოლოფში ჩადებული ცოტაოდენი საუზმე და ყვითელი ტყავის საფულე, რომელშიც ედო მატარებლის ბილეთი, ოთხი დოლარი და ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი თავისი დის მისამართი, ვან-ბიურენ სტრიტზე რომ ცხოვრობდა.
ეს მოხდა 1889 წლის აგვისტოში. კაროლინას ის-ის იყო თვრამეტი წელი შეუსრულდა. ქალიშვილი გონებანათელი იყო, მაგრამ მორცხვი, ილუზიებით სავსე, რაც ესოდენ დამახასიათებელია გამოუცდელი ახალგაზრდობისთვის. მშობლებთან განშორების გარდა თუ სხვა რაიმეც ადარდებდა, ყოველ შემთხვევაში, ეს არ იყო უპირატესობა იმ ცხოვრებისა, რომელსაც ის ახლა ტოვებდა. თვალებიდან ცრემლები წასკდა, როდესაც დედამ უკანასკნელად აკოცა, ყელში რაღაც მოაწვა, როცა მატარებელმა იმ წისქვილს ჩაუქროლა, სადაც მამამისი დღიურად მუშაობდა. ოხვრა აღმოხდა გულის სიღრმიდან, სოფლის ნაცნობმა მწვანე მიდამომ რომ გაუელვა თვალწინ და სამუდამოდ დაწყდა ის ძაფებიც, რომლებიც არცთუ ისე ძლიერ აკავშირებდა მშობლიურ კერასთან.
რა თქმა უნდა, მას შეეძლო უახლოესი სადგურიდანვე უკან დაბრუნებულიყო. წინ უზარმაზარი ქალაქი ელოდა, რომელსაც მთელ ქვეყანასთან ჰქონდა კავშირი, დღენიადაგ მისკენ მიმავალი მატარებლებით. კოლუმბია-სიტიც არც ისე შორს მოიტოვა, რომ შეუძლებელი ყოფილიყო მშობლიური ადგილები ჩიკაგოდანაც მოენახულებინა. აბა რა ანგარიშში ჩასაგდებია რამდენიღაც ასეული მილი, ან რა სათქმელია რაღაც საათები? კაროლინამ დახედა ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილ თავისი დის მისამართს და უნებურად ჩაფიქრდა. ქალიშვილი გასცქეროდა ამწვანებულ ლანდშაფტს, სწრაფად რომ იცვლებოდა მის თვალწინ. თანდათან პირველი შთაბეჭდილება უკან მოიტოვა და მის ნაცვლად ისეთი ფიქრები დაეუფლა, რომლებმაც თავისი სისწრაფით მატარებელსაც გაასწრეს და ბუნდოვნად წარმოიდგინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩიკაგო.
როდესაც თვრამეტი წლის გოგონა მშობლიურ კერას ტოვებს, ან მადლიან ხელში მოჰყვება და უკეთესი ხდება, ანდა სწრაფად აითვისებს დედაქალაქის შეხედულებებს მორალის შესახებ და გაირყვნება, - რაღაც საშუალო გზის გამონახვა ამგვარ შემთხვევაში შეუძლებელია. დიდ ქალაქს თავისი მაცდუნებელი ოინები აქვს და - გაცილებით ძლიერი, ვიდრე ადამიანური ცდუნებაა. იქ მოქმედებენ დიდი ძალები, რომელნიც უაღრესად დიდი კულტურით დაჯილდოებული ადამიანივით გიზიდავენ და გხიბლავენ. ათასობით მოელვარე ჩირაღდანი ენაწყლიანი მოარშიყის თვალთა ციმციმზე უფრო ნაკლებ როდი მოქმედებს. წრფელი, გულუბრყვილო არსების მორალური დაცემა ხდება ზეადამიანური ძალებით. ხმათა გნიასი, ცხოვრების ღრიანცელი, უამრავი ხალხის ფუტკრებივით ფუსფუსი - ყოველივე ადამიანის გაოცებულ გონებაში სიმორცხვესა და აღელვებას იწვევს. რამდენ სიყალბეს ჩასჩურჩულებს ყოველივე ეს უმწეო არსებას, თუ მას გვერდით დამრიგებელი არა ჰყავს, რომელიც ყველაფერს აუხსნის და გააფრთხილებს. თუ ამ მოვლენებს ალღოს ვერ აუღებს, მათი სილამაზე კაცს ხშირად მუსიკის მსგავსად მოადუნებს, შემდეგ დაასუსტებს და ბოლოს მის ყველაზე უბრალო წარმოდგენებსაც კი წარყვნის ხოლმე.
კაროლინა, ანუ დაიკო კერი, რომელიც მას ოჯახში საალერსოდ შეარქვეს, გონებით ჯერ არ იყო ისე მომწიფებული, რომ დაკვირვება და ანალიზი შესძლებოდა. ეგოიზმი - მისი მთავარი თვისება - თუმცა ჯერ კიდევ არ ჰქონდა ისე მკვეთრად გამომჟღავნებული, მაგრამ ეს მაინც მისი ბუნების დამახასიათებელ თვისებას შეადგენდა. იგი ახალგაზრდული ოცნებით იყო გამთბარი, მიმზიდველი თავისი მოწიფულობით, აღნაგობით, რომელიც დროთა განმავლობაში უთუოდ მოხდენილი დადგებოდა. თვალებში ბუნებრივი გულითადობა უბრწყინავდა, ერთი სიტყვით, მშვენიერი ნიმუში იყო საშუალო ფენის ამერიკელი ქალისა, რომლის ორი წინაპარი ამერიკაში გადმოსახლებულიყო მიწისა ან კარგი სამუშაოს საძებნელად.
კერის კითხვა სულ არ აინტერესებდა - ცოდნა მისთვის დახშულ სამყაროს წარმოადგენდა. სიკეკლუცის ბუნებრივად ჩვენებაში ჯერ გამოუცდელი იყო. თავის მოხდენილად გადაქნევაც კი არ შეეძლო, ხელების ხმარებაც არ იცოდა, თუმცა პატარა ფეხები ჰქონდა, მაგრამ მძიმედ დადიოდა. ყურადღებას მაინც აქცევდა თავის გარეგნობას. კერი ისწრაფოდა, გაეგო ცხოვრების სიამტკბილობა და სწყუროდა, ეშოვა მატერიალური დოვლათი. იგი ცუდად შეიარაღებული პატარა რაინდი იყო, რომელმაც გაბედა დიდი, იდუმალი ქალაქის დასაზვერად გამოსვლა და ფანტასტიკურად ოცნებობდა იმ რაღაც ბუნდოვან, შორეულ გამარჯვებაზე, როცა ეს ქალაქი მისი ნადავლი გახდებოდა და მას ფეხქვეშ გაეგებოდა.
- ეს არის ვისკონსინის შტატის ერთ-ერთი ულამაზესი პატარა კურორტი, - მოესმა ყურთან ვიღაცის ხმა.
- მართლა? - გამოეხმაურა აღელვებული კერი.
მატარებელი ის-ის იყო სადგურ ვოკიშიდან გადიოდა. კერიმ ადრევე შეამჩნია უკან მჯდარი მამაკაცი, ისიც იგრძნო, რომ მის ხშირ თმას მისჩერებოდა და რაღაც მოუსვენრობაც ეტყობოდა. კერიმ ინსტინქტით იგრძნო, რომ ეს უცნობი კაცი მისით იყო დაინტერესებული. ქალწულურმა რიდმა და თანდაყოლილმა ალღომ უბიძგა, უცნობისთვის ნება არ მიეცა ასე შინაურულად მოჰქცეოდა და გარკვეული ზღვარი დაედო. მაგრამ ამ კაცის გამბედაობამ და მიმზიდველობამ, რომელიც მას დიდი გამოცდილებისა და წარმატების შედეგად ჰქონდა მიღებული,