თავი XXXIV
საოცარი კონტრასტი, რასაც მაშინ კაუპერვუდი და სტინერი წარმოადგენდნენ, რასაკვირველია, იმად ღირს, რომ მასზე მცირე ხნით მაინც შევჩერდეთ. სტინერი გაფითრდა, ტუჩები გაულურჯდა. კაუპერვუდს კი, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი პატიმრობის გამო შავი ფიქრები ეხვია და ვერ გამოერკვია, როგორ შეხვდებოდნენ ამ უსიამოვნო ამბავს მისი მშობლები, ცოლ-შვილი, მეგობრები და კოლეგები, იმდენად მშვიდად და თავშეკავებულად ეჭირა თავი, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მისი შეუპოვარი ბუნება იძლეოდა. უბედურებათა ორომტრიალში წუთითაც არ დაუკარგავს გონების სიფხიზლე და არ უმტყუნია სიმამაცეს. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა არის ცოდვა. ცხოვრებას, მისი აზრით, ორად ორი მხარე ჰქონდა - ღონე და უღონობა. სიმართლე და უმართლობა? მას არ გაეგებოდა, რას ნიშნავს ისინი. მეტაფიზიკურ განყენებად ეჩვენებოდა და მათზე ფიქრით არასოდეს იწუხებდა თავს. სიკეთე და ბოროტება? ეს სიტყვები ღვთის მსახურებმა ხალხის გასაძარცვავად, ფულის საშოვნელად გამოიგონეს მხოლოდ. ანდა რას ნიშნავს საზოგადოებაში მიღებული ანდა საზოგადოებისგან დევნილი? განა, ვისაც უბედურება ეწვევა, ყოველთვის დევნილი არ არის? დევნილი! განა, ის ან მისი მშობლები ოდესმე მიღებული იყვნენ მაღალ საზოგადოებაში? არა! და განა გამორიცხულია შესაძლებლობა, ახლანდელ არეულობას ბოლო რომ მოეღება, იგი, კაუპერვუდი, ისევე აღდგეს საზოგადოებაში? ზნეობრიობა და ზნედაცემულობა? სისულელეა ამაზე ლაპარაკიც. მაგრამ ღონე და უღონობა? ეს სულ სხვა საკითხია. თუ ღონე გქონდათ, თუ ძალა გერჩოდათ, თავს ყოველთვის დაიცავდით და რაღაც წონაც გექნებოდათ ცხოვრებაში. თუ ადამიანი უღონოა, უნდა მოუსვას ცეცხლის ხაზიდან. ძლიერი იყო კაუპერვუდი, არ უჩიოდა ღონის უქონლობას, თვითონაც მშვენივრად ესმოდა ეს და სჯეროდა, რომ მისი ბედის ვარსკვლავიც ამობრწყინდებოდა. რაღაც ძალა, უხილავი ძალა, თვითონაც არ იცოდა - რა იყო იგი, რას წარმოადგენდა, - შველოდა ყოველთვის, ეხმარებოდა. იგი გაჭირვების ტალკვესი იყო მისთვის, ყოველგვარი მდგომარეობიდან, ყოველგვარი გასაჭირიდან გამოჰყავდა. ჩინებულ პერსპექტივას შლიდა მის წინაშე. რამ მიანიჭა ესოდენ გამჭრიახი ჭკუა-გონება? რატომ წყალობდა ბედი ფინანსურ საქმეებში, პირად ცხოვრებაში? არ დაუმსახურებია ეს, არ უბრძოლია ამისთვის. იქნებ ეს შემთხვევითი მოვლენა იყო?.. მაგრამ მაშინ, როგორ უნდა ახსნილიყო ის გარემოება, წარმატების იმედი მუდამ რომ ჰქონდა, მუდამ რომ იყო დარწმუნებული, ყოველგვარი გასაჭირიდან უვნებლად გამოვალო? საიდან ჰქონდა ეს ალღო? მუდამ რატომ ინარჩუნებდა მოქმედების დაუცხრომელ სურვილს? განწყობილება? არა, ყველაფერ ამის ამოხსნა არცთუ ისე ადვილი იყო. ცხოვრება ბნელ, ამოუცნობ იდუმალებად ეჩვენებოდა კაუპერვუდს, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო იგი, მაინც ორად ორი შემადგენელი ნაწილი ჰქონდა მხოლოდ, - ღონე და უღონობა, აი, რა იყო მისი ორი შემადგენელი ნაწილი. ღონეს უნდა გაემარჯვა უთუოდ, უღონობა უნდა დამარცხებულიყო, ულაპარაკოდ. კაუპერვუდი უნდა დაეყრდნოს გონების გამჭრიახობას, სიმახვილეს, თავის საზრიანობას და - სხვას არაფერს. იგი მართლაც სიმამაცისა და ენერგიულობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა - ცოცხალი, მტკიცე ნაბიჯებით მოსიარულე, დახვეწილად და კოხტად ჩაცმული, ულვაშაწკეპილი, სუფთად გაპარსული, გულმოდგინედ დაუთოებულ კოსტიუმში გამოპრანჭული, ლოყებაღაჟღაჟებული და მანიკიურებიანი რომ დაიარებოდა ახლაც.
კაუპერვუდი იმ ხანებში პირადად ეწვია სკელტონ კ. უიტს და სცადა გაეგებინებინა მისთვის საქმის ნამდვილი ვითარება. გაახსენა, რომ თვითონ პირველი სულაც არ ყოფილა ამ საქმეში, რომ ადრე სხვებიც იქცეოდნენ ასე, მაგრამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა მასზე. სკელტონისთვის გაუგებარი იყო, როგორ მოხდა, რომ სამოცი ათასი დოლარის სერტიფიკატები არ აღმოჩნდა საამორტიზაციო ფონდში. კაუპერვუდმა აუხსნა, ასე მოქმედება ჩვეულებად მქონდაო, მაგრამ ვინ დაუჯერა?! მისტერ უიტი დარწმუნებული იყო, რომ სხვა პოლიტიკური მოღვაწეები კაუპერვუდზე ნაკლებ ფულს არ იხვეჭდნენ და ურჩია, ბრალდების მოწმედ გამოდიო. ამაზე კაუპერვუდმა მტკიცე პროტესტი განაცხადა, - რომელი ჯაშუში მე მნახეთო?! - მიახალა, რითაც უიტის ცალყბა გაღიმება დაიმსახურა.
ბატლერი ზეიმობდა (თუმცა არჩევნების ამბავი ძალიან აწუხებდა), რადგანაც ეგ გაიძვერა თავის ბადეში მოიქცია და ალბათ კარგა ბევრი დრო დასჭირდებოდა, ვიდრე იქიდან თავს დააღწევდა. თუ ისე მოხდებოდა, რომ არჩევნებში რესპუბლიკური პარტია გაიმარჯვებდა, დევიდ პიტის ნაცვლად, რაიონული პროკურორის ადგილზე უნდა დამჯდარიყო ბატლერის კანდიდატურა - ახალგაზრდა ირლანდიელი დენის შენონი, რომელსაც იურიდიულ საკითხებში მრავალი კონსულტაცია გაუწევია ბატლერისთვის. მოლენჰაუერი და სიმპსონი - პარტიის ეს ორი დანარჩენი მესვეური - დაეთანხმნენ ბატლერს, რომ შენონი, ეს ჭკვიანი, ხუთი ფუტისა და ათი დუიმის სიმაღლის, ჩასკვნილი, ქერათმიანი, ლურჯთვალება და ლოყებღაჟღაჟა ახალგაზრდა ფრიად ნიჭიერი იურისტი და მჭევრმეტყველი, ტემპერამენტიანი და, მაშასადამე, ძალზე სასურველი კანდიდატი იყო. შენონი ძალიან აფასებდა ბერიკაცის კეთილ განწყობილებას - ის ხომ არჩევნების შემდეგ დიდ თანამდებობას შეჰპირდა! - და დაჰპირდა ბერიკაცს, თუ ამირჩევთ, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მთელ ჭკუასა და