1. ცხოვრების ფაზები
ჩემი განზრახვაა, სამი მხრიდან მივუდგე ადამიანის ცხოვრებას:
ა) ბიოლოგიურიდან
ბ) მშვინვიერიდან
გ) სულიერიდან
ა) ბიოლოგიური განვითარება
უკვე ვნახეთ, რომ ყოველი ცოცხალი ორგანიზმი ქრონოტიპულადაა განსაზღვრული თავისი სახეობის მიერ.
თუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ჩავთვლით 80 წლად, ამ პერიოდის შიგნით შეგვეძლება გავარჩიოთ შემდეგი სამი ფაზა:
• ზრდის პერიოდი, როდესაც აღმშენებლობა გადასწონის დაშლას;
• აღმშენებლობასა და დაშლას შორის წონასწორობის პერიოდი;
• ინვოლუციის, მზარდი დაშლის პერიოდი.
ზრდის პერიოდი, რომელიც დაახლოებით 20 წლის ასაკამდე გრძელდება (ცოტათი ადრე გოგონებში, ცოტათი გვიან ბიჭებში) არ არის ერთგვაროვანი. იგი მოიცავს სამ ფაზას, სადაც ერთმანეთს ენაცვლება სიმაღლეში და სიგანეში ზრდა. ეს პროცესი უფრო დეტალურად განხილულია ჩემს წიგნში ‘”ბავშვის განვითარების ფაზები“. მასში საუბარია ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
აქ საკმარისი იქნება მოკლე შეჯამება. ადრეული განვითარების სამი ფაზა არის:
1. დაბადებიდან სიმაღლეში პირველ მთავარ ზრდამდე და კბილების მოცვლამდე;
2. კბილების მოცვლიდან გარდამავალ ასაკამდე;
3. გარდამავალი ასაკიდან ზრდასრულობამდე.
გავსების პერიოდებს (გაფართოება და დამძიმება, მაშინ როცა სიმაღლეში ზრდა ნელა მიმდინარეობს) ცვლის სიმაღლეში ზრდის ფაზები (სიმაღლეში სწრაფი ზრდა, როცა სიგრძეში განსაკუთრებით კიდურები მატულობს). ტანის აყრის პერიოდს ადგილი აქვს კბილების მოცვლისა (ბრიტანეთში სკოლის ასაკი, კონტინენტზე წინასასკოლო პერიოდი) და გარდამავალი ასაკის წინ. მათ მოსდევს სიგანეში ზრდის პერიოდები.
კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სხეულის საბოლოო სიდიდეზე და არა განვითარების ფაზების რიტმზე. მისი ზეგავლენა უდიდესია კრიტიკული ფაზების დროს, რომელნიც სხვადასხვანი არიან სხვადასხვა ორგანოთათვის. მაგ., თავის ტვინის შემთხვევაში აღსანიშნავია შემდეგი სტადიები: სიცოცხლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ადგილი აქვს თავის ტვინის უჯრედების რაოდენობის საგრძნობ ზრდას. მხოლოდ ამ პერიოდის შემდეგ იზრდება მათი სიდიდე. დიფერენციაცია და ზრდა ერთმანეთს ცვლის: მათგან დიფერენციაცია, უჯრედების რაოდენობის ზრდა, უფრო მნიშვნელოვანია. თუ ამ ფაზაში ტვინს საკვები მოაკლდება, ეს ზიანი ვეღარ გამოსწორდება შემდგომში. ხოლო უჯრედების სიდიდეში ზრდის პერიოდში არასაკმარისი კვების კომპენსაცია შესაძლებელი არის.
ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვილი ბავშვის კარგი საკვებით უზრუნველყოფა, რადგან სწორედ ამ ფაზაში გააჩნია საკვების უკმარისობასა და დაავადებებს მყარი შემდგომი ეფექტი. მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისათვის ეს მძაფრი პრობლემა არის.
ზემომოყვანილი დიაგრამა, რომელიც ძლიერ სქემატურია, უჩვენებს აღმშენებლობის, წონასწორობისა და დაშლის პერიოდების საშუალო ხანგრძლივობას. ორგანოთა ყოველ სისტემას აქვს საკუთარი ქრონოტიპული გრაფიკი. ადამიანთა უმ-რავლესობამ იცის, რომ, მაგ., დაახლოებით 40 წლის ასაკიდან თვალის ბროლი მოქნილობას კარგავს, აკომოდაცია ირღვევა და საკითხავი სათვალე ხდება საჭირო. ყურის შემთხვევაში განსხვავებული სურათი გვაქვს: 19 წლის ასაკიდან მცირდება ბგერათა დიაპაზონი, რომლის გაგებაც შეუძლია ადამიანის ყურს. სხვა სიტყვებით, რაც უფრო ხანში შევდივართ, მით უფრო ნაკლები უმაღლესი და უდაბლესი ბგერები გვესმის - ან როგორც ერთ-ერთმა ვაჟიშვილმა მითხრა: "მამა, რაღად გინდა ძვირადღირებული სასმენი მოწყობილობა, შენ მაინც არ გესმის უმაღლესი ბგერები“.
სმენის დიაპაზონი საკმაოდ ადვილად დგინდება. მიღებულ შედეგს აუდიოგრამას უწოდებენ. ყოველი ასაკობრივი ჯგუფისთვის დადგენილია საშუალო აუდიოგრამა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თუ ვინმეს, ვთქვათ, 35 წლის ასაკში გააჩნია 45 წლის ასაკის აუდიოგრამა, ის ნაადრევად დაბერებულია (ყოველ შემთხვევაში სმენასთან მიმართებით). ეს საკმარისი მიზეზი იქნებოდა გამოკვლევისთვის - ორგანოთა სხვა სისტემებიც ხომ არ ბერდება ნაადრევად. ინვოლუციის პერიოდს ახასიათებს მთელი სხეულის ქსოვილების მოქნილობის დაკარგვა. ამის დაკვირვება შეიძლება ჰაერის იმ მოცულობის მიხედვით, რომლის ჩასუნთქვაც შეუძლია ადამიანს ერთი შესუნთქვით. იგივე ფაქტი ვლინდება სირბილის შემდეგ სუნთქვის უკმარისობის ზრდაში. ასევე კარგადაა ცნობილი, რომ სისხლძარღვების კედლები უხეშდება და გადაგვარებას იწყებს. ფუნქ-ციონირების ეს დაქვეითება განსაკუთრებით საშიშია კორონალური არტერიისთვის. მას ხშირად გულის შეტევა მოსდევს, რომლის დროსაც არტერიის კედლები თანდათანობით გადაგვარებას განიცდის და სისხლძარღვებში თრომბი ჩნდება.
ზოგი ნაადრევად ბერდება, სხვები „ახალგაზრდები“ რჩებიან წლების განმავლობაში და გვიან ასაკამდე ინარჩუნებენ ცხოველქმედების უნარს. მაგრამ ისინიც საჭიროებენ საკითხავ სათვალეს 40 წლის შემდეგ და უფრო ადვილად იღლებიან, ვიდრე ახალგაზრდობისას.
მომდევნო თავში განვიხილავთ, თუ როგორ მისდევს ფსიქიკური და სულიერი ფუნქციები ბიოლოგიური განვითარების ფაზებს.
როგორც დავინახეთ, მართა მოერსი ცხოვრების ფაზებს უდგება შრომის, სოციალური დამოკიდებულებებისა და ღირებულებებისადმი განწყობათა კუთხით. ეს დიდად შეესაბამება ჩემს მიდგომას, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს ბიოლოგიურ, ფსიქიკურ და სულიერ ასპექტებს. შემდეგი კითხვა ასეთია: ფსიქიკური და სულიერი განვითარების მრუდები ბიოლოგიურის პარალელურია, თუ არა? მისდევენ მას, თუ დამოუკიდებელნი არიან მისგან?
ბ) მშვინვიერი განვითარება
ზრდის პირველ ფაზაში, მოზრდილობამდე, ნათლად ჩანს აზროვნების, გრძნობის, ნებელობის ფსიქოლოგიური განვითარების ხაზი, რომელიც თავისი რთული ფორმითა და მუდმივად ცვალებადი შინაარსით აღწერილია წიგნში "ბავშვის განვითარების ფაზები“.
ზრდის პერიოდის სამ ფაზას სხვადასხვა თემა აქვს ლაიტმოტივად. ჩვილი ბავშვი სრულიად გახსნილია გარე შთაბეჭდილებების მიმართ. იგი გარშემომყოფთა იმიტაციით სწავლობს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია მივცეთ მოზარდს ცხოვრების გზაზე, არის სიმტკიცის, რწმენისა და უსაფრთხოების გრძნობა: განცდა, რომ მისი ამქვეყნად მოსვლა უხარიათ, რითაც იგი სიყვარულსა და სითბოს იღებს. სიმტკიცესა და რწმენას წარმოშობს რიტმული ცხოვრება და ბავშვის კონტაქტების განუწყვეტლობა, უსაფრთხოებას კი გარშემომყოფთა თბილი სიყვარული. ბავშვს უნდა გავუღვივოთ გრძნობა იმისა, რომ სამყარო კეთილია. ტანის პირველად აყრისა და კბილების მოცვლის შემდგომი ფაზა, ანუ სასკოლო პერიოდი ხასიათდება ძლიერი ჩაკეტილობით: ბავშვი მიქცეულია თავისი თავისკენ და იკვლევს საკუთარი სამშვინველის თვისებებს აზროვნებაში, გრძნობასა და ნებელობაში. ბავშვი ამას ფანტაზიის ძალით აკეთებს. იგი საკუთარ ბაღში ცხოვრობს, რო-მელსაც მაღალი ღობე აქვს გარშემოვლებული: მის შიგნით ბავშვი აგებს საკუთარ სამყაროს, სადაც შეუძლია აკეთოს ყველა-ფერი ის, რასაც ვერ აკეთებს რეალურ გარე სამყაროში. ბავშვის ფანტაზია საფუძვლად ედება კრეატიულობას შემდგომი წლების სოციალურ ცხოვრებასა და პროფესიაში. ინდივიდი, რომელსაც რაიმე მიზეზის გამო ამ ფაზაში არ შეეძლო ფანტაზირება და ოცნება, შემდგომში ინტერპერსონალურ ურთიერთობებში სპონტანურობისა და მრავალმხრივობის დანაკლისს განიცდის. ინტელექტუალური აღზრდა-განათლება თრგუნავს ფანტაზიას და წარმოშობს ადამიანებს, რომელნიც ცხოვრებაში მარტონი რჩებიან და ვერ ამყარებენ ნამდვილ კონტაქტებს სხვა ადამიანებთან. თუ გავიხსენებთ დაწყებითი განა-თლების თანამედროვე სისტემას, გასაკვირი აღარ იქნება ის ფაქტი, რომ კონტაქტების უუნარობამ თითქმის ეპიდემიურ დონეს მიაღწია. შემოქმედებითი სწავლება და თამაში, მშობლების მიერ ამბების მოყოლა ავარჯიშებს ფსიქიკური უნარების მობილურობას, ზრდის ორიგინალობასა და სპონტანურობას.
მეორე ფაზაში ბავშვი უნდა დარწმუნდეს, რომ სამყარო სავსეა სიხარულითა და მშვენიერებით. მშვენიერებას ბავშვისთვის სულ სხვა მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე მოზრდილებისთვის, რომელნიც ხშირ შემთხვევაში ვერ აღიქვამენ ხოჭოს, ფოთლის ან მთის ბროლის სილამაზეს.
მესამე ფაზაში (გარდამავალი ასაკი ანუ სიყრმე) ხდება რეალობისკენ გარღვევა. როგორც კი ირღვევა პრეპუბერტეტის მზრუნველი სამყარო, ახალგაზრდა პიროვნება აღმოაჩენს სინამდვილეს, რომელიც ხშირად არამეგობრულია. ბავშვის ფანტა-ზიის სამყაროს ნგრევის შედეგად გარდამავალ ასაკში ვღებულობთ მარტოობას, განცდას, რომ ვერავინ გიგებს, და გმირის თაყვანისცემის ტენდენციას. სიყრმისას (რომელიც, ჩემი აზრით, იწყება 16-17 წლის ასაკში) დგება სამყაროსადმი საკუთარი დამოკიდებულების (თუმცაღა დროებითის) პოვნის ამოცანა.
ყრმა ეძებს მსოფლმხედველობას, ინტერესდება რელიგიით ან პოლიტიკით (რაც ამ ასაკში რელიგიურ ხასიათს ატარებს), ირჩევს პროფესიას (თუ აქვს ნორმალური განვითარების საშუალება). ყოველივე ეს აღწერილია წიგნში "ბავშვის გა-ნვითარების ფაზები“. იწყება ჭეშმარიტების ძიება: რას წარმოადგენს სინამდვილეში "სამყარო?“
უკვე პლატონი აღნიშნავდა, რომ სიკეთე, მშვენიერება და ჭეშმარიტება ადამიანობის საფუძველი არის. სიყრმისას მათ უნდა მიეცეს გაფურჩქვნის საშუალება, რათა შემდგომში გადაიზარდონ მორალში, კრეატიულობასა და სიბრძნეში. ეს გა-ნვითარება დამოკიდებულია არა გარეგნულ კეთილდღეობაზე, არამედ შინაგან სისავსეზე.
უკვე 1945 წ. დაადგინეს, რომ დანაშაულია 14-15 წლის მოზარდი აიძულო, იმუშაოს ფაბრიკაში ან აირჩიოს პროფესია. ასეთ სიტუაციაში მას არ შეუძლია ზრდასრულობისკენ წინსვლის მესამე ფაზის დასრულება. ის ფაქტი, რომ სადღეისოდ ამ ასაკის ბავშვებს მაფორმირებელ, ე.წ. პარტიციპაციულ განათლებას ვაძლევთ, მხოლოდ პირველი ნაბიჯია ამ მხრივ. ყოველ ადამიანს აქვს ზოგადი მაფორმირებელი განათლების უფლება 18 წლამდე, რათა როგორც სრულყოფილმა პიროვნებამ შეიტანოს თავისი წვლილი საზოგადოებაში.
ნაშრომში ”ბავშვის განვითარების ფაზები“ ყურადღება მივაქციე ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ადრეულ ასაკში იგი თითქმის აბსოლუტურია. კუჭის ოდნავი აშლილობა ან მოსალოდნელი ავადმყოფობა პირველად ბავშვის ქცევით შეინიშნება: იგი გულგრილი და გაღიზიანებადი ხდება. გარდამავალი ასაკის შემდეგ ბავშვის მშვინვიერი განვითარება აღარაა სრულად დამოკიდებული ბიოლოგიურ პროცესებზე, თუმცა ურთიერთდამოკიდებულება მათ შორის ჯერ კიდევ უფრო მჭიდროა, ვიდრე მომდევნო წლებში.
რა ხდება შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას მივადექით ამ წიგნის ცენტრალურ საკითხს: ვიტალურ-მშვინვიერი სწრაფვები საკმაოდ ახლოს მისდევს ბიოლოგიურ განვითარებას, ხოლო სულიერ-მშვინვიერი ფუნქციები გამოეყოფა მას და შეუძლია განვითარების მწვერვალზე იმყოფებოდეს მაშინ, როცა ბიოლოგიური ფუნქციები უკვე საკმაოდ დაკნინებული არის. ამის გამო ფსიქიკური განვითარებისათვის ვერ იხაზება ერთი სწორხაზოვანი გრაფიკი. პირველი 20 წლის განმავლობაში ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფუნქციები უპირატესად პარალელურად ვითარდებიან, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთზე ძალზე ძლიერად მოქმედებენ (ადამიანის ფსიქოსომატური ერთიანობა განსაკუთრებით აშკარაა ცხოვრების შუა ფაზაში). მაგრამ 40-იან წლებში დგება დრო, როცა ვიტალურ-მენტალური ფუნქციები სუსტდება. სუსტდება ვიტალური მოთხოვნილება აქტიური სიცოცხლისა, სამყაროსთან კონტაქტისა. შრომისას უფრო და უფრო ძნელად მიიღწევა იგივე შედეგი, რაც ადრე. გვეწყება შიში მომავალი თაობისა, რომელსაც გააჩნია სიცოცხლისუნარიანობა, რასაც ჩვენ ვკარგავთ და ა.შ. ეს პროცესი უფრო დეტალურად ქვემოთ იქნება განხილული. მხოლოდ მაშინ, თუ ცხოვრების შუა ფაზაში გამოიღვიძებს სულიერ-მშვინვიერი ფუნქციები, მათ შეეძლებათ შეცვალონ დამავალი ვიტალურ-მშვინვიერი ფუნქციები.
ამრიგად, 40-იანი წლების განმავლობაში საფუძველი ეყრება შემდგომი განვითარების ორ შესაძლო ვარიანტს(შუალედური საფეხურებით ორ უკიდურესობას შორის): საკუთარ თავს ვაფასებთ ან ჩვენი გარეგნული მიღწევების მიხედვით და ამ შემთხვევაში კრიზისამდე მივდივართ, ან იმ დახმარებისდა მიხედვით, რაც სხვებს შეგვიძლია გავუწიოთ და მაშინ ახალ, სოციალურ ფაზაში შევდივართ, როდესაც შეგვიძლია ჩვენ მიერ დაგროვილი გამოცდილება სხვებს გადავცეთ. ამ ფაზაში თანდათან ვშორდებით ჩვენს სამუშაოს და უფრო ფართო სოციალურ კონტექსტში განვიხილავთ მას. ხელმძღვანელებისთვის ეს ნიშნავს შემდეგს: თუ აქამდე თვითონ ახდენდნენ ყველაფრის ორგანიზებას, ახლა უნდა გადავიდნენ ისეთ პოლიტიკაზე, რომლის განხორციელებისას სხვებს შეეძლებათ საკუთარი ძალების გამოვლენა.
40-ანი წლების დასაწყისის ეს ფაზა შეიძლება აღიწეროს, როგორც სოციალური ან მართვის ფაზა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარი განვითარება თავისთავად არ ხდება, არამედ შესაძლებლობას წარმოადგენს. მართალია, იდეალური ვერ იქნება ამ რთული და თვისებრივად განსხვავებული პროცესების ერთი დიაგრამით გამოხატვა, მაგრამ იგი რამდენადმე მაინც ახდენს ამ პროცესების ილუსტრაციას.
გ) სულიერი განვითარება
ადამიანის სულიერი განვითარება თავდაპირველად მეს ცნობიერებაში ვლინდება, რომელიც აღმოცენდება ფეხის ადგმისას, სკოლის ასაკში მეს განცდისას, სიყრმისას - მეს რეალიზაციისაკენ სწრაფვისას. ცხოვრების შუა ფაზაში მეს ცნობიერება, მეს განცდა და მეს რეალიზაცია შეიძლება კიდევ უფრო განვითარდეს, რაც მოგვიანებით იქნება აღწერილი. გარედან ეს ჩანს პიროვნების სულიერ-მშვინვიერ ძალისხმევებში, რომელნიც მიმართულნი არიან ნორმების პოვნის, განცდისა და გამოყენებისკენ, ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, შრომაში, შრომისადმი განწყობაში, გარემოების ფარგლებს გარეთ ინტერესის სფეროს აღმოჩენისკენ. სხვა სიტყვებით, ესაა უნარი, ამაღლდე სტიმულ-რეაქციის სიტუაციაზე, რაც ჯერაც ახასიათებს ვიტალურ-მშვინვიერ სწრაფვებს.
ინდივიდი, რომელმაც ცხოვრების შუა ფაზაში უკვე იპოვა ინტერესის სფერო ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ სოციალურ საქმიანობაში, თითქმის შეუმჩნევლად გაივლის ცხოვრების გზის დიდ გასაყარს 40 წლის ასაკის შემდეგ და შეეძლება მეტწილად სულიერი წყაროთი საზრდოობა. მეორე მხრივ, პიროვნება, რომელსაც ცხოვრების შუა ფაზაში არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ზრუნავდა პირად წარმატებაზე, ყველაფერს თავიდან იშორებდა, რასაც მისი კარიერისთვის ხელის შეშლა შეეძლო, ანდა უშვებდა, რომ მისი ცხოვრების წარმმართველი ყოფილიყო მხოლოდ სამუშაო და სხვა გარეგანი გარემოებები - ასეთი პიროვნება 40 წლის ასაკის შემდეგ აღმოჩნდება ეგზისტენციალურ კრიზისში და 55 წლის ასაკში იქცევა ტრაგიკულ ფიგურად, რომელიც გამუდმებით მისტირის კარგ ძველ დროს, ახალში კი მუქარის გარდა ვერაფერს ხედავს.
ბიოლოგიური რიტმები განვითარებაზე ყველაზე ღრმა ზეგავლენას მოზრდილობის წინა პერიოდში ახდენს. საკუთრივ მშვინვიერი განვითარება ყველაზე მკაფიოდ ცხოვრების შუა ფაზაში ვლინდება. სულიერი განვითარება ცხოვრების ბოლო ფაზისთვისაა გადამწყვეტი.