ტომი II - პუმუკელი და ჭუჭყი
გულახადილად რომ გითხრათ, არც კი ვიცი, კობოლდები საერთოდ თუ იბანენ პირს, ან თუ ბანაობენ, რადგან ისინი ხომ უჩინარები არიან. ასეა, მაგრამ ეს ჩვენი პუმუკელი ხომ ხილულია, როცა მარტოა ოსტატ ედერთან. ამაზე აქამდე არც კი მიფიქრია, მაგრამ ახლა თავისთავად დაიბადა ეს შეკითხვა, რაზეც ქვემოთ მოგითხრობთ.
უპირველეს ყოვლისა, ჯერ ოსტატ ედერის სახელოსნოს დასუფთავებაზე მიდგა საქმე. მან გადაწყვიტა, რომ აღდგომამდე მღებავი მოეყვანა და სამზარეულო სულ ახლად შეეღება. ყველამ იცის, ასეთ სიტუაციაში როგორც გამოიყურება მთელი სახლი: ყველა კარადა კედლიდან გადმოდგმულია, გამოლაგებულია და ისეთი ქაოსია, კაცს ეგონება, ვერასოდეს დალაგდება. მოკლედ, არასახარბიელო სიტუაციაა ჩვენთვის, ადამიანებისთვის, მაგრამ არა კობოლდისთვის. პუმუკელი ასეთ არეულ-დარეულობაში მშვენივრად გრძნობდა თავს. სიხარულით დახტოდა ერთი ადგილიდან მეორეზე, კარადიდან კარადაზე და იყო ერთ ყიჟინაში. ამიტომაც სულაც არ გაუხარდა, როცა დამლაგებელი მოვიდა და სახლის მოწესრიგაბა-დასუფთავება დაიწყო. პირიქით, აღშფოთებული მიიჭრა ოსტატთან სახელოსნოში.
- იცი, ქალბატონი აიხინგერი ახლა რას აკეთებს? - მიაძახა და თან სიბრაზისგან მთელი თმა აებურძგნა, - წყალს ასხამს სამზარეულოს იატაკზე, დიახ, თანაც ვედროებით!
- მერე რა?
- რა და მე რომ ეს გამეკეთებინა...
- შენ რომ წყალი დაასხა იატაკზე, ეს სულ სხვაა.
- ეგ როგორ? ჩემი დასხმული წყალიც ისევე გაასუფთავებს იატაკს, როგორც ქალბატონი აიხინგერისა.
ოსტატმა ამოიოხრა, რადგან გააახსენდა რამდენჯერმე პუმუკელმა სახლში წყალდიდობა რომ მოუწყო.
ამ ამოოხვრამ გააბრაზა პუმუკელი და ჩაიბუზღუნა:
- მოკლედ, მე არაფრის უფლება არა მაქვს. ახლავე წავართმევ იმ შენს დამლაგებელს იატაკის საწმენდ ჯოხს.
ოსტატმა მოასწრო კობოლდისთვის ხელი ეტაცა, ვიდრე მართლაც შეასრულებდა თავის მუქარას. პუმუკელი თავის დახსნას ცდილობდა:
- გამიშვი, გამიშვი!
- გაგიშვებ, თუ შემპირდები, რომ დამლაგებელს ხელს არ შეუშლი.
- რატომ არ უნდა შევუშალო ხელი? ჩემთვის ყველას შეუძლია ხელის შეშლა და მე კი - არავისთვის. აბა, მე დავასხა იატაკზე წყალი, ხომ მაშინვე დამიშლი. მოკლედ, სულ დაშლილი ვარ, ისე მიშლიან ყველაფერს.
- პუმუკელ...
- ჰო, ლაპარაკსაც კი მიშლიან, ნეტა საერთოდ რის უფლება მაქვს. არაფრის! - დაიწყო მან თავის შეცოდება. იმდენი ქნა, მსხვილ-მსხვილი ცრემლებიც კი გადმოყარა, თან ზლუქუნებდა: არაფრის უფლება არა აქვს ამ საწყალ პუმუკელს, არაფრის! ნეტავ კობოლდი კი არა, დამლაგებელი ვიყო. მაშინ ხომ შემეძლებოდა იატაკზე წყლის დასხმა, არავინაც არ დამიშლიდა.
პუმუკელმა შეწყვიტა ედერის ხელში ცქმუტვა და კიდევ ერთი მსხვილი ცრემლი გადმოაგდო. ოსტატს მართლაც აუჩუყდა გული, დასვა პატარა სკამზე და უთხრა:
- აბა, გამოტყდი, პატარავ, შენც ხომ გაქვს ბევრი რამის უფლება? თანაც წყლის იატაკზე დასხმაზე ბევრად უკეთესის, თავად დამლაგებელსაც რომ არ აქვს.
პუმუკელმა ისევ ამოიზლუქუნა:
- მაგაზე უკეთესი რომ არ არსებობს.
- როგორ არ არსებობს. დერეფანში გამოლაგებულ კარადებში ერთ უჯრას ნახავ, რომელშიც უამრავი პატარა ნივთია: ბოთლის საცობი, რეზინა, ცელოფანის პარკები, მგონი მათ შორის კიდევ ერთი ლამაზი მინის ბურთულაცაა. შეგიძლია ამოიღო და შენთვის შეინახო. რასაც იმ უჯრაში ნახავ და მოგეწონება, შენი იყოს.
იმის დასადგენად, თუ მართლა იყო ასეთი უჯრა, მაშინვე ისკუპა პატარამ სკამიდან და დერეფნისკენ გაქანდა. შორიდან მიაძახა ოსტატს:
- გპირდები, დამლაგებელს ხელს არ შევუშლი.
ყველამ იცის, სამზარეულოს კარადის ასეთ უჯრაში რა არ ყრია. თუ რამეს ადგილს ვერ მოუძებნის კაცი, მაშინვე ერთ უჯრაში უკრავს თავს. ეს უჯრა ედერმა სამზარეულოს კარადიდან გამოიღო და დერეფანში სკამზე დადგა, რომ კარადა გადასაადგილებლად ცოტა მსუბუქი ყოფილიყო. უჯრა მართლაც საუკეთესო სათამაშო ადგილი იყო კობოლდისთვის. პუმუკელი აღფრთოვანებით იღებდა უჯრიდან ნივთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ბედნიერება დიდხანს არ გაუგრძელდა. დამლაგებელმა ასეთ უწესრიგო უჯრას რომ მოჰკრა თვალი, გადაწყვიტა სასწრაფოდ მოეწესრიგებინა, აბა, რა იცოდა, რომ უჯრაში კობოლდი თამაშობდა, ან საიდან უნდა სცოდნოდა.
- რა აბურდულია ეს უჯრა, ასეთი რამ ჯერ არ მინახავს, - ჩაილაპარაკა დამლაგებელმა და თავი გადააქნია, - ასეთი რამ მხოლოდ მარტოხელა კაცებს თუ შეუძლიათ.
მაშინვე დაიწყო ამოლაგება, რაღა არ იდო იქ: წებო, ბოთლის გამხსნელი, კნოპები, სხვადასხვანაირი თოკი, ნემსები. თავდაპირველად პუმუკელი გაშტერდა გაოგნებისაგან, როცა დაინახა, რომ დამლაგებელი ალაგებდა უჯრას. მერე კი როცა მიხვდა, რაც ხდებოდა, დამლაგებელს თითში ნემსი უჩხვლიტა, ხელი დაუფხაჭნა, მაგრამ დამლაგებელი მაინც თავისას აგრძელებდა. ფიქრობდა, ასეთ უჯრაში ხელს რომ ჩაყოფს კაცი, ეჩხვლიტება რაღაც, აბა რა იქნებაო. პუმუკელმა დამლაგებლის მიერ წესიერად დახვეული თოკები იატაკზე გადმოყარა,