სიკვდილი კრედიტით ხშირად – მოკლე და ხანდახან – გრძელი.
თითოც – ქურთუკი მრგვალი,
ჟილეტ-პერანგი გამოსასვლელი,
ჟილეტ-პერანგი გამოსასვლელი,
მძიმე ბერეტი და ფეხსაცმელი*.
(ციხის სიმღერა)
* ნაწარმოებში ჩართული ყველა ლექსი თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ.)
ერთგული და უღალატო მეგობარი. ხვალ მივაბარებთ მიწას სოლის ქუჩაზე. ისე, გვარიანად კი იყო მოფახფახებული. ცალი ფეხი სამარეში ედგა, როგორც იტყვიან. პირველსავე დღეს, ხველა რომ აუტყდა, გავაფრთხილე: ეცადეთ, ლოგინზე არ წამოწვეთ, უმჯობესია, წამომჯდარი იყოთ-მეთქი. ვშიშობდი, უარესად არ გამხდარიყო. მერე კი... მერე ჩემი შიშიც გამართლდა და მოსახდენიც მოხდა. მოგახსენეთ უკვე...
ისე, მედიცინას, ამ საზიზღარ და გულისამრევ ხელობას ყოველთვის როდი ვემსახურებოდი... აუცილებლად შევატყობინებ მათ ქალბატონი ბერანჟის გარდაცვალებას. მივწერ ყველას, ვინც მიცნობდა, არც იმათ დავივიწყებ, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ხვდა წილად. სადღა არიან ისინი?
რა მოხდება, რომ ეს ქარბუქი კიდევ უფრო გაძლიერდეს და სახურავი ახადოს სახლს; რომ გაზაფხული აღარასოდეს დადგეს და ჩვენი საცხოვრებელი საერთოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა.
შესანიშნავად იცოდა ქალბატონმა ბერანჟმა, რომ ყველა დარდი და სევდა წერილებს მოჰყვებოდა... არ ვიცი, კიდევ ვის მივწერო... ისინი ძალიან შორს არიან აქედან... სული ეშმაკს მიჰყიდეს, რათა უკეთ ეცრუათ, მალევე დაევიწყებინათ და სხვა რამეებზე ელაქლაქათ...
საწყალი, ბებერი ქალბატონი ბერანჟი... მის ცალთვალა ძაღლს ალბათ ვინმე წაიყვანს... წერილებს გამოყოლილი ყველა სევდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში მასთან გროვდებოდა. ეს კაეშანი არსად გამქრალა, ჯერ კიდევ აქ არის... ამასწინანდელი სიკვდილიც ამ ტკივილიანი სევდითაა გაჟღენთილი. აუტანელია მისი მჟავე სურნელი... ეს სევდა გაიფურჩქნა, გაძლიერდა, მიმოიფანტა, ყველაფერი წალეკა... ნამდვილად აქ არის... დაძრწის... ვერ ისვენებს... ყველას გვიცნობს... ამჯერად ის არც ჩვენთვისაა უცნობი... გაგვიშინაურდა... არასდროს მოიცვლის აქედან ფეხს...
ოთახში შუქია ჩასაქრობი.
და ვის მივწერო? მე ხომ აღარავინ დამრჩა? არავინ, ვისთან ერთადაც სიკვდილის კეთილშობილ სულს ვუმასპინძლებდი... მშვიდად გავესაუბრებოდი... სხვა რა გზა მაქვს, უნდა გავმხნევდე...
ბოლო ხანს ჩემს საყვარელ ბებრუცანას ლაპარაკიც კი უჭირდა. იგუდებოდა... ჰაერი აღარ ჰყოფნიდა... მკლავში ჩამაფრინდებოდა ხოლმე და აღარ მიშვებდა...
შემოვიდა ფოსტალიონი. საკუთარი თვალით იხილა, როგორ კვდებოდა... მსუბუქად დაასლოკინა და გათავდა. ადრე რამდენი ადამიანი შეუვლიდა ხოლმე, მე რომ მეძებდნენ. ახლა ისინი აქედან ძალიან შორს არიან... დიახ, ძალიან შორს... მოუსავლეთში... მიმოიფანტნენ... გაუჩინარდნენ ახალი სულის ძებნაში. ფოსტალიონმა კეპი მოიხადა. შემეძლო მთელი ზიზღი პირდაპირ აქვე გამომეხატა... დარწმუნებული იყავით, ეს ნამდვილად არ გამიჭირდებოდა. არა უშავს. ოდნავ მოგვიანებით ვიზამ. ჯერ დაველოდები. იქნებ დაბრუნდნენ... მანამდე კი მოვხსნი გუდას პირს და ამბებს მოვყვები. ისეთ რამეებს ვიტყვი... ქვას ქვაზე არ დავტოვებ... ცხადია, არ მომიწონებენ და მობრუნდებიან... დიახ, მოცვივდებიან, თუნდაც იმისთვის, რომ სული გამაფრთხობინონ... სამყაროს ყველა კუთხე-კუნჭულიდან დაიძვრებიან... ყველაფერი მორჩება. მეც დავისვენებ და ისინიც.
* * *
ლინუსის ფონდის კლინიკაში, სადაც ვმუშაობდი, არ დაიზარეს და ათასი უსიამოვნო შენიშვნა მომცეს ჩემ მიერ მოთხრობილი ამბების თაობაზე... ღვიძლი ბიძაშვილი გიუსტენ საბაიო ყველაზე კატეგორიული და პირდაპირი აღმოჩნდა. სტილი უნდა გამოიცვალოო, მირჩია. ისიც ექიმი იყო, მაგრამ შაპელ-ჟონკსიონში, სენის მეორე სანაპიროზე მუშაობდა. გუშინ უნდა გამევლო მასთან, მაგრამ ვერაფრით გამოვნახე დრო. მინდოდა სწორედ ქალბატონ ბერანჟზე დავლაპარაკებოდი. ისე, ცოტა კი დამიგვიანდა. ძნელი ხელობაა კონსულტანტობა! საღამოს ალბათ მასაც ჩემსავით არაქათი ჰქონდა გამოცლილი. პაციენტები ხომ მხოლოდ დამღლელ კითხვებს გისვამენ. აზრი არა აქვს სიჩქარეს. დანიშნულება უნდა დაუღეჭო და გადაუღეჭო, სულ მცირე, ოცჯერ მაინც უნდა აუხსნა. სიამოვნებთ, როცა გაწამებენ, გალაპარაკებენ სრულიად ფუჭად, მუხლების მოკვეთამდე გღლიან... იყბედე, რამდენიც გინდა: სულ ფეხებზე ჰკიდიათ ეს შენი რჩევები. აზრადაც არ მოუვათ მათი შესრულება. თვითონ კი გამუდმებით ეჭვობენ, რომ ყურადღება დააკელი, თავი არ დააკალი. მეტი სიმშვიდისათვის დაჟინებით ითხოვენ კოტოშებს, რენტგენის სურათებს, სისხლის ანალიზებს... უნდა ჯიჯგნო თხემით ტერფამდე. აი, მაშინ წყნარდებიან... ყველაფერი უნდა გაუზომო... არტერიული წნევაც, სისულელეც... გიუსტენიც ჟონკსიონში სხვა რამეს კი არ აკეთებს. ოცდაათი წელია, რაც ამ იდიოტობებს ემსახურება. ჩემს რეგვენებს კი, ვფიქრობ, ერთ მშვენიერ დილას თბილი სისხლის დასალევად ვილეტში გავამგზავრებ. იმედი მაქვს, ამგვარად აისიდანვე დაიქანცებიან. ჯერჯერობით ნორმალურად არცა მაქვს გააზრებული, რა მოვიმოქმედო, რომ ეს ჟინი ოდნავ მაინც ჩაუცხრეთ და მეც შემეშვნენ ცოტა ხნით...
გუშინწინ, როგორც იქნა, მოვახერხე გიუსტენთან შევლა. მისი სორო ჩემგან ოცი წუთის სავალზეა, იქვე, როგორც კი სენას გადახვალ. ამინდი კი ვერ იყო მაინცდამაინც გადასარევი, მაგრამ არც გადადება ივარგებდა. ვიფიქრე, ავტობუსით წავალ-მეთქი. მოვრჩი პაციენტების მიღებას და შესახვევი ოთახის გავლით გავიპარე. გზად ერთმა