I 1767 წლის 15 ივნისს კოზიმო პიოვასკო დი რონდო, ჩემი ძმა, უკანასკნელად მიუჯდა მაგიდას ჩვენთან ერთად. ეს დღე გუშინდელივით მახსოვს. ვილა დ’ომბროზას სასადილო ოთახში ვისხედით, ფანჯრებს კი ჩარჩოში მოექციათ პარკის დიდი ჭყორმუხის ხშირი ტოტები. შუადღე იყო, მაგრამ ჩვენი ოჯახი, ძველი ტრადიციის მიხედვით, ამ დროს მიუჯდებოდა ხოლმე მაგიდას, მიუხედავად იმისა, რომ დიდგვაროვანთა შორის უკვე დამკვიდრებულიყო დღის ბოლოს სადილობის მოდა, რომელიც ადრე ადგომას ნაკლებად ჩვეული საფრანგეთის სამეფო კარიდან შემოვიდა. მახსოვს, ზღვიდან ქარი უბერავდა და ფოთლები ირხეოდნენ. კოზიმომ თქვა: "გითხარით, არ მინდა-მეთქი, ჰოდა, არ შევჭამ!" - თქვა და განზე გასწია ლოკოკინებიანი თეფში. ასეთი თავხედური დაუმორჩილებლობა, ამ სახლში, ჯერ არავის ენახა.
სუფრის თავში მამაჩვენი, ბარონი არმინიო პიოვასკო დი რონდო იჯდა, პარიკი ყურებზე ჰქონდა ჩამოგრძელებული, ლუი XIV-ის ყაიდაზე, რაც ისევე ძველმოდური იყო, როგორც მისი ბევრი ჩვევა. ჩემსა და ჩემს ძმას შორის აბატი ფოშლაფლერი, ჩვენი ოჯახის შეწირულობათა განმკარგველი და ჩვენი, ბავშვების, აღმზრდელი იჯდა. ჩვენ პირდაპირ კი გენერლის ქალის, კორადინა დი რონდოს - დედაჩვენის - და ჩვენი შინაური მონაზვნის - და ბატისტას - ადგილები იყო. მაგიდის მეორე თავში, მამაჩვენის პირდაპირ, იჯდა თურქულ ყაიდაზე ჩაცმული კავალერ-რწმუნებული ენეა სილვიო კარეგა, ჩვენი მამულების მმართველი და ჰიდრავლიკოსი, და, ამავე დროს, ჩვენი არაკანონიერი ბიძა, რამდენადაც მამაჩვენის უკანონოდ შობილი ძმა გახლდათ.
რამდენიმე თვე იყო, - რაკი კოზიმო თორმეტი წლისა გახდა, ხოლო მე - რვისა, - რაც უფლება მოგვცეს, ჩვენი მშობლების სასადილო მაგიდასთან გვეჭამა; ანუ მე დროზე ადრე ვისარგებლე იმავე დაწინაურებით, რომლითაც ჩემმა ძმამ, იმიტომ, რომ არ უნდოდათ, ჩემს ოთახში მარტოს მეჭამა. უბრალოდ, სიტყვისთვის ვამბობ, ვისარგებლე-მეთქი: სინამდვილეში, როგორც კოზიმოსთვის, ისე ჩემთვისაც, თავისუფლების ხანა დამთავრდა და უკვე მივტიროდით კიდეც სადილობებს ჩვენს პატარა ოთახში, რომელშიც ჩვენ ორნი მარტონი ვიყავით აბატ ფოშლაფლერთან ერთად. აბატი ერთი ხმელი და დანაოჭებული მოხუცი იყო, კარგად შენახული, რომელსაც იანსენისტის სახელი ჰქონდა გავარდნილი, და, მართლაც, დოფინედან - თავისი მშობლიური მიწიდან - იყო გამოქცეული, რომ ინკვიზიციის პროცესისგან თავი დაეხსნა. მაგრამ აბატის კუშტი ხასიათი, რომელსაც, ჩვეულებრივ, ყველა უქებდა, მისი სიმკაცრე, რომელსაც თითქოს საკუთარი თავისა და სხვების მიმართ იჩენდა, განუწყვეტლივ ადგილს უთმობდა მის გულგრილობასა და მოშვებას, მის ხანგრძლივ მედიტაციებს, რომელთა დროსაც თვალებს სიცარიელეს მიაპყრობდა ხოლმე. ამ ყველაფერს მისთვის მხოლოდ უსასრულო მოწყენილობა და უსურვილობა მოჰქონდა, და ყოველ, თუნდაც უმნიშვნელო, დაბრკოლებაში, იგი ხედავდა ნიშანს ფატალურობისა, რომელთან შეწინააღმდეგებაც არ უნდოდა. ჩვენი ჭამა, აბატის კომპანიაში, გრძელი დამოძღვრების შემდეგ იწყებოდა, კოვზების შეკავებული, რიტუალური, ჩუმი მოძრაობებით, და ვაი მას, ვინც თვალებს თეფშს მოაცილებდა ან თუნდაც მსუბუქ ხრუპვის ხმას გამოსცემდა ბულიონის ჭამისას; მაგრამ პირველი კერძის ბოლოს, აბატი უკვე დაღლილი, მოწყენილი იყო, სიცარიელეში იყურებოდა, ენას აწკლაპუნებდა ღვინის ყოველი ყლუპის მოსმისას, თითქოს მხოლოდ ზედაპირული შეგრძნებებიღა შერჩაო; მეორე კერძისას, უკვე ხელით ჭამაც შეგვეძლო, ხოლო ჭამის პროცესს ერთმანეთისთვის მსხლის კურკების სროლით ვამთავრებდით, აბატი კი დროდადრო ზანტად მოგვიგდებდა ხოლმე:
- ... O-oh bien!.. O-oh alors!( ... ააბა, მორჩით!... ააბა, გეყოფათ! (ფრანგ.) (აქ და შემდგომ - მთარგმნელის შენიშვნები.))
ახლა, როდესაც ოჯახთან ერთად ეჯდა მაგიდას, ხორცს ისხამდა ოჯახურ წყენათა სერია, ეგ სევდიანი თავი ბავშვობისა. მამაჩვენიცა და დედაჩვენიც ყოველთვის წინ უსხდნენ, ქათმისთვის განკუთვნილი სასადილო აღჭურვილობა კარგად უნდა გეხმარა, სულ წელგამართული უნდა მჯდარიყავი, იდაყვები მაგიდიდან უნდა მოგეშორებინა, მოკლედ, მთელი ამბები! და, ამას დამატებული, ის ჩვენი ყოვლად აუტანელი და ბატისტა. იწყებოდა დატუქსვათა, ჯიბრში ჩადგომათა, დასჯათა, გაჯიუტებათა მთელი სერია, და ასე გაგრძელდა იმ დღემდე, როდესაც კოზიმომ უარი თქვა ლოკოკინების ჭამაზე და გადაწყვიტა, თავისი ხვედრი გამოეცალკევებინა ჩვენისაგან.
ოჯახურ წყენათა ეს თავმოყრა მხოლოდ შემდგომ გავაცნობიერე: მაშინ რვა წლისა ვიყავი, ყველაფერი თამაშად მეჩვენებოდა; ჩვენი, პატარა ბიჭების, ომი დიდების წინააღმდეგ იყო ჩვეულებრივი ომი ყველა პატარა ბიჭისა, და ვერ ვხვდებოდი, რომ ის სიჯიუტე, რომელსაც ჩემი ძმა ავლენდა, რაღაც უფრო ღრმას მალავდა.
მამაჩვენი ბარონი ერთი მოსაწყენი კაცი გახლდათ, - ეგ უდავოდ ასეა, - თუმცა ცუდი კაცი არ იყო: მოსაწყენი იმიტომ, რომ, მთელი ცხოვრება, მისი გონება დროსთან შეუსაბამო ფიქრებით იყო მოცული, როგორც ეს ხშირად ხდება გარდამავალ ეპოქებში. დრო-ჟამის მღელვარება ადამიანებს იმის მოთხოვნილებას უჩენს, რომ თავადაც აღელდნენ, ოღონდ სრულებით საპირისპიროდ, დინების საწინააღმდეგოდ: ასე რომ, მამაჩვენი - როდესაც ყველაფერი დუღდა და გადმოდუღდა -