I
ომი იყო თურქების წინააღმდეგ. ბიძაჩემი, ვიკონტი მედარდო დი ტერალბა, ქრისტიანების ბანაკისკენ მიაჭენებდა ცხენს ბოჰემიის დაბლობზე. თან ახლდა საჭურველმტვირთველი, სახელად კურციო.
ყარყატები ძალიან დაბლა მიფრინავდნენ, თეთრ გუნდებად კვეთდნენ ნისლიან და უძრავ ჰაერს.
- რატომაა ამდენი ყარყატი? - ჰკითხა მედარდომ კურციოს, - საით მიფრინავენ?
ბიძაჩემი ახალწვეული იყო, სულ ცოტა ხნის წინ ჩაბმულიყო ომში, რათა ამ ომის მონაწილე ჩვენი მეზობელი ჰერცოგებისთვის ესიამოვნებინა. ქრისტიანების დაქვემდებარებაში მყოფ ბოლო ციხე-დარბაზში მისთვის ცხენი და საჭურველმტვირთველი მიეცათ და ახლა საიმპერატორო ყაზარმაში უნდა წარმდგარიყო.
- ბრძოლის ველზე მიფრინავენ, - უპასუხა მოღუშულმა საჭურველმტვირთველმა, - ბოლომდე გამოგვყვებიან.
ვიკონტ მედარდოს გაგონილი ჰქონდა, რომ ყარყატების გადაფრენა კარგ ნიშნად ითვლებოდა იმ მხარეში და სურდა მათი დანახვით გამოწვეული სიხარული განეცადა, მაგრამ ამის ნაცვლად, თავისდა უნებურად, წუხილს უფრო გრძნობდა.
- კი მაგრამ, კურციო, ამ გრძელფეხა ფრინველებს რა უნდა იზიდავდეს ბრძოლის ველზე? - ჰკითხა.
- ამათაც დაიწყეს ადამიანის ხორცის ჭამა მას შემდეგ, რაც სიდუხჭირემ ველ-მინდვრები შემუსრა და გვალვამ მდინარეები დააშრო, - უპასუხა საჭურველმტვირთველმა, - იქ, სადაც გვამებია, ყარყატებმა, ფლამინგოებმა და წეროებმა ყვავები და სვავები შეცვალეს.
მაშინ ბიძაჩემი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო: იმ ასაკში, როდესაც გრძნობები ერთმანეთში ირევა, ჯერ არ გამოკვეთილა კარგი და ცუდი; როდესაც ყოველ ახალ გამოცდილებას, შემაძრწუნებელსა და არაადამიანურსაც, სიცოცხლის სიყვარული ათრთოლებს და ათბობს.
- და ყვავები? სვავები? - ჰკითხა მან, - სხვა მტაცებელი ფრინველები? სად წავიდნენ? - სახე გაფითრებოდა, მაგრამ თვალები უციმციმებდა.
საჭურველმტვირთველი შავგვრემანი იყო, ულვაშებიანი, ზემოთ არასოდეს იხედებოდა.
- შავი ჭირით დახოცილთა გვამებს მიაძღნენ და ჭირმა ისინიც თან გაიყოლა, - და შუბით ჩაშავებულ ბუჩქებზე მიუთითა.
დაკვირვებული თვალი კარგად შეამჩნევდა, რომ ეს ბუჩქის ტოტები კი არა, მტაცებელი ფრინველების ბუმბულებისა და გახევებული ფეხების გროვა იყო.
- ვინ იცის, რომელი მოკვდა პირველი, ფრინველი თუ ადამიანი, და ვინ ვის ეცა გასაჯიჯგნად, - თქვა კურციომ.
ადამიანები დედაბუდიანად აყრილიყვნენ და ცდილობდნენ გაჰქცეოდნენ შავ ჭირს, რომელიც მოსახლეობას ანადგურებდა; მინდვრებისა და ტყეებისკენ მიდიოდნენ, მაგრამ სიკვდილის აგონია გზაში წამოეწეოდათ ხოლმე. ხრიოკ მინდორზე მომოფანტული ჩონჩხების გროვაში მოჩანდა კაცებისა და ქალების შიშველი სხეულები, წყლულებისგან დამახინჯებული და, რაც ყველაზე უცნაურად მოგეჩვენებოდათ, ბუმბულით შემოსილი: თითქოს ამ გაძვალტყავებული მკლავებიდან და ნეკნებიდან შავი ბუმბული და ფრთები ამოსვლოდათ. ეს იყო სვავების მძორი, რომელიც ადამიანთა გვამებში არეულიყო.
მათ სავალ გზაზე გადატანილი ბრძოლის ნიშნები მიმოფანტულიყო. ნელა მიდიოდნენ, რადგან ორივე ცხენი გაჯიუტდა, გან-გან იწევდა და ყალყზე დგებოდა.
- რა სჭირთ ჩვენს ცხენებს? - ჰკითხა მედარდომ საჭურველმტვირთველს.
- ბატონო, არაფერი აშფოთებთ ცხენებს ისე, როგორც შიგნეულის სუნი, - უპასუხა მან.
მართლაც, მინდვრის ის მონაკვეთი, რომელზეც მიდიოდნენ, ცხენების ლეშით იყო მოფენილი; ზოგი ზურგზე ეგდო და ფლოქვები ცისკენ აეშვირა, ზოგიც ჩაჩოქილიყო და დრუნჩი მიწაში ჩაერგო.
- რატომაა ამდენი მკვდარი ცხენი ამ ადგილას, კურციო? - იკითხა მედარდომ.
- როდესაც ცხენი გრძნობს, რომ მუცელი გაუფატრეს, ცდილობს შიგნეული შეიკავოს. ზოგი მუცლით წვება მიწაზე, ზოგიც ზურგზე გადაგორდება, ნაწლავები რომ არ გადმოუცვივდეს, მაგრამ სიკვდილს მაინც ვერ აღწევს თავს.
- ესე იგი, ამ ომში ცხენები უფრო მეტი დახოცილან.
- თურქული იატაგანი თითქოს იმისთვის შეუქმნიათ, რომ ერთი დაკვრით გაუფატროს მათ მუცლები. ოდნავ მოშორებით ადამიანთა გვამებსაც ნახავთ. ჯერ ცხენები იხოცებიან, მერე მხედრები. მაგრამ, აი, ბანაკიც გამოჩნდა.
ჰორიზონტზე მოჩანდა ყველაზე მაღალი კარვების წვერები, ფრიალებდა საიმპერატორო ჯარის ალმები და კვამლი ადიოდა.
ჭენებისას შენიშნეს, რომ უკანასკნელ ბრძოლაში დაცემულები, თითქმის ყველა, გადაეტანათ და დაემარხათ. ნაყანევზე მხოლოდ აქა-იქ მოჩანდა სხეულის ცალკეული ნაწილები, განსაკუთრებით - თითები.
- ეს მოჭრილი თითები თითქოს გზას გვიჩვენებენ, - თქვა ბიძია მედარდომ, - რას უნდა ნიშნავდეს?
- ღმერთმა შეუნდოთ: ცოცხლად დარჩენილები მკვდრებს თითებს აჭრიან, ბეჭდები რომ წააცალონ.
- ვინ მოდის? - დაიძახა გუშაგმა, რომლის მოსასხამიც ჩრდილოეთის ქარში გაზრდილი ხის ქერქივით ობის სოკოთი და ხავსით იყო დაფარული.
- გაუმარჯოს იმპერატორის წმინდა გვირგვინს! - შესძახა კურციომ.
- სიკვდილი სულთანს! - დაუბრუნა პასუხი გუშაგმა, - გთხოვთ, უფროსობასთან რომ მიხვალთ, ჰკითხეთ ერთი, როდის გამომიგზავნიან შემცვლელს, თორემ ლამის არის აქ უკვე ფესვები გავიდგა!
ცხენები ახლა უკვე მიქროდნენ, რათა გაჰქცეოდნენ ბუზების ღრუბელს, დახვავებულ განავალს რომ დაბზუოდნენ.
- ბევრი ღირსეული მებრძოლის გუშინდელი ქაქი ჯერ ისევ მიწაზეა, ისინი კი უკვე ზეცაში არიან, -