I
- განგებ არ გამიკეთებია, ბატონო, მაინც ბოდიშს მოვითხოვ. რას იზამ, ეტყობა, იმ საღამოს ზედმეტი დავლიე. თავბრუ მეხვეოდა, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს უსასრულო სიცარიელეში დავფრინავდი. შემდეგ, არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად წაიშალა, უმცირესი ჩამიჩუმიც კი: დედამიწაზე მარტო დავრჩი. მხოლოდ ამ წიგნს ვხედავდი, სხვას ვერაფერს. უცნაური იყო, სხვა რამედ მეჩვენებოდა: რომ მცოდნოდა, წიგნი იყო, თითსაც არ დავაკარებდი. დიახ, მართალია, არ ვცრუობ: ეს არ მჩვევია, ქაღალდზე წერა დიდი ხანია ავიკრძალე, განსაკუთრებით კი ნაბეჭდსა და სიტყვებით გადავსებულზე, დაძველებულსა და გაუბედურებულზე, სწორედ ისეთზე, როგორიც ესაა! თანაც მშიშარა კაცი ვარ, ძალიან მშიშარა: უგონოდ მთვრალი რომ არ ვყოფილიყავი, უცნობის წიგნზე რამის დაჯღაბნას ხომ ვერ გავბედავდი. საკუთარ თავს მის სუფრასთან დაყოვნების ნებასაც ვერ მივცემდი. ოცი წელი იქნება, ამგვარადაა, ასე ვიქცევი: ცოტა თუ არ გადავკარი, ყველა უცნობი შიშს მგვრის. ქუჩაში მარტო რომ დავდივარ დაფიქრებული, ვინმე თუ გადამეყრება და დააპირებს გზა მკითხოს, მაშინვე ვფრთხები: ერთიანად ავცახცახდები და ლუღლუღს ვიწყებ. შესაძლოა, პასუხი შესანიშნავად ვიცოდე, ამით მაინც არაფერი იცვლება. ისე ავბუტბუტდები, თითქოს რაიმე დამეშავებინოს, სათქმელს თავს ვერ ვუყრი. რატომ? მაქვს კი შიშის საფუძველი? მადლობა ღმერთს, არა! სხვებზე, სხვა მოქალაქეებზე მეტად დამნაშავე არ ვარ, არც მეტად და არც ნაკლებად. ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენება. მაინც არაფერი მშველის: როგორც კი უცნობის პირისპირ აღმოვჩნდები, ეჭვები მიპყრობს: პოლიციელი ხომ არ არის და ხომ არ ფიქრობს, რომ რაღაცას ვუმალავ-მეთქი, ახლა იმ რაღაცის გაგება რომ მოინდომოს, რასაც მისი წარმოდგენით, ვმალავ... აბა, მიდი და ამ ჩახლართულ საქმეს თავი გაართვი!
ოდესღაც წავიკითხე, აღარ მახსოვს სად, ამდაგვარი რამ - ან იქნებ ყური მოვკარი ან სულაც გამოვიგონე, დამავიწყდა: „ორი სახის ადამიანები არსებობენ: ერთნი პოლიციას უფრთხიან, მეორენი არა.“ ერთი შეხედვით, შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მჯერა, რომ ასეა: მაგალითად, არსებობენ ტიპები, ვისაც ჯიბეები მოპარული ნივთებით აქვთ გავსებული, მეტიც, ჯარიდან არიან გამოქცეულები და, მიუხედავად ამისა, სამართალდამცავის დანახვაზე, მაშინვე მისკენ გაემართებიან, გამარჯობას ეტყვიან, კითხვებს დაუსვამენ, გაეხუმრებიან კიდეც; არიან მეორე ტიპის ადამიანები, რომლებიც პირიქით, წესიერებით გამოირჩევიან, ყველა საქმე რიგზე აქვთ, არაფერში ერევიან, გაზეთებსაც კი არ კითხულობენ, მოკლედ, მათ თავისუფლად შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ყოველმხრივ წესრიგიანი მოქალაქეები არიან; თუმცა, პოლიციელი ასი მეტრის მანძილზე რომ დაინახონ, სასწრაფოდ საპირისპირო ქუჩაზე გადაუხვევენ. მე სწორედ ასეთ ადამიანებს ვეკუთვნი: მერე რა, რომ ბრალი არაფერში მიმიძღვის, პოლიციელს რომ დავინახავ, მაშინვე იქაურობას გავეცლები ხოლმე. მარტო ეს რომ იყოს, რაღა მიჭირდა! ნებისმიერ ტანსაცმელში გამოწყობილ პოლიციელს გავურბივარ, რადგან ვიცი, რომ ფორმას ყოველთვის არ ატარებენ! ფაქტიურად ყველას გავურბივარ, ყველა უცნობს! რა თქმა უნდა, იმის თქმა არ მინდა, რომ „ყველა უცნობი პოლიციელია“. ეს შეუძლებელია! ვინაიდან პოლიციელი ნებისმიერი ჩაცმულობით შეიძლება მოგვევლინოს, საიდან უნდა ვიცოდე, ვინ ვინ არის. თქვენც ასე ხართ: ყველა თვალსაზრისით ინტელექტუალს ჰგავხართ. თუმცა, შეიძლება ეს მახე იყოს, არსებობს საპირისპიროს დამადასტურებელი საბუთი? არსებობს კანონი, რომელიც პოლიციელს უკრძალავს იყოს ინტელექტუალი ან ეცადოს ინტელექტუალის სახე მიიღოს? არა! ამიტომაც ვერ გენდობით, ჰოდა, თავქუდმოგლეჯილი და რაც შეიძლება შორს გავრბივარ. ვერავინ იტყვის, რომ ვცდები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰამდის დაემართა.
ჰამდი? ჰამდი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ. ისიც ჩემსავით უბრალო მოხელე იყო, მაგრამ ჩემზე მეტი სახსრები გააჩნდა: ერთი მანქანა ჰქონდა და ფინანსური გაჭირვება რომ შეექმნებოდა, მდგომარეობის გამოსასწორებლად ტაქსაობას იწყებდა; მანქანით სადმე რომ მიდიოდა, ნამდვილი პრინცი იყო! ის უბედური ახლა შორსაა. მანქანა გაყიდა, მეგობარი ქალი სხვასთან წავიდა და წიგნები თაგვებმა შეუჭამეს. იცით რატომ? იმიტომ, რომ ერთ-ერთი მეგობრის, თქვენნაირი ინტელექტუალისა და თქვენზე არანაკლებად ცნობილი მწერლის რისხვა დაატყდა თავს. მწერალს ამასთანავე დიდი მოაზროვნის რეპუტაცია ჰქონდა. გარეგნულად, უზრუნველყოფილ ადამიანებზე მეტად გარიყულების მხარეს იყო, მჩაგვრელებზე მეტად დაჩაგრულებს იცავდა; თავის თხზულებებში შრომას უჭერდა მხარს, ხელებსაც ისევე ასხამდა ხოტბას, როგორც გონებას. ერთ დღეს, ჰამდის ისეთი ლანძღვა დაუწყო, ათასი მოწმეც ვერ შეძლებდა იმის დამტკიცებას, რომ მთელი ამ დიდსულოვანი თხზულებების ავტორი მართლა ის იყო. წამდაუწუმ გაიძახოდა, კაცი არ ვიყო, მაგას თუ სამსახური არ დავაკარგვინოო. დაქადნებული რომ აესრულებინა, ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენა, პრეფექტი საჩივრებით აავსო, მინისტრები და პრემიერ მინისტრი კი წერილებით აიკლო. ესეც არ იკმარა და შუამავლების, ძირითადად გულდასმით შერჩეული ინტელექტუალების ბრბო გამოიყენა. ბოლოს და ბოლოს, საწადელს მიაღწია: ჰამდი აღმოსავლეთში გადაასახლეს. უკვე