აუცილებელი წინასიტყვაობა არავის ეჩვენება უცნაურად, თუ რომანს რეალობის ელფერი დაჰკრავს. პირიქით ხდება, როცა რეალობა რომანს ემსგავსება, ეს მწერალსაც აწუხებს და მკითხველსაც. რა თქმა უნდა, ხშირად შეგვხვედრია ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი ცხოვრება რომანია და ისეთ მწერლებს დაეძებენ, მათ თავგადასავალზე რომ დაწერდნენ; არიან ისეთებიც, ვინც არა მხოლოდ იმაშია დარწმუნებული, რომ სარომანე ცხოვრება აქვთ, არამედ იმაშიც, რომ მწერლის ნიჭი აქვთ, ამიტომ, კალამს იღებენ და გულს გადაგვიშლიან. თუმცა, ცოტა არ იყოს, რთულია იმის თქმა, რომ ეს აღმაფრენით შეპყრობილი ხალხი სწორ გზას ადგას. აბა, ჰკითხეთ მათ, რატომ სურთ რეალობას მოსწყვიტონ თავიანთი ცხოვრება და შეთხზულად წარმოგვიდგინონ, როგორც ფანტაზიის ნაყოფი, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან საინტერესოდ თვლიან? თქვენ ლოგიკურ პასუხს ვერ მიიღებთ, რადგან ასეთი ქმედება, რომელი კუთხიდანაც არ უნდა შევხედოთ, საფუძველშივე მოიკოჭლებს.
მას შემდეგ, რაც ეს საკითხი წამოვჭერით, საკუთარ არჩევანს მივუბრუნდეთ და დაუყოვნებლივ გავამხილოთ ჩვენი სუსტი წერტილი: ეს „რომანი“, რომელიც ხელში გიჭირავთ, კიდევ უფრო უთავბოლო წამოწყების შედეგია! მას, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავგადასავლით აღტაცებული მოყვარულის დაწერილი არ არის, საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი ადამიანისა, რომელსაც ამ წიგნის ავტორები ახლოს არ იცნობდნენ. კიდევ ის, რომ მკვლევრებისა და მწერლების ხუთკაციანი ჯგუფის მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით, დიდი და დამღლელი ძალისხმევის შედეგად მიიღო ფორმა, რომელსაც გულმოდგინებისა და ზომიერების კვალი ამჩნევია. დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავდაპირველად ის დაიწერა როგორც „გამოკვლევა“, შემდეგ კი გადაკეთდა, უფრო სწორად, საჭირო გახდა მისი გადაკეთება „რომანად“, რამდენიმე ზედაპირული ცვლილების შეტანის შედეგად.
ახლავე დავაზუსტოთ, რომ ჩვენ, ხუთი მეგობარი მკვლევარი, შევიკრიბეთ, რათა შეძლებისდაგვარად შეგვედგინა ამომწურავი და ობიექტური ბიოგრაფია, ასე რომ, მისთვის რომანის ფორმის მიცემაზე არც გვიფიქრია; ამ გზას იმიტომ დავადექით, რომ იძულებულები გავხდით არჩევანი გაგვეკეთებინა: ან საერთოდ არ გამოგვექვეყნებინა, ან ცვლილებები შეგვეტანა ამ მოკრძალებულ ნაშრომში, რომელიც, სულ ცოტა, ორ წელიწად-ნახევრის ერთობლივი შრომის შედეგი იყო, და ისე გამოგვეცა.
რაც იყო, იყო. დავუბრუნდეთ განმარტებებს.
ეს საქმე იმიტომ არ წამოგვიწყია, რომ ჩვენი სახელით რაიმე ნაწარმოები შეგვექმნა, არამედ ეს მოხდა ერთი დიდი ბიზნესმენის შემოთავაზებით, რომელმაც გვთხოვა, მოგვემზადებინა ნაშრომი, რომელიც მისი ხელმოწერით გამოიცემოდა. ზედმეტია იმის თქმა, რომ ამან, ცოტა არ იყოს, გაგვამწარა, მაგრამ იმდენად მომხიბლავი იყო შეპირებული თანხა, რომელსაც ჩვენი პერსონალური სამუშაოებით ვერასოდეს გამოვიმუშავებდით, რომ სულაც არ მოგვჩვენებია შეუფერებელ საქციელად, გვეთქვა „დიახ“ ამ დიდი ბატონისთვის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ პირველები არ ვყოფილვართ, ვინც ამგვარი საქმეების გამო თავი შეირცხვინა. ძალიან კარგად ვიცოდით, რომ გაუფასურებული ღირებულებების სამყაროში, სადაც ამ ბოლო წლებში ვიძირებოდით, ქვეყნის ბობოლები, თავიანთი ყველა ჯურის მსახურების დახმარებით, არ დაკმაყოფილდნენ უზრუნველყოფილი მდგომარეობიდან ადამიანისთვის ყველაზე ღირსეულ პირობებში გადასვლით და სურდათ, რომ ყველა სფეროში ყოვლისმცოდნეებად წარმოჩენილიყვნენ, იქნებოდა ეს ისტორია, ფილოსოფია, პოლიტიკა თუ ხელოვნება, ამიტომ, დიდი თანხის სანაცვლოდ მწერლებს ქირაობდნენ, თავიანთი ცხოვრების უბადრუკ ამბებს მოვარაყებულ წიგნებში მოაყოლებდნენ და ზედ თავიანთ გვარ-სახელებს აწერდნენ. ჩვენც, როგორც ბევრი სხვა, ამ ჩაქცეული მდიდრებისგან თვიური ანაზღაურების მიმღებ მწერლებს ვეკუთვნოდით, მაგრამ სულ ეს იყო. თუმცა არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ მთლიანად ვაიგივებდით ჩვენს თავს ამ პიროვნებებთან. ამრიგად, სულაც არ ვცდილობდით, ამ კუდაბზიკებს დავმსგავსებოდით, ჩვენ განზრახული გვქონდა, მიუხედავად მცირეოდენი შელამაზებისა, მოგვემზადებინა ობიექტური შრომა ერთი მივიწყებული მემარცხენე პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ბატონის ბავშვობის მეგობარი აღმოჩნდა.
შევინარჩუნეთ ამ პერსონაჟის შერქმეული სახელი, რომელიც არსებითად უკავშირდებოდა მის პირად ცხოვრებას, გამოვიყენეთ ყველა შესაძლო წყარო, ზეპირი თუ წერილობითი, ძველი თუ ახალი, რომელიც ეხებოდა ამ მარქსისტი პოეტის ცხოვრებას, რომლის ნამდვილი სახელიც შევცვალეთ და რაჰმი სონმეზი დავარქვით ადვილად გამოსაცნობი მიზეზების გამო; საგულდაგულოდ შევაგროვეთ და დავათარიღეთ ძველი ჟურნალების სხვადასხვა გვერდებზე, სასკოლო რვეულების გაყვითლებულ ფურცლებზე თუ უჯრებში მიმობნეული ასეულობით ლექსი; ერთი სიტყვით, ორ წელიწად-ნახევრის ინტენსიური და მძიმე შრომის შედეგად შევქმენით ხუთასგვერდიანი ნაშრომი მასში შეტანილი ლექსების ჩათვლით. საუბედუროდ, ჩვენმა დიდმა ბატონმა, რომელსაც ამ ნაწარმოებში ფეჰმი გულმეზს ვუწოდებთ, მოლოცვის ნაცვლად დაგვადანაშაულა, თითქოს დაავიწყდა ჩვენი ზეპირი შეთანხმება, განაცხადა, რომ რაჰმი სონმეზის მარქსისტ პოეტად მოხსენიება მისი ხსოვნის უპატივცემულობა იქნებოდა. სხვადასხვა მიზეზის გამო შეუფერებლად მიიჩნევდა ჩვენ მიერ შეგროვილი ლექსების ამ სახით გამოქვეყნებას.
ამ კაცმა, რომელმაც ნამდვილად აჩვენა მხურვალე და დიდსულოვანი მეგობრობის მაგალითი თავისი მეგობრის დაკრძალვის მომზადებითა და მისი ცხოვრების და შემოქმედების ობიექტური შესწავლისა და შემდგომ გამოქვეყნების სურვილით, აზრი შეიცვალა და