ტომი IX - მესამეოცე მეფე ლაშა-გიორგი ამას სანატრელსა სიცოცხლესა შინა თჳსსა დაედგა გჳრგჳნი ძისა მისისა გიორგისდა რომელსა ლაშობითცა უწოდა იყო წლისა ათცამეტისა რაჟამს დაიდგა გჳრგჳნი მეფობისა და მეფემან თამარ მიულოცა მეფობა. ხოლო რაჟამს მიიცვალა თამარ, იყო ლაშა ათრვამეტისა წლისა. დაუტევა მეფობა ძესა თჳსსა, ხოლო ნათესავსა ქართველთასა ცემა, მწუხარება, ვაება და გლოვა, რამეთუ ცხოველნიცა ჩასრულ იყვნეს ჯოჯოხეთს მკჳდრნი სამეფოსა მისისანი, და ეგრეთცა ჯერ იყო.
შემდგომად მისსა დაიპყრა მეფობა ძემან თამარისმან ლაშა-გიორგი. რამეთუ იყო ტანითა ძლიერი, მჴნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თჳთბუნება; და უმეტეს ამისთჳს განლაღებულ იქმნა, რამეთუ დაემორჩილნეს ყოველნი წინააღმდგომნი მისნი კეთილად მოჴსენებულსა და ღმრთის-მოყუარესა დედასა მისსა, და უშფოთველად და წყნარობით დაეტევა სამეფო თჳსი, და ყოველნი მახლობელნი მათნი მოხარჯე შეექმნნეს, ვითარ განძელნი და მიმდგომნი ნახჭევნელნი და კარნუქალაქელნი, და სხუანი მრავალნი ძღუნითა და ხარკითა მოვიდოდიან მისა. მას ჟამსა იშუებდა, იხარებდა, და ყოველგნით იყო შუება და მხიარულება.
მაშინ იწყეს განძით განდგომა და არღარა მოსცეს მეფესა ხარკი, ხოლო ამისმან მცნობელმან მეფემან ლაშა მოუწოდა ყოველთა სპათა საქართველოსათა, იმერთა და ამერთა, მჴარგრძელსა ივანეს, რომელსა მაშინ პატივი ათაბაგობისა მინებებოდა დედისა მათისა თამარისგან, რამეთუ იყო ათაბაგობა ისრე განდიდებული, [რომელ] იყო უმეტეს სხუათა ერისთავთასა: ესე იყო ვაზირი კარსა მეფისასა. მაშინ თქუა მეფემან, ვითარმედ: „ ვინათგან მეფეთა შორის ბრწყინვალემან და სანატრელმან დედამან ჩემმან დამიტევა მეფობა, ყოველნი წინააღმდგომნი პაპათა და მამათა ჩემთანი მოხარაჯედ შექმნა და დღეისმომდე მორჩილნი ბრძანებისა ჩემისანი არიან. აწ განძისა ათაბაგსა საწუნელ უქმნიე. და ხარკისა არღარა ნებავს მოცემა; მე ესრეთ განმიზრახავს, რათა შური ვიგო განძასა ზედა და თქუენ შრომასა შეგამთხჳო. რამეთუ ძალითა და თანადგომითა თქუენითა დაუცემია სანატრელთა პაპათა და მამათა ჩუენთა დიდთა სულტანთა ძლიერებანი, და აწ მიიღეთ ჩემგან პატივი და ნიჭი და აღვიმჴედროთ განძასა ზედა, რათა სხუათა მტერთაგან არღარა საწუნელ ვიქმნნეთ. შეწევნითა ღმრთისათა და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა და სიქველითა თქუენითა ვსძლოთ მტერთა და წინააღმდგომთა ჩუენთა “ .
ვითარცა ესმა ყოველთა წარჩინებულთა სამეფოსათა, განიხარეს და დაუმტკიცეს. და რქუეს, ვითარმედ: „ დიდი ნუგეშინისემა მოგუემატა ღმრთისა მიერ რამეთუ გპოვეთ ახოვანი და გოლიათი, გორგასლიანი და დავითიანი, მსგავსი მათი. მინდობითა ღმრთისათა და ძალითა თქუენითა დავიმორჩილნეთ ურჩნი მეფობისა თქუენისანი, და შევანანოთ ყოველთა ურჩება თქუენი “ .
მაშინ დაამტკიცეს ლაშქრობა, და განძის დარბევასა წარემართნეს თჳთ მეფე სპითა დიდითა. ვერ წინააღუდგეს განძელნი, და მოაოჴრეს ქუეყანა განძისა: აღიღეს ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და მოადგეს ქალაქსა განძისასა, და მრავალ დღე ებრძოდეს, და ყოველთა დღეთა გამოვიდიან ქალაქისა კარსა ბრძოლად ჩალიბად, აქათცა და მუნითცა ურჩეულესნი ებრძოდიან. მაშინ ინება მეფემან გარეშემოვლად ქალაქისა მცირედითა ლაშქრითა, და ვითარ მოვლიდა მტკურისაკენ ქუემოთ, ცნეს ესე განძის მყოფთა, ყოველნივე აღიჭურნეს, კაცი ჭურვილი ვითარ ათი ათასი.
ხოლო მეფესა ჰყვა ოთხი ათასი კაცი ოდენ, ამათ შინა უმეტეს მესხნი იყვნეს; რამეთუ ერთ-კერძო მჴარგრძელნი დგეს, და ერთ-კერძო ჰერ-კახნი და სომხითარნი, ქართველნი და თორელნი, ერთ-კერძო აფხაზნი, დადიან-ბედიანნი და ლიხთ-იქითნი ზედმოკიდებით ურთიერთას. ხოლო მაშინ ვითარ მოვლიდა მეფე, იცნეს იგი, და მსწრაფლ განახუნეს კარნი ქალაქისანი, და ვითარ მჴეცნი ზედა მიუჴდეს. და იხილა მეფემან ლაშა სიმრავლე მათი უშიშითა გულითა, განმჴნობითა სპათა მათთათა, ეგრეთვე სპანი მეფისანი, სიკუდილად განმწირველნი თავთა მათთანი, ეტყოდეს: „ სიკუდილამდის ვიღუაწოთ, და დავდვათ თავი სასიკუდილოდ, და არა ვარცხჳნოთ პირველსა ომსა მეფობისა შენისასა “ და მყის მიეტევნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი და დიდად სასტიკი. და მიეცნეს პირსა მახჳლისასა უმრავლესნი რჩეულნი განძისანი. თჳთ მეფე ლაშა წინა მიეტევა მჴნედ და ძლიერად, თჳთ გოლიათი მკლავითა სჳანითა და ჴელითა გოლიათითა, რომლისა თანა წინამბრძოლობდეს ძლიერად ყუარყუარე ჯაყელისა შვილი პირმშო, ბიბილა გურკელი, ბოცო ბოცოს ძე, მემნას ძმა, რამეთუ ესენი წინა განეწესნეს.
ხოლო ვითარ იხილეს სიმჴნე მათი განძელთა, სწრაფით ივლტოდეს პირისაგან მათისა, და სდევნეს ვიდრე კართამდე ქალაქისად, და მცირედნიღა შეესწრნეს ქალაქად, და უმრავლესნი ტყუე ყვეს და ზოგნი მოსრნეს.
ხოლო ამისნი მხილველნი დედანი ძლიერად იცემდეს მკერდსა მათსა და საყელოსა თმითურთ იფხურიდეს, და განაძლიერეს ყივილი და ზრიალი ყოველგნით. ესმა რა ესე ყოველგნით გარე მოდგომილთა ლაშქართა, მეფესა მომართეს მსწრაფლ.
ხოლო მეფე უვნებელად დაცული ღმრთისა მიერ, იგი და მისნი წინამბრძოლნი თავადნი სახელოვანნი მოეგებნეს. რომლისათჳს დიდებულნი მებრძოლნი და ლაშქარნი დაამტკიცებდეს არღარა ყოფად მოლაშქრედ და არცა ყოფად კარსა მეფისასა.