ჩემი ქმარი ჩემი ქმარი ქერა კაცია, საფეთქლებშიშველი, ქათქათა კბილებითა და თეთრ კანზე მსხვილი, მუქი ჭორფლით. ის ელეგანტურია, კოხტად იცვამს და თმას სულ სურნელოვანი შამპუნით იბანს. ჩემი ქმარი ბანკში მუშაობს, სალაროში, და თვიური ხელფასი ას ოცი ათასი ლირა აქვს.
მის საუბარს მუდამ ყურადღებით ვისმენ. ხმა ხავერდოვანი აქვს, დაბალი. დამაჯერებლად ლაპარაკი იცის და რასაც ამბობს, ყოველთვის სწორი და მართალია. არასოდეს გამიგონია, რაიმე ანომალიური და მცდარი ეთქვას.
ჩემი ქმარი მეგობრებს ძალიან უყვართ, უფროსებიც პატივს სცემენ. როცა უნდა, ქვეყნის საქმეების მცოდნეცაა. დაჯდება ხალხთან და ლაპარაკობს, დისკუსიებს მართავს, სიმართლეს იცავს, გაცხარებულ მეგობრებს ამშვიდებს და ყოველთვის კარგისკენ მიუთითებს.
ჩემს ქმარს ხუმრობა უყვარს, სახუმარო რამეებსაც აკეთებს. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემს ლოგინში გომბეშო ჩაუსვამს ან ფეხსაცმელებში მურაბა ჩაუსხამს. ერთხელ თავისი ხელით გამომცხვარი ტორტიც მომართვა, რომელშიც მკვდარი თაგვი იყო ჩატანებული.
ჩემს ქმარს მარკების კოლექცია აქვს. ზოგჯერ მეზობლების კონვერტებს მალულად მარკებს აძრობს. ორი დიდი, ტელეფონის წიგნივით ალბომი შეადგინა, რომლებიც სავსე აქვს ლამაზი მარკებით. ამბობს, ერთ დღესაც ამ კოლექციას გავყიდი და აღებული ფულით სოფელში სახლს ვიყიდიო.
მარკების გარდა, იმ ალბომებში ორ ქაღალდის ფულს ინახავს, ახალ დაბეჭდილს. ამბობს, ერთი, ბოლო სერიით გამოცემული რომ არის, იღბალს მომიტანსო. ორივე გამჭვირვალე ცისფერ კონვერტში აქვს ჩადებული და ალბომში ისე აქვს ჩაკრული.
კოლეგები მას ბრძენ, ჭკვიან კაცად თვლიან და რჩევას ეკითხებიან, ენდობიან, პირად საქმეებსაც უყვებიან. ისინი ჩვენთან უფრო კვირაობით დადიან. კარს მე ვუღებ და როგორც კი შევხედავ მათ სიძულვილით აღსავსე სახეებს ან უმეტყველო თვალებს, აქეთ-იქით ნერვიულად რომ აცეცებენ, ვხვდები, რომ საქმე მარიოს ეხება, და მაშინვე სასტუმრო ოთახისკენ მივუთითებ.
სტუმარი შემოდის, კართან ჩერდება და დაბნეული იყურება. თუ ადრეც ყოფილა ჩვენთან, მყარი ნაბიჯებით დერეფნის ბოლოსკენ მიემართება და ფანჯრიდან მოშორებით დადგმულ სავარძელში ჯდება. თუ პირველადაა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მელოდება, სანამ დასაჯდომ ადგილს მივუთითებ.
ჩვენს სასტუმრო ოთახში ძალიან ბნელა. ფანჯრებზე დარაბები სულ ჩამოწეული გვაქვს. ჩემი ქმარი ამბობს, მზე და სინათლე ავეჯს აფუჭებსო. როცა სტუმრები დერეფნიდან ბნელ სასტუმრო ოთახში შედიან, ცოტა არ იყოს, კრთებიან და რაღაცნაირი შიშის გრძნობა ეუფლებათ.
იყო ერთი, ჩვენთან ყოველ კვირას მოდიოდა, თითქმის დღემდე - დაბალი, წითური ახალგაზრდა კაცი, რომელსაც პერანგის მანჟეტებიდან ასევე წითური, ხვეული თმა უჩანდა. მოდიოდა ცოლზე სალაპარაკოდ, რომელიც ბანკის დირექტორის საყვარელი ყოფილა. თავიდან, როცა ცოლზე ლაპარაკს იწყებდა, ნერვები ეშლებოდა, ავეჯს მუშტებს ურტყამდა და თან ყვიროდა. შავ დღეში იყო, ანუ ბანკში რომ სამუშაო ადგილი შეენარჩუნებინა, თავი ისე უნდა მოეჩვენებინა, თითქოს ცოლისა და დირექტორის ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა. ეს ძალიან აწუხებდა, რის გამოც ძილიც გაჰქრობოდა და ჭამის სურვილიც.
მარიომ ბიჭს საიმედო ვარიანტი მოუძებნა. წყნარი, დამაჯერებელი ხმით დიდხანს ელაპარაკა და ვახშმად დარჩენაზეც დაითანხმა. ასე, პრობლემურ საკითხზე სალაპარაკოდ უფრო მეტ დროს გამონახავდნენ. ამ ბიჭის სტუმრობა ჩვენს სახლში ზედიზედ სამი დღე მაინც გაგრძელდა. ბოლოს, ეს მკრთალი და ბრაზიანი ადამიანი დამშვიდდა და სახეც შეუვარდისფერდა.
- თვალებში მოწყენილობა კიდევ ეტყობა, მაგრამ მე გავუქრობ. შენ, მარჩელა, ერთი გემრიელი ყავა მოგვიმზადე. აქედან საბოლოოდ რომ წავა, მინდა, უკეთესობისკენ იყოს შეცვლილი.
მარიომ ლაპარაკი ისე კარგად და დამაჯერებლად იცოდა, დიდ გავლენას ჩემზეც კი ახდენდა. ის ბიჭი დაარწმუნა, რომ დირექტორი მხოლოდ თანამდებობის პირი კი არ იყო, არამედ ანგელოზიც.
- ანგელოზს შეუძლია ადამიანურ სიბინძურეში ხელის გასვრა? - რიტორიკული კითხვა დაუსვა მარიომ.
- არა, მაგრამ რომ არ იყოს ანგელოზი?
- როგორ, ამდენ ხანს ტყუილად გიმკურნალე? ამდენი გელაპარაკე მის ჰუმანურობაზე და შენ კიდევ არ გჯერა ჩემი? მეგონა, უკვე ყველაფერი გესმოდა!
- კი, მაგრამ ზოგჯერ ეჭვი მეპარება...
- ეჭვები სუსტებს ახასიათებთ. ძლიერ მამაკაცს ეჭვი არასოდეს ეპარება. ის მყარად აზროვნებს და ჰარმონიულად, გაწონასწორებულად მოქმედებს. მისი გული, თავი, ღვიძლი და ნაწლავებიც კი მისივე ქმედებებთან ჰარმონიაში უნდა იყოს. ხომ ხარ ამაში დარწმუნებული?
- მგონი, კი.
- კარგი. მაშინ მე კიდევ ერთხელ გკითხავ: ანგელოზი შეიძლება იყოს ადამიანების ხელის შემშლელი?
- არა, რა თქმა უნდა.
- მართლაც, ანგელოზი ანგელოზია. სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს. ხელი რასაც უნდა დაადოს და სადაც უნდა იყოს, ყოველთვის სიკეთე, ბედნიერება და სიწმინდე აღმოცენდება.
- ის შეიძლება ანგელოზია, მაგრამ ჩემი ცოლი რომ არ არის, ნამდვილად ვიცი.
- კი, შენი ცოლი ანგელოზი არ არის, მაგრამ დირექტორთან ურთიერთობა კარგის