1 ნისლისაგან თითქმის წაშლილ გზას აჩქარებით მივუყვები. მშრალი და ავი ქარი სუნთქვას მიკრავს, ქუთუთოებს მახუჭვინებს. სადა ვარ? — ვეკითხები საკუთარ თავს, — და საით მივდივარ? მგონი, ვიცანი, ჩემგან მარცხნივ გაყოლებაზე ხვიარით დაფარული, კიდეებჩამომტვრეული აგურის ყორე და გზა, რომელიც იმ სკოლისაკენ მიდის, სადაც მე ვასწავლი. ორი მეტრის იქით ვეღარაფერს ვხედავ. ქარისა და ნისლის კედელს შეჭიდებული, წინ წვალებით მივიწევ. მოულოდნელად, ლამის ვეჯახები გოგონას, რომელიც მკვირცხლად მიაბიჯებს და წითელ პალტოში ჩაფუთნულს, გრძელი და თეთრი კისერი მოუჩანს. პირს ვაღებ, რომ ვუთხრა: მაპატიეთ-მეთქი და გვერდი ავუქციო, მაგრამ გაოცებული ვჩერდები, ვაკვირდები წითელ პალტოს, კეფაზე ცხენის კუდივით გამოკრულ წაბლისფერ თმას — რამდენიმე უწესრიგოდ გამოშვერილი ქერა ლოკონს, ცოტა აცაბაცა, რწევით სიარულს და... კი მაგრამ, ეს ხომ ჩემი ქალიშვილია?! — და ვეძახი: „მარტინა!“ ვხედავ, შუა ტროტუარზე მყისიერად ჩერდება, თითქოს ქვა მესროლოს.
გოგონა ჩემკენ აბრუნებს თავს და ღიმილით, ისე, რომ ტუჩებს არ ამოძრავებს, მაკვირდება. არა, მარტინა არ არის, — ვფიქრობ იმედგაცრუებული. არადა, რაღაცით ჰგავს, მაგრამ რითი? აჰ, რა თქმა უნდა, სიარულით: გოგონა მარტინასავით ადგამს ნაბიჯებს, მე რომ ხუმრობით „ბატიფეხურს“ ვეძახდი: ფეხის წვერებით განზე, მტკიცე, მაგრამ ცოტა მოღრეცილი ნაბიჯებით. დიდი თვალები აქვს, გაურკვეველი ფერისა, არც მთლად მწვანე და არც ცისფერი. მეჩვენება თუ დამცინის, მიწვევს? ვერ გამიგია. ნათელი მზერა აქვს და შეუპოვარი, იმ პატარა გოგონასი, ზრდასრულად რომ მოაქვს თავი. პატარა ალისა, გავიფიქრე, და თვალწინ წარმომიდგა საოცრებათა ქვეყნის გოგონა, სარკეებს მიღმა რომ უჩინარდება და ყველაზე ღრმა ჭაშიც კი უშიშრად ეშვება.
ის იყო, დავაპირე მეთქვა: დღე მშვიდობისა-მეთქი, როგორც ჩემს ქალიშვილს ვეუბნებოდი ხოლმე, როცა დილაობით ვარდისფერ კიმონოში გახვეულს ვხედავდი და მოწიწების ნიშნად, მოუქნელად და ბურატინოსებურად მოხრილი, ასე ვესალმებოდი: „დღე მშვიდობისა, პატარა ქალბატონო, მოვემზადოთ სკოლაში წასასვლელად?“ — რომ ვხედავ, ისევ მაქცევს ზურგს და მოყავისფრო ჩანთის ქნევით, მტკიცე ნაბიჯით მშორდება, ცხენის კუდი კი თეთრ კისერზე უხტის. ენით აუწერელმა სინაზემ გული ამითრთოლა და ყელში მომებჯინა. მინდა დავედევნო, შევაჩერო, ვკითხო, სად მიდის, რა ჰქვია, რატომ დააბიჯებს ზუსტად ჩემი ქალიშვილივით მაშინ, როცა იგი ჩემი მარტინა არ არის.
ყვირილით გამეღვიძა: უეცარმა შავმა ჩრდილმა წაშალა სილუეტი, რომელიც მხიარული თავდაჯერებით ჩემ წინ მიაბიჯებდა. მოსწავლე გოგონას სხეულის ნაცვლად თეთრი და შავი ჩიტების მჩხავანა გუნდი წამომადგა, აქეთ-იქით რომ აწყდებოდა, წრიულად დაფრინავდა და ხორხისმიერ ბგერებს გამოსცემდა.
ვდგები და სააბაზანოში თვალდახუჭული გავრბივარ, პეშვს პირსაბნის ონკანს ვუშვერ, წყალი ჯერ ცხელი გადმოსჩქეფს, მერე გაყინული. ეს მე ვარ, ამ დილით ხელები რომ გახეშეშებული ცომივით მეფშვნება, თუ წყლის გამანაწილებელია გაფუჭებული? თვალს სარკეს ვუსწორებ და გამხდარ კაცს ვხედავ, მოჩვენებებით დამძიმებულს, წვერში ნაადრევად ჭაღარაგამორეულს, დასიებული თვალის უპეებით, ყურებზე მიწებებული წაბლისფერი თმით, ისეთი გაფართოებული თვალის გუგებით, გეგონება, მთელი ღამე გახელილი დარჩენოდეს.
პიჟამაში ვდგავარ და წვერის საპარს ქაფს ვისხურებ. მინდა, ეს ნაცრისფერი ბეწვები მოვიშორო, მოხუცად რომ მაგრძნობინებს თავს. სამართებელს ვიღებ და გაპარსვას ვიწყებ; ვამჩნევ, რომ ხელი მიკანკალებს. რა ჯანდაბა მემართება დღეს?!
ინფორმაციის მოსასმენად რადიოს ვრთავ. უგულისყუროდ ვუსმენ ახალგაზრდა მამაკაცის მელანქოლიურ ხმას, გადასახადებსა და გაფიცვებზე რომ გვაუწყებს; მაგრამ მოულოდნელად რაღაცა ჩემს ყურადღებას იპყრობს. სპორტული ამბების შემდეგ, ანუ რადიოჟურნალის უკანასკნელი ამბების გადმოცემის შემდეგ, ქალის ხმა დაკარგული გოგონას შესახებ იუწყება:
„დღეს, 2 ოქტომბერს, პატარა ქალაქ ს.-ს გარეუბანში, რომელსაც პოცობასო ჰქვია, სახლიდან გავიდა და ჯუზეპე მაცინის სახელობის სკოლიდან ასიოდე მეტრის მოშორებით მდებარე გზაზე უგზო-უკვლოდ დაიკარგა გოგონა. ეცვა წითელი პალტო და თეთრი რეზინის ჩექმები. ამის შესახებ ბავშვის დედამ უკვე აცნობა პოლიციას“.
მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, ლოყა რომ გავიჭერი, როცა სარკეში წითელი ქაფი დავინახე. პირსაბანში სამართებელი გავავლე, ხელები საგულდაგულოდ შევიმშრალე და ვეცადე, რაც შეიძლება სწრაფად ჩავბღაუჭებოდი რადიოლას, რომელიც სააბაზანო ოთახის რაფაზე მედო. ყური ახლოს მივიტანე: „გაიმეორე, გთხოვ, გაიმეორე, ეს ოხერი!“ მაგრამ ხმამ სხაპასხუპით ჩაამთავრა ინფორმაცია და მოსალოდნელ ავდარზე განაგრძო ლაპარაკი.
აბაზანის კიდეზე ვჯდები და ვცდილობ, ზუსტად გავიხსენო, რა გადმოსცეს: ნამდვილად თქვეს, რომ გოგონა დაიკარგა, როცა იგი პატარა ქალაქ ს.-ს, ჩემი ქალაქის გარეუბანში მდებარე სახლიდან ჯუზეპე მაცინის სახელობის სკოლისაკენ, — ჩემი სკოლისაკენ მიმავალ გზაზე გავიდა და იქამდე არ მიუღწევია. ამის თაობაზე წერილობითი განცხადება დედამ პოლიციაში დაუყოვნებლივ შეიტანა.
პირი დავაღე. სიზმარი ჯერ ისევ მკაფიოდ მახსოვდა: გოგონას წითელი პალტო ეცვა, თეთრი ჩექმები არ შემიმჩნევია, მაგრამ