თავი I მამა და ქალიშვილი, აი ისინიც: მამა - ქერა, ლამაზი, მოღიმარი; ქალიშვილი - მოუქნელი, ჭორფლიანი, გაუბედავი; მამა - წარმოსადეგი, მოუწესრიგებელი, ჩაჩაჩული წინდებით, გარდიგარდმო ჩამოცმული პარიკით, ქალიშვილი - ამარანტისფერ კორსეტში გამოკვართული, რაც მის ცვილისფერ კანს მეტ სიფერმკრთალეს სძენს.
გოგონა სარკეში ადევნებს თვალს მამას, რომელიც იხრება, წვივებზე თეთრ წინდებს ისწორებს. მისი ტუჩები მოძრაობენ, მაგრამ სიტყვების ჟღერადობა გოგონას არ ესმის, ვიდრე მის ყურებამდე მიაღწევს, იკარგება, თითქოს ეს ხილული მანძილი, რომელიც მათ ყოფს, მხოლოდ ოპტიკური ილუზია იყოს. არადა, ახლოს დგანან, ათასი მილი კი აშორებთ.
გოგონა გაფაციცებით უთვალთვალებს მამის ტუჩებს, რომლებიც ახლა სწრაფად მოძრაობენ. თუმცა არ ესმის, მაგრამ იცის, რასაც ეუბნება: რომ ქალბატონ დედასთან გამოსამშვიდობებლად დროზე მივიდეს; რომ მერე მამასთან ერთად ეზოში ჩავიდეს; რომ ეტლში დროზე ჩაჯდეს, რადგან, როგორც ყოველთვის, იგვიანებენ.
ამასობაში რაფაელე კუფა, რომელიც casena-ში ("კაზენა" - თავდაპირველი მნიშვნელობაა "ნიშა". წინამდებარე რომანში აღნიშნავს XVIII საუკუნის სიცილიელი არისტოკრატის სოფლის რეზიდენციას ან ქალაქგარეთ ვილას (ყველა შენიშვნა მთარგმნელისაა)) ყოფნისას მელასავით მსუბუქი და ფრთხილი ნაბიჯებით მოძრაობს, ახლა დუკა სინიორეტოს უახლოვდება და აწვდის ტირიფის წნელისაგან მოწნულ განიერ კალათას, საიდანაც თეთრი ჯვარი მოჩანს.
დუკა ხელის მსუბუქი მოძრაობით კალათას სახურავს ხდის. მის სხვა ჩვეულ მანერებს შორის ქალიშვილი კარგად ცნობს ამ მოძრაობას, როცა გაღიზიანებული მოისვრის ხოლმე ისეთ საგნებს, რომლებიც თავს აბეზრებენ. იმ მოდუნებულ და მგრძნობიარე ხელს საგულდაგულოდ დაუთოებულ ტანსაცმელზე შეივლებს, ვერცხლის ცივი ჯვრის შეხებაზე გააჟრჟოლებს, კალათაში მონეტებით სავსე ქისას თვალს ჩაჰკრავს და სწრაფად გადის გარეთ. ნიშანზე რაფაელე კუფა ნაჩქარევად ხურავს კალათას. ახლა ისღა რჩება, ცხენები პალერმოსაკენ გააჭენონ.
ამასობაში მარიანა მშობლების საწოლი ოთახისაკენ გარბის; იქ დედა ხვდება, ლოგინზე მისვენებული; ფაფუკი მაქმანებიანი ღამის პერანგი ცალ მხარზე გადმოსცურებია; ხელის თითებით მომინანქრებული სათუთუნე ჩაუბღუჯავს.
თაფლში ამოვლებული დაქუცმაცებული თამბაქოს სიმყრალეზე, ზამბახის სურნელოვანი აბების, ვარდის ზეთის, ჩამჯდარი ოფლისა და შემხმარი შარდის ნაირ-ნაირ სუნში რომ არეულა, შეცბუნებული გოგონა წამით შეყოვნდება.
დედა ზანტი მოძრაობით ქალიშვილს გულთბილად იხუტებს. მარიანა ხედავს, როგორ მოძრაობენ ტუჩები, მაგრამ სიტყვების გამოსაცნობად თავს ძალას არ ატანს. იცის, რასაც ეუბნება: გზა მარტომ არ გადაჭრას, თორემ ეტლი ისე გაჭყლეტს, სიყრუის გამო მის მოახლოებასაც ვერ გაიგებს; კიდევ, ძალღებს მოერიდოს, დიდებსაც და პატარებსაც. კუდებს, თავადაც კარგად იცის, იგრძელებენ, წელზე ახვევენ ადამიანებს, როგორც ქიმერებმა იციან, იმ ორკაპა წვერს ჩაგარჭობენ და ტკაპ, ისე გაგათავებენ, აზრზეც ვერ მოხვალ...
გოგონა ერთი წამით მზერას ქალბატონი დედის მსუქან ნიკაპზე, ნატიფხაზებიან ულამაზეს ტუჩებზე, გლუვ და ვარდისფერ ლოყებზე, გულუბრყვილო, მორჩილ და სადღაც შორეთში მომზირალ თვალებზე აჩერებს: ასეთი არასოდეს გავხდები, არასოდეს, - ეუბნება თავს, - თუ გინდა, მოვკვდე!
ქალბატონი დედა განაგრძობს საუბარს ქიმერა ძაღლებზე, რომლებიც გველებივით იწელებიან, ულვაშებით გიღიტინებენ, ავი გამოხედვით გაჯადოებენ, მაგრამ გოგონა მას უკვე ნაჩქარევად კოცნის და გარბის.
ბატონი მამა უკვე ეტლში ზის, მაგრამ, ყვირილის ნაცვლად, მღერის, რასაც ქალიშვილი იმის მიხედვით ხვდება, თუ როგორ ებერება ყვრიმალები და უთამაშებს წარბები. როგორც კი ეტლის საფეხურზე ფეხს შედგამს, გრძნობს, შიგნიდან როგორ წაავლებენ ხელს და სავარძელზე მოადენინებენ ზღართანს. ეტლის კარი შიგნიდან ჯახანით იხურება. და ცხენები პეპინო კანაროტას შოლტზე დაიოთხებიან.
გოგონა რბილ სავარძელზე მიესვენება და თვალებს ხუჭავს. ზოგჯერ ორი ძირითადი შეგრძნება, რომლებსაც ყველაზე მეტად ვენდობით, იმდენად მძაფრი და ფხიზელია, რომ ისინი სასოწარკვეთილად ებრძვიან ერთმანეთს. თვალებს პირველობა სურთ, რათა დასრულებულ ფორმებს მთელი სისრულით ფლობდნენ, ხოლო ყნოსვა, თავის მხრივ, ჩემულობს, მთელი სამყარო ხორცის იმ პაწაწა ნახვრეტში გაატაროს, რითაც ცხვირის წვერი ბოლოვდება.
ახლა მარიანამ ქუთუთოები დახარა, თვალები რომ ცოტა ხნით დაასვენოს და ნესტოებმა ჰაერის შესუნთქვა დაიწყეს, თან ისრუტავენ და მუყაითად ახარისხებენ სუნებს: როგორი თავნებაა რძიანას წყალი, რომლითაც ბატონი მამის ჟილეტია გაჟღენთილი! ქვეშიდან კი იგრძნობა ამოფრქვეული ბრინჯის ოდეკოლონის სურნელი, რომელიც გაპოხილი სკამებიდან ადენილ, გაჭყლეტილი ტილების მჟავე სუნში, ფანჯრების ღრიჭოებიდან შემოღწეული გზის მტვრის ღიტინსა და პალაგონიას სახლის მდელოებიდან მოღწეულ პიტნის სურნელებაში ირევა. უცაბედად, სხვა დანარჩენებთან შედარებით, უფრო ძლიერი შეჯანჯღარება იძულებულს ხდის, თვალი გაახილოს. ხედავს მამას, რომელსაც მოპირდაპირე სკამზე სძინავს; სამკუთხა ქუდი მხარზე ჩამოვარდნია; პარიკი ლამაზ, ოფლიან შუბლზე ჩამოფხატვია; ქერა წამწამები კი ახლახან გაპარსულ ლოყებზე ფაქიზად დაჰფენია.
მარიანა გადასწევს მაჭრისფერ ფარდას, რომელზეც მოოქროვილი არწივებია ამობურცული; ხედავს გზის ამტვერებულ მონაკვეთს და ბატებს,