ავტორის შესახებ "სეიგანის კვლევებმა მეცნიერება მთელი პლანეტის მასშტაბით შეცვალა. მისი ღვაწლი კაცობრიობის წინაშე განუზომელია", – ნათქვამია აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის განცხადებაში, რომელიც კარლ სეიგანის სიკვდილის შემდეგ, მისთვის უმაღლესი ჯილდოს მინიჭებისას გავრცელდა.
კარლ სეიგანი (1934-1996), ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი, ფიზიკის მაგისტრი, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დოქტორი და გენეტიკის დარგის მკვლევარი გახლდათ.
600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სტატია, 20-ზე მეტი წიგნი (ავტორი, თანაავტორი ან რედაქტორი) სეიგანის მოღვაწეობას მხოლოდ ნაწილობრივ თუ ასახავს. იგი წლების განმავლობაში დევიდ დუნკანის ფონდის პროფესორი და კორნელის უნივერსიტეტის პლანეტათა შესწავლის ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო. სეიგანმა გადამწყვეტი როლი შეასრულა "მარინერის", "ვიკინგის", "ვოიაჯერისა" და "გალილეოს" კოსმოსური აპარატებით განხორციელებული ექსპედიციების მომზადებასა და ხორცშესხმაში; ნასამ მას საგანგებო ჯილდო მიანიჭა გამორჩეული მეცნიერული მიღწევებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის (ორჯერ).
სეიგანის სამეცნიერო სერიალი "კოსმოსი", ორი "ემისა" და "პიბოდის" პრემიების ლაურეატი, აშშ-ის სატელევიზიო მედიის ისტორიაში ყველაზე ბევრმა მაყურებელმა ნახა. ამ ფილმის თანმხლები წიგნი, რომელსაც ავტორმა ასევე "კოსმოსი" უწოდა, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბესტსელერია.
სეიგანმა ეგზობიოლოგიის განვითარებისა და არამიწიერი ინტელექტის ძიების ხელშეწყობისთვისაც (პროექტი SETI) უდიდესი შრომა გასწია. თორმეტი წლის განმავლობაში იგი პლანეტური კვლევების ჟურნალის, "იკარუსის" მთავარი რედაქტორი იყო. იმ წვლილისთვის, რომელიც დოქტორ სეიგანს მეცნიერების, ლიტერატურის, განათლების განვითარებასა და გარემოს დაცვის საქმეში მიუძღვის, იგი დაჯილდოვდა პულიცერის პრემიით, ორსტედის მედლითა და ა. შ., ასევე, ამერიკის კოლეჯებისა და უნივერსიტეტების ოცდაორი სხვადასხვა საპატიო ხარისხით. სეიგანის კალამს ეკუთვნის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნები: "ედემის დრაკონები", "ბროკას ტვინი", „ მკრთალი ლურჯი წერტილი “ და სხვ.