თავი 1 - კაცი, რომელიც კითხვებს სვამდა
სოკრატე და პლატონი
დაახლოებით 2400 წლის წინ, ერთი კაცი, რომელიც მეტისმეტად ბევრ კითხვას სვამდა, ათენში სიკვდილით დასაჯეს. ამ ქალაქში ფილოსოფოსები მანამდეც ენახათ, მაგრამ სასიკვდილო განაჩენი მხოლოდ სოკრატესთვის გამოეტანათ. არადა, თუკი ფილოსოფიას მფარველი წმინდანი ჰყავს, ეს სწორედ რომ სოკრატეა.
ცხვირპაჭუა, ტანმორჩილი, ჭარბწონიანი, შეუხედავი და, ცოტა არ იყოს, ხუშტურიანი სოკრატეს ჩარჩოებში მოქცევა შეუძლებელი იყო. უსახური და არცთუ იშვიათად დაუბანელი, ღვთაებრივი ნიჭითა და ბრწყინვალე გონებით გამოირჩეოდა. ათენში ყველა დაგიდასტურებდათ, რომ მისი ბადალი ამქვეყნად არვინ ეგულებოდათ და, ალბათ, ვერც ვერასდროს დაიგულებდნენ. ის ერთადერთი იყო და განუმეორებელი, თუმცა, იმავდროულად, უკიდურესად თავშემაწყენელიც გახლდათ. საკუთარ თავს თვითონაც იმ მაწუხელა ბუზად აღიქვამდა, მწარედ რომ იკბინება და თავს გაბეზრებს, მაგრამ დიდს ვერაფერს გაკლებს. თუმცა ათენში ყველა ასე როდი ფიქრობდა. ზოგს ის უყვარდა, ზოგს კი მიაჩნდა, რომ მისი მავნე ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანი თავს საფრთხეში იგდებდა.
ყმაწვილკაცობაში მამაცი ჯარისკაცი ბრძანდებოდა და პელოპონესის ომში (კაცი, რომელიც კითხვებს სვამდა) სპარტელებსა და მათ მოკავშირეებს ებრძოდა. მერე კი, დაკაცებული, ბაზრის მოედანზე დაფრატუნობდა, დროდადრო ხალხს აჩერებდა და უხერხულ კითხვებს უსვამდა. სულ ეს იყო. მის მიერ დასმული კითხვები სამართებელივით ბასრი გახლდათ და სიმწვავით გამოირჩეოდა. ეს კითხვები თავიდან მარტივი ჩანდა, მაგრამ მთლად ასეც არ იყო.
ამის მაგალითად შეგვიძლია ევთიდემუსთან (სოკრატეს პლატონისეული დიალოგების პერსონაჟი) მისი საუბარიც დავასახელოთ. სოკრატე ეკითხება, სიცრუე უზნეობად უნდა შევრაცხოთ თუ არაო. რასაკვირველიაო, მიუგებს ევთიდემუსი. მისი აზრით, ეს ცხად-ნათელი იყო. მაგრამ, შენმა სასოწარკვეთილმა მეგობარმა თავის მოკვლა რომ დააპიროს, შენ კი დანა გამოსტყუო, ამაზე რას იტყვიო, ჩაეკითხება სოკრატე. ესეც ხომ სიცრუეა, მაგრამ ზნეობრიობის თვალსაზრისით, ამგვარი საქციელი განა უფრო გამართლებული არ არის, ვიდრე გაუმართლებელიო? ეს ცუდი კი არა, კარგია, თუმცა სიცრუეაო. დიახო, კვერი დაუკრა შეცბუნებულმა ევთიდემუსმა. სოკრატემ, რომელმაც საპირისპირო თვალსაზრისის დასამტკიცებლად გონივრული მაგალითი მოიყვანა, თვალსაჩინო გახადა, რომ ევთიდემუსის ზოგადი განაცხადი, სიცრუე უზნეობად უნდა შეირაცხოსო, ყოველთვის როდი გამოხატავდა ჭეშმარიტებას. ევთიდემუსი აქამდე ამაზე არ დაფიქრებულა.
სოკრატე კვლავაც ამხელდა ბაზრის მოედანზე მოყიალე ადამიანების უმეცრებას. სინამდვილეში, მათ არ იცოდნენ ისეთი რაღაცები, რაც ეგონათ, რომ იცოდნენ. მაგალითად, არმიის სარდალი ერთობ თავდაჯერებით იწყებდა ლაპარაკს, რაკიღა სწამდა, რომ იცოდა, თუ რას ნიშნავდა „სიმამაცე“, მაგრამ როგორც კი სოკრატეს გვერდით ოციოდე წუთს დაყოფდა, გვარიანად შეცბუნებული გაერიდებოდა იქაურობას. მსგავსი რამ, როგორც ჩანს, შფოთიან განცდებს ბადებდა. სოკრატეს უყვარდა იმ სამიჯნო ნიშნის გამომზეურება, რომელსაც ხალხი ჭეშმარიტად გაისიგრძეგანებდა, უყვარდა იმ ამოსავალი დებულებების ეჭვქვეშ დაყენება, რომლებზეც მათ თავიანთი ცხოვრება დაეშენებინათ. საუბარი, რომლის დასასრულსაც ყველა გაიაზრებდა საკუთარი ცოდნის სიმწირეს, მისთვის წარმატების საწინდარი იყო. აბა ის სჯობდა, დაუეჭვებლად გეწამა, რომ რაღაცაში გაცნობიერებული იყავი მაშინ, როდესაც არაფერიც არ გაგეგებოდა?!
იმხანად ათენელი მდიდრები შვილებს სოფისტებთან აგზავნიდნენ სასწავლებლად. სოფისტები კეთილგონიერი მასწავლებლები იყვნენ და სტუდენტებს მჭევრმეტყველების ხელოვნებას აზიარებდნენ. ამისთვის ძალზე დიდ გასამრჯელოს ითხოვდნენ. სოკრატე კი არაფერს ითხოვდა თავისი შრომის საფასურად. აეჩემებინა, თავად არაფერი ვიცი და სხვას რა ვასწავლოო. თუმცა ეს სულაც ვერ აკავებდა იმ მოსწავლეთა ნაკადს, რომელთაც მისი მოსმენა ეწადათ. სოფისტებს კი მისი საუბრები გულზე დიდად არ ეხატებოდათ.
ერთხელაც, მისი მეგობარი ქეროფონი, დელფოს სამისნოს აპოლონის ტაძრის მისანს (ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი რელიგიური ცენტრი ანტიკურ ქალაქ დელფოში – ორაკული, სადაც ორაკულები, მისნები, პითიები, ექსტაზის მდგომარეობაში ყოფნისას, გასცემდნენ სინათლისა და ხელოვნების ღმერთ აპოლონისგან მიღებულ წინასწარმეტყველურ ინფორმაციას.) ეწვია. მისანი ბრძენი ხანდაზმული ქალი გახლდათ – სიბილა, რომელიც სტუმრების მიერ დასმულ კითხვებს გამოცანის ფორმით უპასუხებდა. როდესაც ქეროფონმა ჰკითხა, სოკრატეზე ბრძენი ამქვეყნად თუ გეგულებაო, არა, სოკრატეზე ბრძენი არსად მეგულებაო, მიუგო მან.
ქეროფონმა სოკრატეს ეს ამბავი რომ უამბო, მან თავიდან არ დაიჯერა. ამ სიახლემ, ცოტა არ იყოს, ააფორიაქა კიდეც. როგორ შეიძლება, ესოდენ მწირი ცოდნით, ათენის ბრძენთა ბრძენად ვირაცხებოდეო, უკვირდა. მერე კი წლები შესწირა ხალხის გამოკითხვას იმის დასადგენად, ეგულებოდათ თუ არა სადმე მასზე ბრძენი ადამიანი. ბოლოს კი გააცნობიერა, რას გულისხმობდა მისანი და ისიც გაიაზრა, რომ სიმართლეს ღაღადებდა. ბევრს ეხერხებოდა რაღაცის კეთება: დურგალს – დურგლობა, ჯარისკაცს – ბრძოლა, მაგრამ მათში წამლადაც არ ერია თუნდაც ერთი ჭეშმარიტი ბრძენკაცი. მათ მართლაც არაფერი გაეგებოდათ იმისა, რის შესახებაც ლაპარაკობდნენ.
სიტყვა „ფილოსოფოსი“ ბერძნულიდან იღებს სათავეს და „სიბრძნის სიყვარულს“ ნიშნავს. დასავლური ტრადიცია ფილოსოფიაში, რომელიც ამ წიგნშიცაა გაზიარებული და რომელიც, ალაგ-ალაგ, აღმოსავლეთიდან წამოსული იდეებითაა ნაკვები,