ქალისა და დედის დიალექტიკა
ანი ერნო წერს დედამისზე, მაგრამ გაფართოებული ხედვის ფოკუსით: ის წერს დედაზე არა მარტო როგორც დედაზე, არამედ დედაზე, როგორც ქალზე, რომელსაც ვერ ხედავდა, სანამ ის ცოცხალი იყო. სწორედ დედის სიკვდილი და სიკვდილამდე მისი ტრაგიკული მსხვრევა გახდა ის მიზეზი, რომელმაც მწერალი იმ ჰორიზონტის წინაშე დააყენა, სადაც დედის, როგორც ქალის, სილუეტი სრულად გამოჩნდა. ანი ერნო გაჰყურებს სწორედ ამ ჰორიზონტს, დედამისის ქალური ცხოვრების პერსპექტივას, და წერის საშუალებით ახდენს კონკრეტული ფიგურის რეკონსტრუქციას.
მე არ ვწერ ბიოგრაფიას, არც რომანს, - წერს ანი ერნო, - „შესაძლოა ესაა რაღაც ლიტერატურის, სოციოლოგიისა და ისტორიის კვეთაზე“:
ლიტერატურა - რამდენადაც ის წერს სიტყვებით და ცდილობს სიტყვებით მივიდეს სიმართლემდე, სინამდვილემდე. სიტყვაა მისი მთავარი იარაღი და არა ფოტო, არა მოგონება, არა მონაყოლი. სიტყვაა ის, რაც მას იხსნის ამბის ტყვეობისგან, შთაბეჭდილების ტყვეობისგან, გრძნობების ტყვეობისგან. თუმცა მისი მასალა სწორედ ესაა: ამბავი, მოგონება, ფოტო, შთაბეჭდილება, გრძნობა...
სოციოლოგია - იმიტომ, რომ ეს, ამავე დროს, არის ოჯახის, საზოგადოების (სტრუქტურირებულის) ამბავი, „დომინირებულთა“, როგორც წერს მწერალი, თავგადასავალი.
და ისტორია - იმიტომ, რომ ეს არის ამბავი, ეს არის თხრობა, ეს არის ის, რაც დამთავრდა, მაგრამ საბოლოოდ უნდა დამთავრდეს ლიტერატურული აზრით, უნდა დაიწეროს (წერის ამოცანა!), რადგან წერის მიღმა ანი ერნო, რომელიც გამოსულია დედამისის სამყაროდან, ვერ გამოვა მისგან ბოლომდე, ვერ გაწყვეტს მასთან ბოლო ძაფს, ვერ დაიბადება... ამდენად, წერა ერნოსთვის გარკვეულწილად დაბადების, დედიდან საბოლოოდ გამოსვლის (მაგრამ არა დედის უარყოფის, არამედ მისი სრულად მიღების) ტოლფასია. დედიდან საბოლოოდ გამოსვლა კი, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, გულისხმობს უცნაურ ინვერსიას, რომელიც წერით უნდა განხორციელდეს - ქალიშვილის მიერ დედის, როგორც ქალის, „მშობიარობას“: „[...] დედაზე იმიტომ ვწერ, რომ ახლა მე ვიმშობიარო ის“.
და მაინც, ვინ იყო ქალი, რომელმაც ანი ერნო შვა?
„ის იყო სიცოცხლით სავსე“, „ცეცხლივით ქალი“, სოციალური ამბიციის მქონე, ქარხნის მუშა, ვინც ახალგაზრდობაში ცდილობდა, ყველას მიეჩნია „ყველანაირად კარგ გოგოდ“, და ოცნებობდა, ჰქონოდა თავისი მაღაზია... ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობდა, „ვაჭარი დედა“, ვისთვისაც უპირველესი საგანი იყო კლიენტი - მისი (და მისი ოჯახის) მკვებავი. ქალი უხეში ქცევის და მეტყველების, დედა, რომლის მანერების რცხვენოდა ანი ერნოს მოზარდობის წლებში, ვინაიდან „გამომწვევი“ ეჩვენებოდა (თვალს არიდებდა მას, როცა ბარძაყებშუა ჩაჭერილ ბოთლს თავსახურს უხეშად ხსნიდა); დედა, რომელიც მოურიდებლად ულაწუნებდა სილას სახეში, ეძახდა „გომბიოს“ და „გულისამრევს“, მაგრამ, ამავე დროს, „თოჯინას“ და გულში იკრავდა; ქალი, რომელსაც ქალიშვილზე ამოსდიოდა მზე და მთვარე და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მას ჰქონოდა უკეთესი ცხოვრება და უფრო ბედნიერი ყოფილიყო, ვიდრე თავად იყო.
ის იყო დედა, რომელიც ყველაფერზე მეტად აფასებდა ცოდნას და წიგნი საკრალურის სიმაღლეზე აჰყავდა (საგანგებოდ იბანდა ხელებს, ვიდრე წიგნს გადაშლიდა), მაგრამ, ამავე დროს, ქალი, რომელსაც აკლდა განათლება, არ ესმოდა იმის, რასაც სწავლობდა მისი ქალიშვილი, ვერ ედგა გვერდში მას განათლებულთა სამყაროში... ქალი, რომელსაც, როცა მისი ქალიშვილი განათლებულთა წრეში გათხოვდა, ეშინოდა, არ მოეძულებინათ ის, როგორც „უხეში“, „უკულტურო“ და „უსარგებლო“. ქალი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ცდილობდა, შეექმნა სარგებელი, რათა ასე დაემკვიდრებინა ადგილი სამყაროში - ის იყო უფრო მეტად გამცემი, ვიდრე მიმღები - და ასე გადაეხადა ხარკი იმ ადგილისთვის, რომელიც ეჭირა ოჯახში, საზოგადოებაში, და ადგილისთვის თავისი ქალიშვილის ოჯახში... ქალი, რომელმაც ბოლომდე იცხოვრა სხვებისთვის, იცხოვრა საფრანგეთის პერიფერიულ ქალაქში, მაგრამ თვითგვემას კი არ მიეცა (მიუხედავად აგრესიისა, რომელსაც ხშირად ავლენდა), არამედ ტკბებოდა კიდეც ცხოვრებით - სხვებთან კომუნიკაციით, საუბრითა და მოსმენით, ნათესავებით (რომლებსაც ასევე უფრო მეტს აძლევდა, ვიდრე იღებდა მათგან), კლიენტებით, გაზეთებით, ხელსაქმით და თავისი ქალიშვილით... ქალი, რომელიც მუდამ იმას ცდილობდა, ჰყვარებოდა ყველას და ჰქონოდა ღირსეულის სახელი. ამბიციური ქალი, რომელსაც სურდა, გარშემომყოფებს სცოდნოდათ, რას მიაღწია მისმა ქალიშვილმა, რომ ის გავიდა ქვედა, მუშათა სამყაროდან და ამაღლდა განათლებულთა, დომინანტთა დონემდე...
ქალი, რომელიც ცხოვრების ბოლოს სიმარტოვის ზღვარს გასცდა: გაუუცხოვდა სამყაროს, საკუთარ თავს, უსაყვარლეს ქალიშვილსა და შვილიშვილებს, თავის ნივთებს, თავის ყოველდღიურ, ფიზიოლოგიურ რუტინას... ქალი, რომელსაც დაემართა ალცჰაიმერი და დაკარგა გონება, მეხსიერება, გრძნობები, სრულად დაემსხვრა იდენტობა; მასში გამოჩნდა „ცხოველური“, როგორც მისი ქალიშვილი ანი ერნო წერს...
ანი ერნო იყო ის, ვინც ბოლო წლებში ზრუნავდა დედაზე, აცნობიერებდა დედის მსხვრევის შეუქცევადობას. სულ უფრო ნაკლები დედა რჩებოდა სამყაროში ამ ქალისაგან, რომელიც იყო ერთადერთი ქალი, „მართლაც რაღაცას რომ ნიშნავდა“ მის