ანი ერნოს კლინიკური რეალიზმი და ქალისა და დედის პატრიარქალური დიქოტომია 2022 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ანი ერნო. კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეს მწერალი კლინიკური სიმძაფრით აღწერს მოვლენებს.
ამ ნაწარმოების სათაური ბრჭყალებშია ჩასმული. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ავტორის დედამ, ბლანშ დიუშენმა, ალცჰაიმერის დაავადებისაგან გამოწვეული გართულებებითა და ემბოლიით რომ გარდაიცვალა, ეს სიტყვები მიაწერა ფურცლის ნაგლეჯზე სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე: „კვლავ ჩემი წყვდიადის ტყვე ვარ“. ერნოს თქმით, ეს იყო უკანასკნელი ფრაზა, რომელიც დედამისმა დაწერა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, სათაურშივე უკვდავეყო დასნეულებული, დაუძლურებული, ჰალუცინაციებითა და ზმანებებით გატანჯული ქალის სიკვდილისწინა სიტყვები.
ავტორის სტილის კიდევ ერთი თავისებურებაა ის, რომ ძალზე ხშირად სვამს ბრჭყალებში იმ სიტყვებს, რომელთაც, ერთი შეხედვით, არ სჭირდება ბრჭყალები, რადგან არც ირონიული ელფერი აქვს და არც სხვის ნააზრევს გადმოსცემს, თუმცაღა, ავტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ გრაფიკულ ნიშანს.
სულისშემძვრელი სიწრფელე და პირდაპირობაა ის, რაც გამოარჩევს ამ ავტორს. არ თამაშობს, არ თვალთმაქცობს, არ გვიხატავს იდეალური ყოფის ამსახველ ცრუ სურათებს. გულშიჩამწვდომად აღწერს დედის სიცოცხლის უკანასკნელ წლებს, მის დაუძლურებას, დაჩაჩანაკებას, მეხსიერების დაქვეითებას და ვერაგი სენის სამარადისო ტრიუმფს. მართლაც კლინიკური სიზუსტითა და სიმძაფრითაა გადმოცემული თითოეული დეტალი. ამ წიგნში ვერ იპოვით ტრადიციულ, ყალბ, ფარისევლურ, პატრიარქალურ-სექსისტურ სადღეგრძელოებს. ავტორი არ აიდეალებს დედის ხატს, არ უძღვნის დითირამბებს შრომით დამაშვრალ ქალს, არ განადიდებს მის დამჭკნარ ხელებს, ნაღვლიან თვალებს, შარავანდედით არ მოსავს ოჯახისა და საზოგადოებისათვის მსხვერპლად შეწირულ მის ცხოვრებას. სრულიად უცხოა მისთვის ამგვარი ცრუ სენტიმენტალიზმი და პათეტიკა.
ქალი და დედა – ეს ორი ხატება მკვეთრად უპირის‑ პირდება ერთმანეთს. დედა პატრიარქატისაგან ჩაგრული, კათოლიკური მორალის მარწუხებში მომწყვდეული, ფრთაშეკვეცილი ქალია, მას აბსოლუტურ ბოროტებად მიაჩნია ვნება და ხორციელი სიამე, რადგან ბავშვობაში ჩაუნერგეს ეს აზრი. კონსერვატიულმა გარემოცვამ საუკუნო დაღი დაასვა. დედისა და ქალის გარდაუვალ კონტრასტს აჯანყებამდე მიჰყავს ავტორი. ერნო ამბოხებულია. ამბოხებულია და ებრძვის დედას, რადგან სურს, შემოაგლიჯოს ის წმინდა საბურველი, რომლითაც შემოსა იმ მიზოგინიურმა კულტურამ და სოციუმმა, ქალის თავისუფლებას რომ არ აღიარებს.
ანი ერნომ სიტყვით გააშიშვლა დედა, შემოაძარცვა წმინდანის მანტია და დაგვანახა ქალი, ჩვეულებრივი, ნამდვილი ქალი, ხორციელი და სულდგმული. დედისა და ქალის ორთაბრძოლა, ეს მწვავე დიქოტომია, ეს ბინარული ოპოზიცია, უთუოდ ქალის გამარჯვებით, მისი ბრწყინვალე ტრიუმფითა და დედის პატრიარქალურ-საკრალური ხატის ულმობელი მსხვრევით უნდა დასრულდეს, რამეთუ სხვაგვარად ვერ გაათავისუფლებს, ვერ დაიხსნის დედის ტყვეობაში მყოფ ქალს – ბლანშ დიუშენს, რომელსაც გააზრებული ჰქონდა, რა მოვალეობებს აკისრებდა, რა შეზღუდვებსა და აკრძალვებს უწესებდა ოჯახი და საზოგადოება, თუმცაღა, მიუხედავად ყველაფრისა, მოსვენებას არ აძლევდა მწველი ვნებები და სურვილები. სწორედ ამ ვნებიანი, სისხლსავსე, ბობოქარი, ენერგიული, სიცოცხლესა და სიყვარულს მოწყურებული ქალის საძიებლად მიეშურება ანი ერნო და იწყებს დიად ოდისეას, ესწრაფვის მშობლის შინაგან სამყაროში შთანთქმას, იძირება დედის წიაღში და შიგნიდან იწყებს მის ნგრევას. ესაა დედის, როგორც ცნების, როგორც სახე-ხატის დეკონსტრუქცია ქალის გადასარჩენად. უნდა დაამსხვრიოს, გაანადგუროს დედა და გამოძერწოს ქალი, ქალი თავისი მისწრაფებებით, ჩახშობილი ეროტიზმით, დათრგუნვილი სურვილებით, ჩაკლული ოცნებებით, ლაგამამოდებული ლტოლვით. მწერალი მძაფრად გრძნობს, რომ ეროტიზმი სჭირდება, რადგან დედამისის სხეულის ცქერისას ახსენდება დროის დინება და სიკვდილის გარდაუვალობა, მისი ცხოვრების დაკვირვებისას კი ხვდება, რომ ბლანში სულის შემხუთავი მოვალეობების ბალასტით დამძიმებული, შებოჭილი ქალი იყო და აკრძალული ჰქონდა თავისუფალ სქესობრივ ცხოვრებაზე ოცნებაც კი. ავტორისთვის ეროტიზმი არის ის, რაც ანადგურებს მორალს, დროსა და სიკვდილს. ერნო წყვეტს დედასთან დამაკავშირებელ ძაფს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მისი უარყოფა და მისგან განდგომა უნდა, არამედ იმიტომ, რომ მისი, როგორც ქალის, სულ სხვაგვარად, ახლებურად, ჭეშმარიტად, ავთენტურად, სრული სისავსით მიღება სურს. ყველაფერი თავდაყირა დგება და ხდება დიქოტომიის უჩვეულო ინვერსია – ძირფესვიანად იცვლება დედისა და შვილის როლები. ბლანში ხდება ანი ერნოს შვილი, თვით მწერალი კი მის დედად იქცევა. მისი ვალია, შვას ქალი, რომელმაც სიცოცხლე უბოძა. „იმისთვის ვწერ, რომ ვშვა დედა“, – აღნიშნავს ის.
როგორც უკვე ითქვა, ამ ნაწარმოების ვერც ერთ გვერდზე ვერ იპოვით ყალბი პათეტიკით გაჟღენთილ „სადღეგრძელოებს“ იდეალური დედის შესახებ. შემოქმედი თამამად, დაუფარავად აღგვიწერს ბლანშის ღირსებასა და ნაკლს, მის სიდიადესა და დაცემას, მის აღზევებასა და დაკნინებას, მის სიძლიერესა და წმინდად ადამიანურ სისუსტეს. ისაა ქალი, სიგიჟემდე რომ უყვარდა ანი ერნოს, მაგრამ ამ სიყვარულს შერევია რისხვა, სინანული, დანაშაულის გრძნობა, სინდისის ქენჯნა... მწერალს ენატრება ოდინდელი დედა – ბრწყინვალე, ცეცხლოვანი, მგზნებარე ქალი, რომელიც, მისივე თქმით, არაფერი იყო,