I სამშაბათს, ნასადილევს, ფერდინანდი, ჩვეულებისამებრ, დივანზე აძვრა. დივანი ძველი იყო და ერთგან ზუსტად ფერდინანდისხელა ფოსო ჰქონდა. ფერდინანდს ძალიან უყვარდა ის ადგილი. იქ წოლა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
ამ დროს შინ ათასი საინტერესო ამბავი ხდებოდა. სამზარეულოში ჭყუმპალაობისას ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ ქვაბები და თეფშები, მათ საუბარში შიგადაშიგ ერთვებოდნენ კოვზები, დანები და ჩანგლები. სხვას იქნებ ჩვეულებრივი ჩხაკუნი და წკარაწკური ჰგონებოდა, მაგრამ ფერდინანდს თითქმის მთლიანად ესმოდა ნათქვამის შინაარსი. ესმოდა, როგორ ეუბნებოდა ჯამი ჩანგალს:
„ეი, შენ! შეეშვი ჩემს ჩხვლეტას!“
ან როგორ გაჰყვიროდა სასოწარკვეთილი ჭიქა:
„სად არის ჩემი მეუღლე, ჩემი ლამბაქი?“
პატრონი გვერდით ოთახში იჯდა მაგიდასთან და სადილის შემდეგ ჩაის ბოლო ყლუპებს მიირთმევდა, ცოლი კი მასზე უამბობდა, ფერდინანდზე. ფერდინანდმა ესაო, ფერდინანდმა ისაო – უყვებოდა ამბებს, რომ იტყვიან, პირადი ცხოვრებიდან. ზოგჯერ გესიამოვნებოდა კიდეც მათი მოსმენა. მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო.
შემდეგ გაისმოდა გაზეთის შრიალი, გაწეული სავარძლის ჭრიალი და პატრონის ნაბიჯები, თანდათან სულ უფრო ხმამაღალი. როდესაც ხმა უკვე აუტანლად ძლიერდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ ფერდინანდი ოდნავ უნდა გაწეულიყო, რათა პატრონისათვის ადგილი დაეთმო. საქმე ის არის, რომ ძველი დივანი პატრონსაც ძალიან უყვარდა, ოღონდ მასზე დაწოლისას მთელ სიგრძეზე იჭიმებოდა, ნაცვლად იმისა, კოხტად მოკუნტულიყო.
– ჩაიჩოჩე, ფერდინანდ! – ეტყოდა ხოლმე პატრონი, თან გაზეთს წამოარტყამდა. – მიდი, ცოტა კიდევ ჩაიჩოჩე, თორემ იატაკზე დაწოლა მომიწევს და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდები!
ასეთ რამეს ფერდინანდი ვერ დაუშვებდა! ამიტომ კიდევ ცოტათი ჩაიჩოჩებდა ხოლმე და პატრონიც მის გვერდით წვებოდა. მაშინვე ახმაურდებოდნენ დივნის შიგნით გაბმული ზამბარებიც:
„დენგ!“
„პლინგ!“
„ბჟჟ!“
და ცოტა ხანში ისევ, როგორც კი პატრონი გაიზმორებოდა:
„პლინგ!“
„ბჟჟ!“
„დენგ!“
ალბათ, ზედმეტია იმის თქმა, რომ ფერდინანდს ზამბარების ენაც მშვენივრად ესმოდა. ზოგჯერ მათ ელაპარაკებოდა კიდეც. შეუძლებელია ამაზე უფრო უცნაური საუბრების წარმოდგენა!
პატრონი, უმეტეს შემთხვევაში, მალევე იძინებდა, ხელიდან უვარდებოდა გაზეთი, რომელიც ძალიან ხშირად აღმოჩნდებოდა ხოლმე პირდაპირ ფერდინანდის ცხვირწინ. ფერდინანდი უნებლიეთ იწყებდა კითხვას. ხომ ყველამ ვიცით, როგორც ხდება ხოლმე? სულ არა ხარ კითხვის გუნებაზე, მაგრამ უცებ ვიღაც პირდაპირ ცხვირწინ გადაგიშლის გაზეთს (მაგალითად, ტრამვაიში) და სრულიად მექანიკურად იწყებ კითხვას. ასე ემართებოდა ფერდინანდსაც.
რახან სამშაბათი იყო, გაზეთიც სამშაბათისა იყო. გაზეთები, როგორც ცნობილია, ასე იყოფა:
ორშაბათის,
სამშაბათის,
ოთხშაბათის,
ხუთშაბათის,
პარასკევის,
შაბათის
და კვირისა.
კვირისა ყველაზე სქელია. „ალბათ იმიტომ, – ფიქრობდა ფერდინანდი – რომ კვირაობით პატრონი განსაკუთრებით დიდხანს წევს დივანზე.“
ჰოდა, როგორც უკვე ვთქვი, გაზეთი სამშაბათისა იყო და ფერდინანდმა უნებლიეთ დაიწყო მისი კითხვა. ჯერ ნახა, რა გადის კინოში, რადგან პატრონს გაზეთი ისე გადაეკეცა, რომ ფერდინანდის ცხვირწინ აღმოჩნდა სწორედ ბოლო გვერდი. ბოლო გვერდზე კი საკუთარი თავის პატივისმცემელი ნებისმიერი გაზეთი ათავსებს კინოპროგრამას. მერე აფთიაქების მორიგეობის განრიგს გადაავლო თვალი. მერე – თეატრის რეპერტუარს. მერე ხვალის ამინდის პროგნოზი წაიკითხა. შეიტყო, მზე რომელ საათზე ამოდის და როდის ჩადის და ამ ღამეს რომელი საავადმყოფო მიიღებს პაციენტებს, ვინც სადილად ზედმეტი მიირთვა ან ღილი გადაყლაპა. ამ ყველაფერს რომ გაეცნო, ხმამაღლა ამოიოხრა და ღრმა ფიქრს მიეცა…
ფიქრებში იყო წასული, როცა პატრონის პირიდან მოესმა პირველი, ჯერ სუსტი და ძლივს გასარჩევი „ხრრრ!“ ფერდინანდმა ყურები ცქვიტა და შემდეგ წამს მოესმა მორიგი „ხრრრ!“, უკვე ცოტა უფრო ხმამაღლა. ეჭვგარეშე იყო – პატრონს ფერდინანდთან დალაპარაკება სურდა. ამიტომ ფერდინანდმა მაშინვე, რაც შეეძლო თავაზიანად უპასუხა პატრონს: „ვრრრ!“ პატრონმა ისევ: „ხრრრ!“, ფერდინანდმა კი ისევ „ვრრრ!“ პატრონმა „ხრრრ!“, ფერდინანდმა „ვრრრ!“ და ასე გააბეს ლაპარაკი:
– ხრრრ!
– ვრრრ!
– ხრრრ!
– ვრრრ!
– ხრრრ!
ბოლოს პატრონი გადატრიალდა და ამ საინტერესო საუბარს წერტილი დაუსვა.
ფერდინანდმა თავიდან დაიწყო გაზეთის კითხვა, მაგრამ, რაკი უკვე ყველაფერი იცოდა, მალევე მოჰბეზრდა და თვალებმოჭუტული შეაცქერდა პატრონის ფეხებს, რომელთა გვერდითაც იწვა.
„სად აღარ უვლია ამ ფეხებს! – ფიქრობდა თავისთვის. – მათ აშკარად გაუმართლა. სადაც მოეპრიანება, იქ დადის. ძალიან შორსაც რომ წავიდეს, არავინ დაუძახებს, ჩემთანო. ყველაფრის ნება აქვს.“
კიდევ უფრო მოჭუტა თვალები.
„იქნებ... – თავში ერთმა აზრმა გაუელვა – იქნებ ამ დივნიდან ავდგე, შემოსასვლელ კართან მივიდე, კიბეზე გავიდე და საკუთარ ფეხზე დადგომა ვსინჯო? საკუთარ ორ ფეხზე!“
– ფერდინანდ! – წამოიძახა უცებ, – დიდებული ვინმე ხარ!
ფრთხილად ჩაძვრა დივნიდან, პატრონი და მთვლემარე ზამბარები რომ არ გაეღვიძებინა, და ფეხაკრეფით გავიდა წინკარში. სამწუხაროდ, კარი დაკეტილი დახვდა.
მაგრამ შემთხვევა, ყოველი დიდი