ჩანაწერი S-ში პიკის საათისას. ოცდაექვსიოდე წლის ტიპს ქუდზე ლენტის ნაცვლად ზონარი უკეთია, მეტისმეტად გრძელი კისერი თითქოს ვიღაცამ გაუწელა. ხალხი ჩადის. ტიპი გვერდით მდგომს ეჩხუბება, მგზავრების გადაადგილებისას განზრახ მეჯახებიო. უნდა, რომ მისი წუწუნა ტონი შიშის მომგვრელად ჟღერდეს. როგორც კი თავისუფალ ადგილს ხედავს, მირბის და ჯდება.
ორი საათის შემდეგ იმავე ტიპს სენ-ლაზარის სადგურის წინ, რომის მოედანზე, ვხვდები. მეგობართან ერთადაა. მეგობარი ეუბნება: „პალტოზე კიდევ ერთი ღილი დაამატებინე“. უჩვენებს, სად (გულისპირზე) და რატომ.