I - დილა ნესტიანი დილა იყო. თოვლში შერეული წვრილი წვიმა მოდიოდა. უზარმაზარი, მძიმე შენობების გამო, რომლებიც ქუჩაში მოსიარულე ხალხს ჯერ კიდევ დახურული კარებიდან და დარაბებიდან დაჰყურებდა თავს, დღის ეს მონაკვეთი კიდევ უფრო უხალისო და ნაცრისფერი ჩანდა.
მარკ-ალემმა პალტო მოიცვა და სულ ზედა ღილიც კი, ყელზე რომ აწვებოდა, გულმოდგინედ შეიკრა. ნაჭედი რკინის ლამპიონებს და მათ გარშემო გაფანტულად მოფარფატე წვრილ-წვრილ ფიფქებს გახედა და იგრძნო, ჟრჟოლამ მთელ ტანში როგორ დაუარა.
პროსპექტი, როგორც ყოველთვის ამ დროს, სავსე იყო სამინისტროების თანამშრომლებით, რომლებიც, დროულად რომ მისულიყვნენ, ჩქარი ნაბიჯით მიემართებოდნენ სამსახურებისკენ. გზად ორ-სამჯერ გაიფიქრა, ხომ არ აჯობებს, ეტლით წავიდეო. მანძილი თაბირ სარაიმდე იმაზე გრძელი ეჩვენა, ვიდრე წინათ წარმოედგინა და, ამასთან, თოვლის თხელი ფენით დაფარული ტროტუარების ქვაფენილზეც ძალიან ცურავდა ფეხი.
ცენტრალურ ბანკს გაუსწორდა. ოდნავ მოშორებით, კიდევ ერთი ვეებერთელა შენობის წინ, სულ მთლიანად შეჭირხლული ეტლები ჩამწკრივებულიყვნენ; ნეტა რის სამინისტროაო, გაიფიქრა.
მის წინ ვიღაც გამვლელს ტროტუარზე ფეხი აუცურდა. მარკ-ალემს მისთვის თვალი არ მოუშორებია და დაინახა, როგორ შებარბაცდა ის დაცემის წინ. გამვლელი წამოდგა, სათითაოდ შეავლო თვალი ჯერ დალაქავებულ უსახელო მოსასხამს, შემდეგ კი იმ ადგილს, სადაც დაეცა, კბილებში გინება გამოცრა და გაშტერებული სახით განაგრძო გზა. წინ იყურეო, ისე ჩაილაპარაკა მარკ-ალემმა, რომ თავადაც ვერ მიხვდა, უცნობს უთხრა ეს თუ საკუთარ თავს.
სიმართლე ითქვას, წუხილისთვის არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. მისთვის დრო არ დაუზუსტებიათ ბიუროში მისასვლელად, იმაშიც კი არ იყო დარწმუნებული, დილას უნდა გამოცხადებულიყო თუ არა. უცბად ჩაუფიქრდა იმ ამბავს, რომ თაბირ სარაის გრაფიკის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.
შეგრძნება დაეუფლა, რომ დაბუჟებულ სახეზე კვლავაც დასთამაშებდა ის ირონიული ღიმილი, რომლითაც, როგორც ჩანს, ამ დილას გაიღვიძა. ეს უკანასკნელი ღამე იყო, როცა მას ერთი ჩვეულებრივი, უბრალო მოკვდავის ძილით ეძინა. სრულიად ეჭვგარეშე იყო, რომ ამიერიდან მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლებოდა. ამ უცნობი ჰორიზონტის პირისპირ დარჩენილი მეტისმეტ შფოთვას შეეპყრო საიმისოდ, რომ სახეზე წრფელი ღიმილი დასტყობოდა.
სადღაც მარცხნიდან ბურუსში გახვეულმა ქუჩის საათმა ჩამოჰკრა და რაღაცნაირი ბრინჯაოს ხმა გამოსცა. ნაბიჯს აუჩქარა. პალტოს ბეწვიანი საყელო უკვე აწეული ჰქონდა, მაგრამ ხელის უნებლიე მოძრაობით ისევ სცადა მისი წამოწევა. სიმართლე ითქვას, კისერში სულ არ სციოდა, უფრო გულ-მკერდის ერთ ზუსტ ადგილას დაეუფლა ეს შეგრძნება. ხელი პიჯაკის გულის ჯიბეში ჩაიყო – უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ სარეკომენდაციო წერილი მართლაც თავის ადგილას ედო.
წამით შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ქუჩაში ხალხი შეთხელებულიყო. თანამშრომლები უკვე სამსახურებში არიანო, გაიფიქრა აღელვებულმა, მაგრამ მაშინვე დაიმშვიდა თავი: თუ დაუფიქრდებოდა, მისი მდგომარეობა სრულიად განსხვავდებოდა მათისაგან. ის ჯერ არ გამხდარიყო მოხელე.
მოეჩვენა, რომ შორიდან თაბირ სარაის ერთ-ერთი ფლიგელი გაარჩია. როდესაც მიუახლოვდა, ვარაუდი დაუდასტურდა. მართლაც სასახლე აღმოჩნდა თავისი გახუნებული გუმბათებით, რომლებიც ოდესღაც ცისფრად, ან, ყოველ შემთხვევაში, მოცისფროდ მაინც იქნებოდა შეღებილი.
თითქმის უკაცრიელი წინა პატარა მოედანი გადაკვეთა, რომელზეც უცნაურად წვრილმინარეთიანი მეჩეთი აღმართულიყო. სასახლის შესასვლელი მართლაც ამ მხარეს მდებარეობდა. მისი ორივე ფლიგელი ბურუსიან თქორში იკარგებოდა; რაც შეეხება შენობის მთავარ კორპუსს, ოდნავ შიგნითკენ იყო შეწეული, გეგონება, რაღაც საფრთხის წინაშე უკან დაიხიაო. მარკ-ალემმა იგრძნო, რომ კიდევ უფრო მეტად ღელავდა. შესასვლელები ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივებულიყო, თუმცა მიახლოებისას კარები კი არა, დასველებული, ჩარაზული დარაბები დახვდა, რომლებიც, ჩანდა, დიდი ხანი იყო, არავის გაეღო.
გასწვრივ გაუყვა. თან ცალი თვალით ამ გაუქმებული შესასვლელების მწკრივს უყურებდა. სად იყო და სად არა, სიცივისგან ცხვირ– და ხელებაწითლებული ვიღაც კაპიუშონიანი კაცი გამოტყვრა.
– შესასვლელი სად არის? – ჰკითხა მარკ-ალემმა.
კაცმა ხელი მარჯვნივ გაიშვირა. მოსასხამის სახელო ისეთი ფართო ჰქონდა, რომ ხელის გაშვერისას ეს სახელო არც კი გატოკებულა. ღმერთო ჩემო, რა უცნაურად აცვიაო, გაიფიქრა მარკ-ალემმა და ამ უშველებელ სახელოში ჩაკარგული პატარა ხელით ნაჩვენები მიმართულებით გაემართა. ცოტა ხანში შორიახლოს ისევ გაიგონა ნაბიჯების ხმა. კიდევ ერთი კაპიუშონიანი მამაკაცი აღმოჩნდა.
– აქეთ მობრძანდით, – უთხრა მან, – თანამშრომლების შემოსასვლელი აქეთ მხარესაა!
მარკ-ალემს ესიამოვნა, თანამშრომელი რომ ეგონათ. როგორც იქნა, შესასვლელის წინ იდგა. კარი ძალიან მძიმე ჩანდა. ოთხი ყველანაირად ერთნაირი, ბრინჯაოს მძიმესახელურიანი კარი იყო. ერთ-ერთი შეაღო. კარი გასაკვირად იმაზე მსუბუქი გამოდგა, ვიდრე ეგონა და რაღაც გაყინულ დერეფანში შევიდა, რომელსაც ისეთი მაღალი ჭერი ჰქონდა, რომ შეგრძნება დაეუფლა, თითქოს რაღაც ორმოს ფსკერზე აღმოჩნდა. ყოველ მხარეს, მთელ სიგრძეზე, ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივებულიყო კარები. ყველა კარის სახელური სათითაოდ მოსინჯა,