თავი I
ტერფებზე სციოდა და, ყოველ ჯერზე, როცა კი დაბუჟებულ ფეხებს შეატოკებდა, ესმოდა, როგორ საწყლად უღრჭიალებდა კენჭები ლანჩების ქვეშ. სინამდვილეში საწყალი თავად უფრო იყო. ასე დიდხანს არასდროს დარჩენილიყო გაუნძრევლად, შარაგზის პირას მიწაყრილს ამოფარებული და ჩასაფრებული.
დღე იწურებოდა. შიშით, უფრო კი შფოთვით სავსემ, თოფი მოიმარჯვა და მიზანი გაასწორა. მალე ჩამობნელდებოდა და ბინდბუნდში თოფის სამიზნეს ვეღარ გაარჩევდა. ნამდვილად იქამდე ჩამოივლის, ვიდრე სიბნელე სამიზნის დანახვაში შეგიშლის ხელსო, ნათქვამი ჰქონდა მამამისს, მოთმინებით აღიჭურვე და ლოდინი ისწავლეო. თოფის ლულამ ჯერ კიდევ გაუმდნარი თოვლის ნაგლეჯებიდან აქა-იქ გაბნეული ველური ბროწეულის ხეებისკენ გადაინაცვლა, რომლებიც ჯაგნარიან გზას ორივე მხარეს მიუყვებოდნენ. ალბათ მეასედ მაინც გაიფიქრა, ეს დღე განუმეორებელია ჩემს ცხოვრებაშიო. მერე ლულამ საპირისპირო მოძრაობა მოხაზა და საწყის წერტილს დაუბრუნდა. ის, რასაც გონებაში განუმეორებელ დღეს უწოდებდა, ახლა ამ თოვლის ნაფლეთებად და ველურ ბროწეულებად ქცეულიყო, რომლებიც თითქოს შუადღიდან ელოდებოდნენ აქ, რომ ენახათ, რას გააკეთებდა.
მოსაღამოვდება და მიზანში ვეღარ ამოვიღებო, გაიფიქრა ცოტა ხნით ადრე. უნდოდა, მწუხრი რაც შეიძლება მალე დამდგარიყო. მას ღამეც სწრაფად მოჰყვებოდა და ისიც თავქუდმოგლეჯილი გაეცლებოდა ამ წყეულ საფარს. მაგრამ დრო ზლაზვნით გადიოდა და მას ლოდინის მეტი არაფერი დარჩენოდა. ცხოვრებაში მეორედ უწევდა შურის საძიებლად ჩასაფრება, თუმცა კაცი, რომელიც უნდა მოეკლა, იგივე იყო. ასე რომ, ეს ჩასაფრება ერთგვარად გაგრძელება იყო პირველისა.
ისევ იგრძნო ტერფებში ყინვა და აამოძრავა ფეხები. არ უნდოდა, მთელ ტანში გასჯდომოდა სიცივე. მაგრამ სიცივეს უკვე კარგა ხნის წინ დაეპყრო მისი მუცელი, მკერდი და თავამდეც კი აეღწია. შეგრძნება დაეუფლა, რომ ტვინის ნაწილებიც გათოშილი ჰქონდა გზის აქეთ-იქით შემორჩენილი თოვლივით.
გრძნობდა, რომ გამართული და ლოგიკურად ჩამოყალიბებული აზრიც კი ვერ მოსდიოდა თავში. მტრულად გაჰყურებდა ველურ ბროწეულებსა და თოვლის ლაქებს და დროგამოშვებით ფიქრობდა, ესენი რომ არა, ამ საფარს კარგა ხნის წინ დავტოვებდიო. მაგრამ ისინი – უძრავი მოწმეები – აქ იყვნენ და არსად არ უშვებდნენ.
მას შემდეგ, რაც ჩასაფრებული იყო, ალბათ მეოცედ მოეჩვენა, რომ გზის მოსახვევიდან ვიღაც გამოდიოდა და რომ ეს ვიღაც მისი მსხვერპლი იყო. ნელი ნაბიჯით მოიწევდა წინ, მარჯვენა მხართან თოფის შავი ლულა მოუჩანდა. გააჟრჟოლა ჩასაფრებულს. არა, ამჯერად ეს ხილვა აღარ იყო. სწორედ ის კაცი მოაბიჯებდა, რომელსაც ელოდა.
ზუსტად ისევე, როგორც წინა ჯერებზე, ჯორჯმა ლოყასთან მიიტანა თოფი და თავში დაუმიზნა. ერთხანს შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ეს თავი ეურჩებოდა და ცდილობდა, ცეცხლის ხაზს გვერდზე გასცლოდა. უკანასკნელ წამს კი მოეჩვენა, რომ კაცის სახეზე დამცინავ ღიმილს ხედავდა. ექვსი თვის წინ იგივე დაემართა და, სახე რომ არ დაემახინჯებინა (ვინ იცის, საიდან მოდის ბოლო მომენტში სიბრალულის გრძნობა?), სამიზნე ოდნავ ქვევით დაუშვა და მტერი კისერში დაჭრა.
კაცი უახლოვდებოდა. ნეტა ამჯერადაც დაჭრით არ დამთავრდეს ეს ამბავიო, თითქმის ვედრების ხმით ჩაილაპარაკა ჯორჯმა. პირველ დაჭრაზე მისიანებმა ძლივძლივობით გადაიხადეს ჯარიმა და ახლა მეორე ჭრილობა სულ მთლად გააკოტრებდა ოჯახს. თუკი, პირიქით, გასროლა სასიკვდილო აღმოჩნდებოდა, გადასახდელიც აღარაფერი ექნებოდათ.
ამასობაში კაცი უფრო ახლოს მოსულიყო. ჯობს, საერთოდ ავაცდინო, ვიდრე დავჭრაო, გაიფიქრა ჯორჯმა. ისევე, როგორც ყოველ ჯერზე, როცა წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ უახლოვდებოდა კაცი, ახლაც გააფრთხილა მსხვერპლი გასროლის წინ. თუმცა ვერც მაშინ მიხვდა და ვერც მერე გაიხსენა, ხმამაღლა დაუძახა თუ ყელში გაეჩხირა სიტყვები. მთავარი ის იყო, რომ კაცმა სწრაფად მოიხედა მისკენ. ჯორჯმა შენიშნა, როგორ გააპარა კაცმა მხარზე გადაკიდებული თოფისკენ ხელი, და ესროლა. მერე თავი ასწია და გაოგნებულმა დაინახა, როგორ გადმოდგა მკვდარმა ნაბიჯი (კაცი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, მაგრამ ჯორჯი დარწმუნებული იყო, მოვკალიო), როგორ დაუვარდა თოფი ერთ მხარეს და როგორ გაიშხლართა თვითონ მეორე მხარეს.
ჯორჯი საფარიდან გამოვიდა და მსხვერპლისკენ გაემართა. გზა უკაცრიელი იყო. მხოლოდ მისი ნაბიჯის ხმა ისმოდა. მკვდარი პირქვე ეგდო. ჯორჯი დაიხარა და ხელი მხარზე დაადო, თითქოს უნდოდა, გაეღვიძებინა. ამას რას ვაკეთებო, გაიფიქრა. ისევ ჩაავლო ხელი მკვდარს მხარში, თითქოს უნდოდა, გაეცოცხლებინა. რატომ ვაკეთებ ამასო, ისევ გაიფიქრა. და მაშინვე მიხვდა, რომ მისკენ მარადიული ძილიდან გამოსაღვიძებლად კი არ დაიხარა, არამედ იმიტომ, რომ გულაღმა ამოებრუნებინა. უნდოდა, ადათ-წესებს დამორჩილებოდა და მეტი არაფერი. ყველაფრის მოწმე ველური ბროწეულები და ირგვლივ მიმოფანტული თოვლის ლაქები ისევ იქ იყო.
წამოიმართა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ გაახსენდა, რომ მოკლულისთვის მისივე თოფი თავზე უნდა დაედო.
ყველა ეს მოძრაობა ისე შეასრულა, თითქოს სიზმარში ყოფილიყოს. გული ერეოდა