* * * თხუთმეტი წლის ვიყავი, როდესაც „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ ჩამივარდა ხელში და ჩემთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მესამე კლასიდან მოყოლებული ძალიან ბევრს ვკითხულობდი, მაგრამ ეს წიგნი იყო პირველი, რომელმაც ჩემი გულის სიღრმემდე ჩააღწია, შიში და მოწიწება მაგრძნობინა. ნუთუ შესაძლებელი იყო, რომ ამ ნაწარმოების ავტორს, მაია ენჯელოუს, ზუსტად ისეთივე ცხოვრებისეული ისტორიები, ისეთივე განცდები, მისწრაფებები და სამყაროსეული აღქმა ჰქონოდა, როგორიც მე, ერთ საბრალო, შავკანიან მისისიპელ გოგოს?
პირველივე გვერდიდან მომნუსხა:
„რად მიყურებ ასე? დიდხანს
არ ვაპირებ აქ დგომას.
გინახულე, რომ გისურვო
ბედნიერი აღდგომა“.
ბავშვობაში ეკლესიაში სწორედ მე წარმომათქმევინებდნენ ხოლმე სააღდგომო და ასევე, საშობაო ლექსების კუპლეტებს. სწორედ მე ვიყავი გოგო, რომელსაც კითხვა ასე ძალიან უყვარდა; რომელსაც სამხრეთელი ბებია ზრდიდა; რომელიც ცხრა წლისა გააუპატიურეს და ამის შესახებ სიტყვა არ დაუძრავს. მივხვდი, რა მიზეზით იცავდა მდუმარების აღთქმას მაია ენჯელოუ წლების მანძილზე.
მის ყოველ სიტყვას ვებღაუჭებოდი.
ყოველი გვერდი იმ მიგნებებითა და შეგრძნებებით იყო სავსე, რომელთა გამოთქმაც ჩემს ძალას აღემატებოდა. ვფიქრობდი, აი, ქალი, რომელიც მიცნობს, მიგებს. „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ ჩემს თილისმად იქცა. მოზარდობის პერიოდში ჩემ გარშემო ყველას ჩავჩიჩინებდი, ეს წიგნი წაეკითხა. მისი ავტორი ჩემი საყვარელი მწერალი, ჩემი შორეული კერპი გახდა.
ვიცი, ღმერთის ხელი ერია იმაში, რომ ათი წლის შემდეგ მე, დამწყებ რეპორტიორს, დამავალეს ინტერვიუ ჩამომერთმია მაია ენჯელოუსთვის, რომელმაც ის-ის იყო ლექცია ჩაატარა ბალტიმორის ერთ-ერთ კოლეჯში.
– პირობას გაძლევთ, – დავუჟინე, – პირობას გაძლევთ, რომ თუ გამესაუბრებით, ხუთი წუთის მეტს არავითარ შემთხვევაში არ წაგართმევთ.
პირობის თანახმად, ზუსტად 4 წუთისა და 58 წამის მერე ოპერატორს ვუთხარი: „გადაღებულია!“ სწორედ ამ დროს მაია ენჯელოუმ თავი ჩემკენ შემოატრიალა, გვერდზე გადახარა და თვალებაციმციმებულმა ღიმილით მკითხა: – ვინ ხარ შენ, გოგონი?
ჩვენ შორის ჯერ მეგობრული განწყობა გაჩნდა, მერე კი განუყრელ მეგობრებად ვიქეცით. და ბოლოს, როცა იგი გამომიტყდა, რომ თავის ქალიშვილად მიმიჩნევდა, მივხვდი, ოჯახი ვიპოვე.
ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, უინსტონ-სალემში, ველი როუდზე მდებარე სახლის სამზარეულოში ვიჯექი და ვუსმენდი, როგორ კითხულობდა ლექსებს, ჩემი ბავშვობის ლექსებს, პოლ ლოურენს დანბერის პოეზიას – „შავკანიანი, თვალებციმციმა პატარა ბავშვი“. ეს ჩემი საყვარელი ადგილი იყო: სამზარეულოს მაგიდას ვუჯექი, ან მაიას მივუცუცქდებოდი ფეხებთან, ანდა კალთაში ჩავუდებდი თავს და ხმამაღლა, მთელი გულით ვიცინოდი. ხარბად ვისრუტავდი მთელ მის ცოდნას, ყველაფერს, რისი სწავლებაც შეეძლო: მის მომხიბვლელობას, სიყვარულს, რომლითაც მასთან ყოფნისას მუდამ სავსე მქონდა გული. იშვიათად მომხდარა, რომ მაიასთან სატელეფონო საუბრისას თან ჩანაწერები არ მეკეთებინოს. „როდესაც სწავლობ, ასწავლე“, – ხშირად ამბობდა ხოლმე იგი, – „როდესაც იღებ, გაეცი“. მე გულმოდგინე შეგირდი ვიყავი, მისგან ყოველთვის და ყველაფერს ვსწავლობდი ჩვენს ბოლო საუბრამდე, რომელიც მისი სიცოცხლის უკანასკნელ შაბათდღეს შედგა. „მე ხომ ადამიანი ვარ, – გამუდმებით იმეორებდა ხოლმე, – არაფერი ადამიანური არ მეუცხოვება.“
მაია ენჯელოუ წერდა ისე, როგორც ცხოვრობდა. მას ესმოდა, რომ საკუთარი თავის შესახებ სიმართლის გაზიარება აახლოვებდა დიდსა და ზოგადსაკაცობრიო – სწრაფვის, უარყოფის, უსაფრთხოების, იმედის, გაოცების, წინასწარზრახვის, საიდუმლოებისა და რაც მთავარია, თვითაღმოჩენის სიმართლესთან; სიმართლესთან, რომლის საშუალებითაც ადამიანი არკვევს, ვინ არის სინამდვილეში და როგორია ის თავისუფლება, რომელიც სიყვარულს მოაქვს. და ამ ორივე მარადიული სიმართლის შესახებ მისი ცხოვრების პირველ ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებშია მოთხრობილი.
ძალიან მიხარია (და დარწმუნებული ვარ, მასაც გაუხარდებოდა), რომ მკითხველთა მთელი ახალი თაობა გაეცნობა მაია ენჯელოუს ცხოვრების ისტორიას, რომელიც მათ საკუთარი ბიოგრაფიის შექმნის ძალას მისცემს.
არა აქვს მნიშვნელობა პირველად კითხულობთ ამ ამბავს (როგორც მე მრავალი წლის წინ) თუ ძველ მეგობართან დაბრუნდით (ასეთი შეგრძნება მაქვს ახლა, როდესაც კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს ამ გვერდებს), შეამჩნევთ, რომ ასეთი ახალგაზრდაც კი, მაია გვთავაზობს მოტივს, რომელიც წითელ ხაზად გასდევს მთელ წიგნს, მოტივს, რომელიც მის სირინოზის ძახილად, იმ მანტრად იქცა, რომელიც მის ყველა საუბარში, ლექსში, ნამუშევარსა და რაც მთავარია, ცხოვრებაში ჰპოვებს გამოძახილს.
ის ამაყად, გაბედულად და ხშირად ამბობდა:
„ჩვენ კი უფრო ვგავართ ერთმანეთს, ვიდრე განვსხვავდებით“.
სწორედ ეს სიმართლე ხსნის, თუ რატომ გვიჩნდება თანაგანცდა, რატომ გვერხევა სულის სიმები ყველა ჩვენგანს, როდესაც გალიის ჩიტი გალობს.
ოპრა უინფრი
ცნობილი ამერიკელი
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი