ნაწილი 1
პატარა რომ ვიყავი, მშობლებმა ქვიშის ყუთი მიყიდეს. ლურჯად და ყვითლად აჭრელებულ ქვიშის ყუთს კუთხის სკამებიც ჰქონდა ჩამოსაჯდომად. ისეთი კოხტა არასდროს ვყოფილვარ, რომ თამაშის დროს სკამზე წამოვსკუპებულიყავი, ამიტომ თან „ქეარ ბეარზის“ პატარა ნიჩაბს და სათლს მივათრევდი და პირდაპირ ქვიშაზე ვჯდებოდი. საათობით ვიყავი თამაშში გართული და მამა ხუმრობდა კიდეც, ერთ დღესაც ეს ბავშვი თავს სხვა ქვეყანაში ამოყოფსო. მეც ხშირად წარმოვიდგენდი, ვითომ გვირაბი გამყავდა და იმ ჯადოსნურ მიწაზე ვხვდებოდი, სადაც ყველაფერი კაშკაშებდა და თავდაყირა იდგა. იქ ადამიანებს ფართოფარფლებიანი ქუდები ეხურათ და ფერად-ფერადი ტანსაცმელი ეცვათ, თანაც იმ უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ, რომელიც მხოლოდ მე მესმოდა. ქვიშის ყუთში მოთამაშეს ფოტოც მაქვს გადაღებული, რომელიც დედას თავის საძინებელში უდევს, ვერცხლისფერ ჩარჩოში ჩასმული. მე კამერას შევყურებ – მუქი ფერის ხვეული თმა მაქვს და ლოყებშეფაკლული ყურებამდე ვიღიმი. აქეთ-იქით ქვიშის გროვები ჩანს, მე კი ნიჩაბს ვიქნევ. უკან მამა ერთ-ერთ კუთხის სკამზე ზის და ჩემკენ სასაცილო გამომეტყველებით იხრება. იდეალური სურათია – ფოტოგენური ბავშვი მოსიყვარულე მამასთან ერთად. დღემდე ყველას გონებაში ისე ვყავარ ჩაბეჭდილი, როგორადაც იმ ფოტოზე ვარ შემორჩენილი. აი, ამგვარად: კასანდრა უილსონი, თექვსმეტი წლის, მეჩვიდმეტეში გადამდგარი, ტკბილი, ჩუმი და თავდაჭერილი გოგონა, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა და რა გზით იაროს. სხვები ამგვარად აღმიქვამენ, მე კი, როცა სარკეში ვიხედები, არ ვიცი იქიდან ვინ მიცქერს. ხშირად მგონია, რომ ის, ვისაც სარკეში ვხედავ, ჩემი გონების კარნახით არ ლაპარაკობს. სახეზე გადაფენილი ღიმილი მიადვილებს გავექცე მზრუნველობით დასმულ კითხვებს. და არც ჯადოსნურ ქვეყანაში მოხვედრაზე აღარ ვოცნებობ – დიდი ხნის წინ გავიგე, რომ იდეალური სამყარო არ არსებობს.
* * *
ოთხშაბათ დილით პროფესიულ მრჩეველთან მაქვს შეხვედრა. ბატონ პრეტს, ჩვენს მრჩეველს, თვალები გადმოცვენაზე აქვს – მუდმივად გაოგნებული ჩანს ჩვენი დანახვით, თითქოს შეხვედრა წინასწარ არ გვქონდეს შეთანხმებული. ამ კაცს სულ სამი პერანგი და ამდენივე ჰალსტუხი აქვს, რითაც სხვადასხვა კომბინაციის შექმნას ცდილობს – ხან ლურჯ ჰალსტუხს იკეთებს მწვანეზოლებიან პერანგთან, მერე ყავისფერ ჰალსტუხს წითელ კუბოკრულ პერანგს უხდენს, ხანაც მწვანე ჰალსტუხს შეურჩევს ლურჯ პერანგს და ა.შ. სამივე ჰალსტუხი მოქსოვილია და მეტისმეტად გრძელი, ამიტომ შარვალში აქვს ხოლმე ჩატანებული. მის პროფესიონალიზმს რაც შეეხება – ნამდვილი ქარაფშუტაა. მაგალითად, შუა სემესტრში ახსენდება, რომ თურმე მათემატიკის საგანი უნდა გაგვევლო საკლასო წლის დასახურად. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ერთი დადებითი თვისებაც აქვს – თავის მოსწავლეებზე ნამდვილად გული შესტკივა. როგორც მსმენია, ერთხელ თურმე მთელი ღამით დარჩენილა საავადმყოფოში მოხვედრილ მეცხრე კლასელთან, რომ ეს გოგონა და მისი მშობლები გაემხნევებინა. აი, თავდადებაც ამას ჰქვია! თუმცა, არც ისეთი დაკვირვებულია, როგორც თავად ჰგონია – სხვებივით ისიც მხოლოდ ჩემს ნიღაბს ხედავს, მე კი ვერ მამჩნევს. დღევანდელი შეხვედრაც ამის დასტურად გამოდგება.
– აბა, კას, რისთვის მოსულხარ?! – ასე იწყებს ჩემთან ლაპარაკს.
– დილა მშვიდობისა, ბატონო პრეტ! – ყალბი ღიმილით ვესალმები. – როგორ ხარობენ თქვენი მცენარეები!
ისიც ღიმილით მპასუხობს, შემდეგ თავისი მაგიდისკენ იხრება და პატარა ბოთლით მცენარის თხევად სასუქს მიჩვენებს, რომელსაც „საოცარი ზრდა“ ჰქვია.
– შენი რჩევა გავითვალისწინე, – ჩურჩულით ამბობს და აქეთ-იქით ისე იხედება, თითქოს ყველგან მებაღე-ჯაშუშები იყვნენ ჩასაფრებული, – მართლა კარგი რამ არის. მადლობელი ვარ შენი!
ბოთლს მაგიდის უჯრაში მალავს. მხიარულად ვუღიმი და ველი, როდის განაგრძობს თავის მცენარეებზე ლაზღანდარობას. დილაობით ბატონი პრეტის კაბინეტი სუსტად არის განათებული (თუმცა, თავად ხშირად ამბობს ხოლმე, შუადღის მზე ადგებაო), და ახლა ამ მკრთალ შუქზე მტვრისნაწილაკები ცეკვავენ. საოცარი სანახავია – შევყურებ მათ და მახსენდება, რომ ბალეტის გაკვეთილებზე რამდენიმე წელი დამატარებდნენ. მიყვარდა ცეკვა – ციდან ვარსკვლავებს ვერ ვწყვეტდი, მაგრამ იმდენად ნიჭიერი მაინც ვიყავი, რომ მამას ჩემით ეამაყა. რეპეტიციაზე ყოველთვის მას მივყავდი, არცერთ ჩვენს კონცერტს არ ტოვებდა, ექვსის რომ შევსრულდი, „მაკნატუნას“ ბილეთებიც იშოვა, თანაც პირობა ჩამომართვა, რომ ცეკვას მას მერეც განვაგრძობდი, რაც... ეჰ, რას ვიზამთ. სამწუხაროდ, ბალეტის გაკვეთილები ძვირი ჯდებოდა და როცა წამოვიზარდე, გავაცნობიერე, ჯობდა დედას ფული ამაში არ გაეფლანგა. ისედაც გვიჭირდა. მე კი არ ვაპირებდი, ცეკვა საკუთარ საქმიანობად მექცია. დედა მეუბნებოდა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მაინც გატარებ ბალეტზეო, მაგრამ აღარ მეხალისებოდა ცეკვა, თანაც თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ბოლოს, როცა გამოვაცხადე, რომ არქეოლოგობას ვაპირებდი, კარგი საბაბიც მომეცა – სამეცადინო ბევრი მქონდა, ბზრიალ-ტრიალში დროს ვეღარ დაკარგავდი. დედას გული დასწყდა, თუმცა