თავი პირველი აპრილის მიწურულს, ერთ დღეს, გაკვეთილებს შორის შესვენებაზე, პენალი გავხსენი და ფანქრებს შორის სამკუთხად დაკეცილი ქაღალდი ვიპოვე.
ფურცელი გავშალე, მაინტერესებდა, რა იყო.
„მე და შენ უნდა დავმეგობრდეთ“.
ეს იყო და ეს. მექანიკური ფანქრით გამოყვანილი წვრილი ასოები თევზის ფხებს წააგავდა.
ფურცელი სწრაფად დავკეცე და უკან, პენალში ჩავაცურე. ღრმად ჩავისუნთქე, ერთი წამით შევჩერდი და მერე, ვითომც არაფერი, საკლასო ოთახში მიმოვიხედე. ჩემი კლასელები, როგორც ყოველ შესვენებაზე, ღლაბუცობდნენ და ყმუოდნენ. ვეცადე, დავმშვიდებულიყავი, სახელმძღვანელოები და რვეულები რამდენჯერმე გავასწორე და ფანქარს წვერი აუჩქარებლად წავუთალე. ამასობაში, სკამები იატაკზე გახრჭიალდა, კლასში მასწავლებელი შემოვიდა და გაკვეთილი დაიწყო.
ის ფურცელი ალბათ უშნო ხუმრობა იყო, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ამდენი წლის მერე ჩემს კლასელებს ასეთი მარჯვე ხრიკი საიდან მოაფიქრდათ. გონებაში ამოვიოხრე და ჩვეულ წყვდიადში ჩავიძირე.
ფანქრების პენალში მხოლოდ ის პირველი წერილი აღმოვაჩინე. დანარჩენები ჩემი მერხის ქვეშ, შიდა მხარეს მხვდებოდა ხოლმე აკრული, ისეთ ადგილას, სადაც ხელით ადვილად მივაგნებდი. რამდენჯერაც ახალ წერილს ვიპოვიდი, ჟრუანტელი მივლიდა. ოთახში ფრთხილად მიმოვიხედავდი, რომ არავის შევემჩნიე, მაგრამ სულ მეჩვენებოდა, რომ ვიღაც ჩემს რეაქციას მაინც იჭერდა. უცნაური შფოთვა მიპყრობდა და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი.
„გუშინ, რომ წვიმდა, რას აკეთებდი?“
„მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში რომ შეგეძლოს წასვლა, სად წახვიდოდი?“
საფოსტო ბარათის ზომის ფურცლები, ხელით მიწერილი მარტივი შეკითხვებით. წერილების წასაკითხად ყოველთვის ტუალეტში გავრბოდი. კი გადავყრიდი, მაგრამ არ ვიცოდი, სად გადამეგდო, ამიტომ მუქი ლურჯი ბლოკნოტის ყდაში ვტენიდი.
რაც წერილების მიღება დავიწყე, თითქოს არაფერი შეცვლილა.
თითქმის ყოველდღე ნინომია და დანარჩენები ან მაიძულებდნენ, მათი ზურგჩანთები მეტარებინა, ან პანღურს მირტყამდნენ ისე, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო, ან თავში დიქტოფონებს მირახუნებდნენ, ან მათი ბრძანებით აქეთ-იქით დავრბოდი. მაგრამ წერილები არ წყდებოდა და თანდათან უფრო და უფრო დაგრძელდა. გამომგზავნი არასდროს ახსენებდა ჩემს სახელს და არც ხელს აწერდა ბოლოში, მაგრამ როცა კალიგრაფიას კარგად დავაკვირდი, ეჭვი გამიჩნდა, რომ ავტორი ნინომია ან მისი ბიჭები კი არა, შეიძლება სულ სხვა ვინმე ყოფილიყო. მაგრამ ვიცოდი, ეს სულელური აზრი იყო და ყველა დანარჩენმა ფიქრმა ჩემში ის იმდენად ჩაახშო, რომ თავს კიდევ უფრო უარესად ვგრძნობდი.
ამავდროულად, ყოველ დილას ახალი წერილის ძებნა მოკრძალებულ რიტუალად გადამექცა. სკოლაში ისეთ დროს მივდიოდი, როცა კლასში არავინ იყო, სიჩუმე იდგა და ჰაერში მხოლოდ ნავთის მსუბუქი სუნი იგრძნობოდა. მსიამოვნებდა იმ პატარა ბარათების კითხვა. ყოველთვის ვუშვებდი, რომ ეს შეიძლებოდა მახე ყოფილიყო, მაგრამ ამ წერილებს ჰქონდა რაღაც, რის გამოც, თუნდაც ცოტა ხნით, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი მთელი ჩემი გასაჭირის მიუხედავად.
მაისის პირველ რიცხვებში, არდადეგების დაწყებამდე, მორიგი წერილი მივიღე: „შენი ნახვა მინდა. სკოლის მერე შემხვდი. ხუთიდან შვიდამდე აქ ვიქნები“. ქვემოთ თარიღი და მარტივი, ხელით ნახატი რუკა დამხვდა. წერილი იმდენჯერ გადავიკითხე, თვალი რომ დამეხუჭა, სიტყვები მაინც თვალწინ მედგა. მთელი დღე ვფიქრობდი, რა მექნა. შესვენებებზეც გონება მხოლოდ ამ ფიქრებით მქონდა მოცული და საბოლოოდ თავი ამტკივდა და მადაც დამეკარგა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ როცა დათქმულ ადგილას მივიდოდი, ნინომია და დანარჩენები იქ დამხვდებოდნენ და როგორც არასდროს, ისე მცემდნენ. დანახვისთანავე შემომეხვეოდნენ, წლის ბოლო თამაშში წარმატებას ჩემზე აღნიშნავდნენ და მშვენივრად მოილხენდნენ. მე კი უარეს დღეში ჩავვარდებოდი.
მაგრამ ამ მონაწერის უბრალოდ თავიდან ამოგდებაც არ შემეძლო.
როცა შეხვედრის დრო დადგა, ისეთი აფორიაქებული ვიყავი, ვერაფრით ვმშვიდდებოდი. კლასში მთელი დღე ნინომიასა და მისი მეგობრებისთვის თვალი არ მომიშორებია, მაგრამ მათ ქცევაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ვერ აღმოვაჩინე. საბოლოოდ, ერთ-ერთმა შემამჩნია.
– ეი, რას მომაშტერდი? – მითხრა და სასკოლო ჩუსტი გამომიქანა. ჩუსტი სახეში მომხვდა და ძირს დავარდა. აიღეო, მიბრძანა და ასეც მოვიქეცი.
დღის ბოლოს უკვე ეკლებზე ვიჯექი და ნერვიულობისგან გულისრევის შეგრძნება მიტევდა. ბოლო გაკვეთილის დამთავრებისთანავე სახლისკენ გავვარდი და თითქმის მთელი გზა სულ სირბილით გავიარე. მივრბოდი და თან ჩემს თავს ვეკითხებოდი, იქ წასვლას მართლა თუ აპირებ და, საერთოდ, რა ჯანდაბას აკეთებ-მეთქი. მაგრამ რამდენიც უნდა მეფიქრა, დაზუსტებით მაინც ვერ ვიტყოდი. ვგრძნობდი, რომ, რომელი ვარიანტიც უნდა ამერჩია, მაინც ცუდად მომიბრუნდებოდა.
შინ დავბრუნდი. დედაჩემი დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. დამინახა, გამარჯობაო, მითხრა და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. მეც მივესალმე. ტელევიზორიდან ახალი ამბების ხმა ისმოდა. ეს ერთადერთი ხმა იყო, რომელიც მისაღებში ჟღერდა. სხვა ოთახებში სიჩუმე იდგა, როგორც ყოველთვის.
– მთელი დღე სამზარეულოში ვტრიალებდი, – მითხრა დედამ.
მაცივრიდან გრეიპფრუტის